ასოციაციის თავმჯდომარე კახეთის რეგიონის წევრებსაც შეხვდა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე კახეთის რეგიონის წევრებს შეხვდა თელავში. კოლეგებმა განიხილეს პროფესიული მიღწევები, გამოწვევები, ახალი მომსახურებების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.  

სოციალურმა მუშაკებმა თქვეს, რომ გამორჩეულად ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია და World Vision. ასევე აღნიშნეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის - ბატონი ჯემალ ბაღათრიშვილის თანადგომა ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ყველა წევრის სახელით დიდ მადლობას ვუცხადებთ მათ გულითადი თანამშრომლობისათვის, იმისათვის, რომ მათ ესმით, რეგიონში სოციალურად მოწყვლად ადამიანთა სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში სოციალური მუშაკების მხარდაჭერის მნიშვნელობა! 

კახელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს საოცარი შემთხვევები, რომლებიც მათ მიღწევებს ააშკარავებს. გადავწყვიტეთ ჩვენს ვებ გვერდზე სისტემატიურად გამოვამზეუროთ კოლეგებისათვის საამაყო შედეგები, რაც საზოგადოებას მისცემს საშუალებას გაიაზროს სოციალური მუშაობის არსი, პროფესიის როლი საზოგადოების კეთილდღეობაში. 

















კახელი კოლეგებისათვისაც უდიდეს გამოწვევად რჩება პროფესიული მანდატის აღსრულებაში ხელშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა: არასახარბიელო სამუშაო გარემო, რომელიც მათ ზღუდავს სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდებაში - სოციალურ მუშაკებს არ ეძლევათ ინტერვიუირების, საკონსულტაციო მუშაობის ჩატარების საშუალება პროფესიული სტანდარტის დაცვით, რადგან არ არსებობს ცალკე სივრცე, სადაც ისინი ბენეფიციარს შეხვდებოდნენ; ტრანსპორტირების პრობლემები, ბიუროკრატიული ფუნქციების სიჭარბე, რაც მათ აღარ უტოვებს დროს უშუალო პროფესიული მოვალეობის აღსრულებისათვის. მათ ხაზი გაუსვეს კრიზისული დახმარების პროგრამის მოქნილობის გაზრდის აუცილებლობას. კოლეგებმა განიხილეს სოციალური მუშაკის ამჟამინდელი ფუნქციების განტვირთვის შესაძლებლობა, გაიაზრეს როგორ არის შესაძლებელი ზოგიერთი ფუნქციისაგან სოციალური მუშაკების განთავისუფლება. ამ საკითხებს ასოციაციის თავჯდომარე სხვა წევრებთანაც განიხილავს და შეჯერებულ პოზიციას წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებს. 

კახეთშიც, როგორც სხვა რეგიონებში შეხვედრებისას, ხაზი გაესვა სოციალურ მუშაკთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას სოციალური მომსახურებების მიწოდების, საკანონმდებლო ბაზის შექმნისა ან/და კორექტირების, სოციალური პროგრამირების და პოლიტიკის ფორმირებისას. გამოიკვეთა სექტორებს შორის სოციალური მომსახურების მიწოდების პასუხისმგებლობის გადანაწილების აუცილებლობა, მომსახურებების მიწოდების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფის მიზნით, მაგალითად, შეიქმნას სახელმწიფო სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდების დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის მიერ მომსახურების მიმღებთა მხარდაჭერის სქემა. კოლეგებმა აღნიშნეს სათემო სოციალური მუშაობის განვითარების მნიშვნელობა. მათ გაგვიზიარეს სხვადასხვა საკითხებზე კომპეტენციების გაღრმავების სურვილი. 










კოლეგები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ასოციაციის წევრთა სისტემატიური შეხვედრები. ასოციაცია ამ შეხვედრების ორგანიზების ვალდებულებას სიამოვნებით აღასრულებს, რადგან მიგვაჩნია, რომ პროფესიის განვითარების ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ერთად გავიაზროთ არსებული სიტუაცია და ერთადვე დავგეგმოთ სამომავლო სვლები!

შეხვედრის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი ჩართულობის, ღიაობის, აქტუალური საკითხების წარმოჩენისათვის! პარტნიორ ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას და ჩვენს საოცარ კოლეგას - ნინო პაატაშვილს კი უღრმესი მადლობა ასეთი გულთბილი მასპინძლობისათვის!

ნინო შატბერაშვილი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე