სსმა ტრენინგს "სოციალური უნარების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში“ მართავს

13, 14 და 15 ივნისს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მართავს ტრენინგს „სოციალური უნარების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში“. ტრენინგი იმართება პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა“ ფარგლებში , რომელიც ხორციელდება ჩეხურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. ტრენინგი უტარდებათ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო) გრანტიორ ორგანიზაციებსა და ასევე, მათი მომსახურების მომხმარებელი ახალგაზრდების ნაწილს. ტრენინგი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან (სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო) თანამშრომლობით. ტრენინგის ძირითადი მიზანია, მხარი დაუჭიროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის იმ გრანტიორ ორგანიზაციებს, რომელთა პროექტები მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის ზრდასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე. აღნიშნული ტრენინგის ნაწილი მიეწოდება შერეული შესაძლებლობების მქონე ჯგუფს (ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათი მომსახურების მომხმარებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს), რაც, თავისთავად, საქართველოს რეალობაში საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით მწირი გამოცდილების გამდიდრებაში ამ ტრენინგით მცირე წვლილს შევიტანთ.

ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით, სოციალური უნარების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ უნარების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის ამაღლებისთვის.

3–დღიანი ტრენინგი ერთ–ერთი ღონისძიებაა ზემოაღნიშნულ პროექტში, რომელიც 2015–2017 წლებში ხორციელდება. ტრენინგის შედეგად იგეგმება შემუშავებული მასალებისა და სახელმძღვანელოების სრული პაკეტის გადაცემა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის. აღნიშნული პროექტის ერთ–ერთი მიზანია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარება, რათა ცენტრმა მომავალში თავად შეძლოს მსგავსი (და მათ შორის, შერეული შესაძლებლობის მქონე მონაწილეებზე გამიზნული) ტრენინგების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან იგეგმება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტიორი ორგანიზაციების დამატებითი მხარდაჭერა მათი შესაძლებლობების განვითარებისა და მათი მომსახურების დახვეწის მიზნით. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების საბოლოო მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმებისუნარიანობის ამაღლებაზე მიმართული სხვადასხვა მომსახურების გამოცდა და მიღებული შედეგებისა და რეკომენდაციების სახელმწიფო უწყებებისთვის მიწოდება, რათა ამ კუთხით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებში ამ რეკომენდაციების ინსტიტუციური ასახვა მოხდეს.