ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

1 ივნისი, 2016

 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის

მიმართვა წევრებისა და კოლეგებისადმი

 

ძვირფასო წევრებო და კოლეგებო,

 

უდიდესი პატივია ვიყო საქართველოს სოციალური მუშაკთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე - ორგანიზაციის, რომლის განვითარებას ჩემი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი თქვენთან ერთად! პატივი მქონდა მემუშავა ბევრ თქვენთაგანთან ერთად, ასევე ჩვენი პროფესიის განვითარებით დაინტერესებულ სხვა პროფესიების წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად. ასოციაცია გვაერთიანებს საქართველოს თითქმის ყველა სოციალურ მუშაკს. ამიტომ ეს დიდი პასუხიმგებლობაა! 

ჩემი თავჯდომარეობის ვადაში მსურს შევიტანო წვლილი ასოციაციის და პროფესიის განვითარებაში მისი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ეს თქვენს გარეშე გამიჭირდება! მისი არსებობის განმავლობაში, თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩემი წინამორბედების დამსახურებით,  ჩვენმა ასოციაციამ აღიარება მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროფესიულ წრეებში. ჩვენი მიღწევები სხვადასხვა ასპარეზზე, თქვენი აქტიურობა და გულითადი ენთუზიაზმი  კიდევ უფრო მეტის გაკეთების იმედს მაძლევს! 

ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანაა საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებების ინიცირება, კეთილდღეობის სისტემის ტრანსფორმაციაში წვლილის შეტანა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომით. უდიდესია სოციალური მუშაკის როლი ინსტიტუციური ბარიერების რღვევაში, მაგრამ სამწუხაროდ სოციალური მუშაობა ძირითადად უშუალო პრაქტიკის განხორციელებით შემოიფარგლება  საქართველოში. ეს კი, სოციალური პრობლემების დაძლევისათვის არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებაში ადამიანთა მხარდაჭერა, ეს ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების ალაგმვას არ ახდენს. 

 ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი როლი ვითამაშეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებში. ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განხორციელებული რეფორმა წარმოუდგენელი იქნებოდა სოციალური მუშაკის ჩართულობის გარეშე, სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიანად წარმართვაც გაჭირდებოდა სისტემაში სოციალური მუშაკის გარეშე. ახლა კი დროა  სოციალური ინიციატივებისა და რეფორმების არა მხოლოდ განხორციელებაში, არამედ პოლიტიკის ფორმირებაში, მიღებაში, შეფასებაში მივიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა. გავხდეთ ცვლილების აქტორი და არა მხოლოდ არსებული პოლიტიკის განმახორციელებლები! 

წლებმა ცხადყო, რომ საიმედო პარტნიორები გვყავს, რომელთა კომპეტენცია და გამოცდილება სფეროში საიმედო მომავალს წინასწარმეტყველებს, მაგრამ საჭიროა რესურსების უფრო ეფექტიანად კონსოლიდირება. ასოციაციის განვითარებასთან ერთად გაძლიერდა  სამუშაო ურთიერთობები სახელმწიფო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო დონორებთან და აკადემიასთან. თუმცა, სოციალური მუშაობა ხშირად სასურველ პროფესიულ ჩარჩოში ვერ ვითარდება. თანამშრომლობის ფორმატი განსხავებული აზრისადმი ლოიალობასა და კომპრომისებს გულისხმობს, მაგრამ არა პროფესიული განვითარების შეფერხების ან პროფესიული პრინციპებისა და ღირებულებების დათმობის ხარჯზე. თითოეულ სოციალურ მუშაკს დარწმუნებული ვარ ახსოვს, რომ ის უპირველეს ყოვლისა საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული, განურჩევლად იმისა, უშუალო პრაქტიკის განმახორციელებელია თუ თემის ან პოლიტიკის დონეზე მოღვაწეობს. დამქირავებლის წინაშე ვალდებულების პირნათლად აღსრულება შესრულების კულტურის ნაწილია, მაგრამ ამას არ უნდა შეეწიროს საზოგადოების წინაშე პასუხიმგებლობა. ამაში თუ ვთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ მეტი აქტიურობა გვმართებს ჩვენი ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად, უნდა გავააქტიუროთ სოციალური მუშაობის მომსახურების მიმწოდებელთა ქსელი, რომელიც ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა; ასევე, სოციალური ადვოკატობის მიმართულება, რომელიც ასოციაციაში ამოქმედდა და რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ ბენეფიციარებთან და ვცდილობთ, დავეხმაროთ  მათ  სოციალური უფლებების დაცვაში; გასააქტიურებელია კვლევითი მიმართულებაც.  მიუხედავად იმისა, რომ განვახორციელეთ რამდენიმე კვლევითი პროექტი ბავშვთა კეთილდღეობისა და სოციალური მუშაობის სფეროში, კიდევ უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი სოციალური მუშაობის მეთოდებით, რომ მყარი მტკიცებულებები შევქნათ სოციალური პოლიტიკის ფორმირებისათვის, რომელიც ბენეფიციართა საჭიროებებსა და ინტერესებს იქნება მორგებული. 

სოციალური მუშაობის განვითარება არ არის დაბალანსებული არც პროფესიული ცოდნის და არც სფეროების მიხედვით, რეგიონებს შორის. პროფესიული მუშაობის მეთოდებიც მწირია, ამიტომ ვგეგმავ ასოციაციის წიაღში შეიქმნას სოციალურ მუშაკთა კლუბი, რომლის მიზანია ჩვენს წევრებს დავეხმაროთ პროფესიის გააზრებაში, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა ღონისძიებისა და საერთაშორისო პროფესიული დისკუსიების შესახებ ინფორმირებულობაში და  სოციალური სფეროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების პრობლემათა ერთიან ჭრილში გააზრებაში. 

ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია, რადგან გვაქვს კარგი საბაზისო პოზიცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დავეუფლოთ არსებული სოციალური პოლიტიკის ცვლილებაზე ზეგავლენის ინსტრუმენტებს და უფრო ომახიანად გავაჟღეროთ მათი ხმა, ვისაც ვემსახურებით! ამ მიზნისათვის კი აუცილებელია ყველა სოციალური აქტორის  გაერთინება! 

იმედიანად ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებთ თქვენ - პროფესიული გუნდი, რომელიც ჩვენს სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის მხრივ შეუდარებელი რესურსია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მართალია პროფესია ძირითადად ფემინურია, მაგრამ ქალთა ასეთი ძლიერი ერთობა ხშირად არ მინახავს, არც მხარდამჭერთა ასეთი ძლიერი ქსელი. ჩვენ რამდენიმე ასეული ვართ, მაგრამ ჩვენს უკან იმდენით მეტი ადამიანია, რამდენსაც ვემსახურებით! შევიგრძნოთ ეს ძალა, ხელში ავიღოთ პროფესიული ძალაუფლება და გამოვიყენოთ საზოგადოების საკეთილდღეოდ! მოკრძალებული პრაქტიკა არ არის ჩვენი დროის სოციალური მუშაობის განვითარების საუკეთესო გზა! რეაგირება გვმართებს არა მხოლოდ თითოეული ბენეფიციარის სატკივარზე, არამედ მათ მიზეზებზეც! 

თქვენთან ერთად წარმატების სურვილით,

ნინო შატბერაშვილი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე