ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

პროფესიული ზედამხედველობა

სოციალური მუშაობა განეკუთვნება იმ პროფესიონალთა საქმიანობას, რომლებიც პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის წინაშე დგანან. განსაკუთრებით თუ ველზე მომუშავე ე.ი. პირდაპირ პრაქტიკის განმახორციელებელ სოციალურ მუშაკებზე ვსაუბრობთ. ისინი თავად უნდა იყვნენ დაცულნი იმ ფსიქოლოგიური და ემოციური  გავლენისგან, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება.  თუმცა, შუა და ზედა რგოლის მენეჯერ სოციალურ მუშაკებსაც სჭირდებათ პროფესიული ზედამხედველობა, რაც მათ მართვისა და ადმინისტრირების, პოლიტიკის ფორმირებისა და გატარებისას წარმოქმნილი დაბრკოლებების თუ პროფესიულ დილემებთან უკეთ გამკლავების შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, სუპერვიზიას, იგივე პროფესიულ ზედამხედველობას, უდიდესი დანიშნულება აქვს სოციალური მუშაობის პრაქტიკაში.
პროფესიული ზედამხედველობა ფსიქო-სოციალური მომსახურების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. პროფესიული ზედამხედველობის მიზანია სოციალური მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფა და ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება. მისი ამოცანაა  სოციალური მუშაკების პრაქტიკის  რეგულარული მხარდაჭერა და ხელშეწყობა.  ის სოციალური მუშაკების და მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრების  პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმია.
 სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში ცდილობს ხელი შეუწყოს  შიდა პროფესიული ზედამხედველობის პრაქტიკის დანერგვას სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სოციალურ მომსახურებაში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით.  ამასთანავე, ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფასიან გარე პროფესიულ ზედამხედველობას. 
 ასოციაციის გარე პროფესიული ზედამხედველობის ფორმებია ინდივიდუალური, ჯგუფური და/ან შერეული მოდელი. 
 ასოციაციის მიერ განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაძლო ფუნქციებია:
ადმინისტრაციული -  უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების პრაქტიკის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, პოლიტიკასთან და ორგანიზაციულ პროცედურებსა და წესებთან, რაც ხელს უწყობს ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნას;
საგანმანათლებლო -  გულისხმობს სოციალური მუშაკების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას მათი ცოდნის გაღრმავებისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;
შემთხვევებზე ზედამხედველობა -  გულისხმობს ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობის პროცესში სოციალური მუშაკების მხარდაჭერას  და ზედამხედველობას მეთოდოლოგიური მითითებებისა და პროფესიული რჩევების გაზიარებით;
პიროვნული მხარდაჭერა  - გულისხმობს სოციალური მუშაკების დახმარებას, გაუმკლავდნენ პროფესიულ გადაწვას და სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესს, რათა უზრუნველყონ ხარისხიანი, ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება. 
პროფესიული ზედამხედველობის ფორმატი  მუშავდება კონკრეტული ჯგუფის ან ორგანიზაციის  მოთხოვნების შესაბამისად.
 პროფესიულ ზედამხედველობას ახორციელებენ ასოციაციის გამოცდილი წევრები, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში) და  სოციალური მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკა.
 პროფესიული ზედამხედველობის მომსახურების  ღირებულებისა  და თანამშრომლობის სხვა დეტალების შესახებ   მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: მარიამ ბერიძე, ოფისის მენეჯერი. ტელეფონი - ოფისი: + 995 32 23900 71, მობილური: + 995 555 57 50 25