გავაძლიეროთ მშობლები, შვილების უფლებების დასაცავად

აუდიო ჩანაწერი
შემთხვევა ეხება 5 წლის ბიჭს - პირობითად, ფარიდს, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. იგი სოფელში  ცხოვრობს, დედასთან და ბებისათან ერთად. დედა ორსულად იყო, როდესაც მამა დაეღუპა. ოჯახი ცხოვრობს არაკეთილსაიმედო  სამეზობლოში, სადაც ძირითადად ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები არიან, ამიტომ ხშირია ჩხუბი, დებოში. ასევე, ბავშვი ხშირად დაცინვის საგანი ხდება, ასწავლიან არაეთიკურ სიტყვებს და ქცევას, ამიტომ დედას ძირითადად სახლში ჰყავს.

ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია: დედა ძირითადად ღამის ცვლაში მუშაობს, მცირე ანაზღაურებაზე, ექთნის თანაშემწედ, ბავშვზე კი ძირითადად ბებია ზრუნავს, რომელსაც უჭირს ზრუნვის სათანადოდ განხორციელება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამის გამო, დედა ვერ ახერხებს რაიმე მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძებნას და ხშირია ბავშვის გამო ოჯახში კონფლიქტი დედა–შვილს შორისაც.

დედას სურვილი ჰქონდა მიეყვანა ფარიდი საბავშვო ბაღში, თუმცა ბაღის გამგეს არ უნდოდა ბავშვის მიღება და თავიდანვე პირობები წაუყენა მშობელს, რომ ბავშვს მიიღებდა 1 კვირით, იმ პირობით, რომ კარგად მოიქცეოდა. ფარიდმა ერთი კვირა იარა ბაღში, რასაკვირველია, თავიდან გაუჭირდა ბაღთან ადაპტაცია და უარს ამბობდა საკვების მიღებაზეც. ამის გამო, ბაღის გამგემ ოქმი შეადგინა და ბავშვს უარი განუცხადა ბაღში საიარულზე, იმ მოტივით, რომ ფარიდი საფრთხეს უქმნიდა საბავშო ბაღს და მხოლოდ მკურნალობას საჭიროებდა. ოქმს ხელს აწერდა მთელი კოლექტივი დარაჯის და დამლაგებლის ჩათვლით.

6 თვეა, რაც ბავშვთან ვმუშაობ ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში,  და ვცდილობ ბავშვის ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში. მივმართეთ განცხადებით მარნეულის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს და თავად გამგებელს თხოვნით, მიეღოთ ბავშვი ბაღში, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს სახალხო დამცველის აპარატსაც მივმართეთ, საიდანაც ორი კვირის შემდეგ მოვიდა წერილი, რომელშიც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ირღვეოდა ბავშვის უფლებები და ბავშვი აუცილებლად უნდა ჩართულიყო საგანმანათლებლო სისტემაში. მაგრამ ამისაც ვერ მოჰყვა რეაგირება. მივმართე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის ძირითად ფუნქციას შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა წარმოადგენს, მაგრამ აქაც ბარიერს წავაწყდი: მათი გადმოცემით, კანონი კი არის ინკლუზიური განათლების შესახებ, მაგრამ სახელმწიფო და საბავშვო ბაღები ჯერ კიდევ მზად არ არიან მის განსახორციელებლად. მეტიც, მისაყვედურეს, რომ დედას არარეალისტურ მოლოდინებს ვუქმნი.
6 თვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ მივმართე ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ქალბატონებს - ანა არგანაშვილს და ანა აბაშიძეს, რომლებიც ამჟამად კურირებენ ამ საქმეს და საახალწლო არდადეგების შემდეგ ფარიდი მიღებული იქნება სკოლამდელ დაწესებულებაში.

ამ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვის დედა, რომელმაც არ იცოდა თავისი შვილის უფლებები და წინააღმდეგობის უნარი არ ჰქონდა, გავაძლიერე და ახლა თავად იბრძვის შვილის უფლებების დასაცავად. იგი უპირობოდ კი აღარ სჯერდება უარს, არამედ სვამს კითხვებს, ითხოვს უფლებების რეალიზებას და საკუთარი შვილის მომავლის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.

არ ვიცი, ვინ როგორ შეხედავს ჩემს ქეისებს, უბრალოდ მინდოდა გამეზიარებინა კოლეგებისთვის ჩემი გამოცდილება და გადმომეცა მთავარი მესიჯი: მთავარია, არასდროს დანებდეთ, ყველა გზა და საშუალება გამოიყენოთ! და შედეგიც არ დააყოვნებს.