ნაბიჯი მომავლისკენ

აუდიო ჩანაწერი

მინდა გაგიზიაროთ, პირობითად, 16 წლის ზაზას ისტორია, რომელთანაც ვმუშაობდი 2013-2014 წლებში, მაშინ, როცა ის ახალი გათავისუფლებული იყო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან, მე კი ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

ზაზა პირობით მსჯავრდებული იყო, რომელიც დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და გაურბოდა სოციალურ კონტაქტებს. მისთვის მსჯავრდებულობის ეტაპი საკმაოდ მძიმე იყო - ჰქონდა თვითდაზიანების მცდელობები;  ციხის გარემო  მისი სოციალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის შემაფერხებელი იყო, ამის გამო, მისი პირველი შეხვედრები ჩემთან, როგორც სოციალურ მუშაკთან, ძალიან ხანმოკლე და წინააღმდეგობრივი იყო. ძალიან რთული იყო მისი სოციალურ მუშაკთან ურთიერთობით დაინტერესება და ნდობის მოპოვება. თუმცა თანდათან „ყინული გალღვა“ და მუშაობის ერთი თვის თავზე შევძელით მისი ცხოვრების სამომავლო გეგმებზე გულღიად გვესაუბრა. ეს ჩვენი პირველი გამარჯვება იყო :)

აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა სწავლის გაგრძელების სურვილი, რის საფუძველზეც გადავწყვიტეთ, ზაზას სასწავლო პროცესი  სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში გაეგრძელებინა. თუმცა მანამდე  მნიშვნელოვანი იყო მისი ემოციური მდგომარეობის და ოჯახთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან მათ შორის დარღვეული იყო ემოციური კავშირი. ზაზა სახლში დაბრუნების შემდეგ  გაუცხოვდა, ჩაიკეტა, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდა, სადაც გრძნობდა, რომ მისი ადგილი იქ აღარ იყო.

ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ზაზასთან პატარა ცვლილებები, ფსიქოლოგის ჩართვა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა დადებითად აისახებოდა მასზე. ვგრძნობდი, რომ ჩვენ მისთვის პირველი ადამიანები ვიყავით, ვინც მას უსმენდა და ინტერესდებოდა მისი მდგომარეობით. ზაზასთან ერთად ვეყრდნობოდით მის ძლიერ მხარეებს და ინტერესებს, რომ რეალურად ხელი შეგვეწყო მას თავი ეგრძნო საჭიროდ და სასარგებლოდ.

გამოგიტყდებით, რომ საგანმანათლებლო პროცესში მისი ჩართვა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არც ერთი საჯარო სკოლა/დირექტორი არ იღებდა ყოფილ მსჯავრდებულს, თვლიდნენ, რომ ეს მათი სკოლის იმიჯზე და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახებოდა. ასევე, სირთულე იყო, რომ ის თავის თანატოლებთან შედარებით რამდენიმე წლით ქვედა საფეხურზე იმყოფებოდა. თუმცა დაჟინებული ძალისხმევისა და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ოფიციალური მიმოწერის შემდეგ ზაზამ თავის უბანში, საჯარო სკოლაში დაიწყო სიარული. მანამდე კი მან ექსტერნად წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რომელიც მისთვის კიდევ ერთი გადალახული ბარიერი იყო. ამ ყველაფერს თან ახლდა შიში, მოლოდინი, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, და ბოლოს, საკუთარი ძალების რწმენა. მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ ეტაპზე დღის რეჟიმისა და ცხოვრების რიტმის სტაბილურობა, რაზეც უამრავი დრო დაიხარჯა. თავიდან ზაზა ღამის განმავლობაში ვერ იძინებდა და ამის გამო ხშირად აცდენდა/აგვიანებდა სკოლაში, თუმცა ჩვენი ყოველდღიური მონაწილეობის შედეგად მან ეს სირთულეც დაძლია.

