ასოციაციამ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ბავშვთა მიმართ ძალადობისგან დაცვისა და რეფერირების საკითხებში აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო.  თითოეულ მუნიციპალიტეტში 4 დღიანი ტრენინგი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გადამზადება გაიარეს გამგებლის/მერიის წარმომადგენლებმა ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში. 
ტრენინგზე განიხილება შემდეგი თემები: ბავშთა მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიკაცია, საკანონმდებლო რეგულაციები, ბავშთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, მონიტორინგის მეთოდები, სათემო მუშაობა, რეგიონული მომსახურებები, სექტორთშორისი თანამშრომლობა, მსხვერპლისა და მოძალადის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა და სხვა. აღნიშნული ტრენინგის მიზანი აჭარის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
პროექტი აჭარის რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.  მეორე ეტაპზე, აპრილის თვეში, ტრენინგები დაგეგმილია შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში ბავშვთა სფეროში ჩართულ პროფესიონალთა შორის. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა რეფერირების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავების მიზნით.