შეხვედრა სურამის საჯარო სკოლაში შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზიისთვის

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, კავშირი „ჩვენი ბავშვების“ დამფუძნებელთან ერთად, 18 ოქტომბერს სურამის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი შშმ ბავშვების მიმართ მიმღებლობის გაზრდა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა იყო. 
შეხვედრაზე, რომელიც სკოლის დირექციის მხრიდან იყო ინიცირებული, ასოციაციის წარმომადგენლებმა - ნათია მაჭარაშვილმა და გურანდა თეთრაძემ - ისაუბრეს შშმ პირებთან დაკავშირებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მითებზე და მათ შესაბამის რეალობაზე, ასევე, მისაღებ ტერმინოლოგიაზე, კომუნიკაციის სტრატეგიებზე და სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობაზე. კავშირი „ჩვენი ბავშვების“ წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ ისაუბრა შშმ ბავშვების საჭიროებებზე, ასევე, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან განსახორციელებელ ქმედებებზე, რათა მოხდეს ყველა ბავშვისთვის თანაბარი უფლებებისა და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.
დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში აღნიშნული ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებზე დაკვირვებისა და სპეციალისტების მიერ შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვის მნიშვნელობაზე. ასევე, ოჯახების გასაძლიერებლად და ბავშვებისთვის ადეკვატური ოჯახური გარემოს შესაქმნელად სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო მიღებული ინფორმაცია. პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდგომში ჰქონდეთ საშუალება, უფრო ვიწრო ჯგუფებში შესაბამის სპეციალისტებთან განიხილონ კონკრეტული შემთხვევები და მიიღონ მათთან დაკავშირებით რეკომენდაციები.
სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიესალმება სკოლის დირექციის აქტიურობას მსგავსი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად და ყოველთვის მზად არის, ითანამშრომლოს სკოლებთან და სხვა საჯარო დაწესებულებებთან შშმ პირების სოციალური ინკლუზიის გასაზრდელად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ დალი ბროლიძეს გამოვლენილი ინიციატივისთვის და შშმ ბავშვების მიმართ სათანადო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ქმედებებისთვის.