ზაზას ოჯახი მისი პატარ-პატარა გამარჯვებების მიმართ არავითარ ინტერესს არ იჩენდა. უკიდურესი სიღარიბე, მცირეწლოვანი და-ძმა, რომელზე ზრუნვასაც ზაზა დედასთან ერთად თავს დიდი გაჭირვებით ართმევდა, და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამა, რომელიც მუდმივ მზრუნველობას საჭიროებდა ოჯახის მხრიდან. ოჯახისთვის მხარდაჭერის აღმოჩენისა და რესურსების მობილიზების მიზნით, საჭირო გახდა სოციალური სამსახურების ჩართვა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ზაზას რესოციალიზაციის პროცესში პროფესიული უნარების შესწავლის მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა  სოციალური პრაქტიკის გავლა ორგანიზაციის „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ სტამბა-საამკინძაო სახელოსნოში.

ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე თავდაპირველად ზაზა სკეპტიკურად იყო განწყობილი: ვერ წარმოედგინა მისი როლის, ჩართულობის მნიშვნელობა ორგანიზაციის დღის რეჟიმში. თუმცა პირველმა სამუშაო დღემ აჩვენა, რომ მისი შრომა, როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ძალიან საჭიროა.

სახელოსნოს ხელმძღვანელმა ზაზას აუხსნა მუშაობის რიტმის, ბენეფიციარებთან მუშაობის სპეციფიკა. ზაზამ ადვილად დაამყარა სახელოსნოს წევრებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა, თავიდანვე გამოავლინა მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ერთ კვირაში ზაზამ შესანიშნავად აითვისა სტამბაში მუშაობის ტექნიკა, რაც მას დაეხმარა, საკუთრ თავში ახალი უნარები აღმოეჩინა. იგი ხალისით და პასუხისმგებლობით მოეკიდა სოციალური თერაპევტის დავალებებს, ორგანიზებას უკეთებდა სახელოსნოს დღის რიტმს, დაგეგმვა-შეჯამებას, პაუზებს.

ზაზა სახელოსნოს წევრებთან ერთად იღებდა მონაწილეობას წიგნების შეკვეთის შესრულებაში: აკვირდებოდა სახელოსნოს თითოეული წევრის უნარებს და შესაბამისად უნაწილებდა საქმიანობებს, ეს ძალიან დაეხმარა პასუხისმგებლობის გრძნობის, ორგანიზების უნარისა და საკუთარი თავის რწმენის გამომუშავებაში. იგი  დამოუკიდებლადაც უძღვებოდა საქმეს და შეთანხმებულზე მეტ დროსაც რჩებოდა სამუშაოდ. მან ბევრი რამე ისწავლა ამ ორგანიზაციაში, რისთვისაც უდიდესი მადლობა ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს და იქ მომუშავე ყველა პირს.

საბოლოოდ, ზაზამ გამოთქვა სურვილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაეხმარებოდა ორგანიზაციას მომავალშიც.

ჩვენი ერთობლივი მუშაობის ერთი წლის თავზე ზაზა უკვე ჩართული იყო საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მისი რესოციალიზაცია წარმატებით მიმდინარეობდა, ხოლო ოჯახთან ჩატარებული მუშაობის შედეგად, ოჯახი საბოლოოდ მის მხარდამჭერად იქცა. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი რეკომენდაციისა და კონსულტირების შედეგად ზაზამ შეწყალებისთვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოეხსნა არასაპატიმრო სასჯელიც.

პ.ს დღესდღეობით პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ბევრად მეტი რესურსი აქვს ვიდრე ეს 5 წლის წინ იყო. სარეაბილიტაციო მიმართულებით ზაზას მდგომარეობაში მყოფ ადამინებს ბევრად ეფექტურად ემსახურებიან, ვინაიდან აქვთ სარეაბილიტაციო მოდულები და დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომა. ეს შემთხვევა დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლოა, ძალიან წარმატებული არ მოგეჩვენოთ, თუმცა მაშინ ეს ჩვენთვის - ჩემთვის და ზაზასთვის - დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო: ჩემთვის - როგორც მართლმსაჯულების სფეროში ახლადფეხადგმული სოციალური მუშაკის წინსვლის, ზაზასთვის კი - ახალი შესაძლებლობით აღსავსე ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯი.