Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ბავშვები ბავშვობის გარეშე

ირმა ბებერაშვილი
სოციალური მუშაობის მაგისტრი
 
ადამიანები წერენ ან საუბრობენ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მე მინდა ბავშვებზე დავწერო, ბავშვებზე, რომლებთანაც ურთიერთობამ საგრძნობლად გადამაფასებინა ღირებულებები და პრიორიტეტები ცხოვრებაში, მასწავლა ადამიანთა ნდობა და  გულწრფელი ემოციების ფასი.

გურიაში დაბადებულ-გაზრდილსა და დედაჩემის შვილს, გასაკვირი არაა, სხვაზე ზრუნვა ცხოვრების წარმმართველ მოტივად რომ მაქვს ქცეული. პროფესიაც ისეთი ავირჩიე, სხვის გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას რომ ემსახურება და გავხდი სოციალური მუშაკი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც  ვფიქრობდი, რომ ყველა სამიზნე ჯგუფთან ერთნაირი წარმატებით ვერ ვიმუშავებდი, რომ, მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობა ჩემი ძლიერი მხარე სულაც არ იყო და მერე აღმოვჩნდი „World Vision International“ საქართველოს ფილიალის ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დღისა და სადღეღამისო თავშესაფარში. ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან გატარებული თითქმის ორი წელი იყო ერთდროულად დიდი გამოწვევაც და შესაძლებლობაც, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. ამიტომ მინდა დავწერო ბავშვებზე - ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე.
ბავშვებთან, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ ან მუშაობენ, მრავალი მითია დაკავშირებული - მათზე ხშირად ფიქრობენ, რომ არიან უზრდელები, ბინძურები, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, არ შეუძლიათ სწავლა და ა.შ. სწორედ ამიტომ აწყდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში - სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებებში, თანატოლთა წრეში, - სტიგმას და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.
თუმცა ბევრ ჩვენგანს ალბათ არასდროს უფიქრია, რის გადატანა მოუხდათ ამ ბავშვებს, სანამ ისინი ქუჩაში მოხვდებოდნენ - ეკონომიკური პრობლემები ოჯახში, ძალადობა, თავშესაფრის არქონა, უგულებელყოფა, შრომის იძულება, - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც თითოეული ბავშვის უკან დგას. ისინი არიან ბავშვები, რომლებსაც არჩევანი აქ ჰქონიათ, საზოგადოების გულგრილობამ და „გაღებულმა მოწყალებამ“ კი საბოლოოდ წაართვა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ბავშვობა.
საზოგადოების წევრებისთვის ისინი უბრალოდ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან, მათთან მომუშავე ადამიანებისთვის კი პიროვნებები - სახელები და გვარები, მძიმე ისტორიები და ყოველდღიური ბრძოლა მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის.
მინდა, ერთ-ერთ მათგანზე - თამთაზე მოგიყვეთ. თამთა ამ ზაფხულს დაიღუპა და ეს ის შემთხვევაა, რომელთან შეგუებაც დღემდე აღემატება ჩემს ძალებს.
თამთა 10 წლის იყო, როდესაც World Vision-ის დღის ცენტრში მოიყვანეს თავის რამდენიმე თანატოლთან ერთად. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში დედასთან ერთად ბარაკებში ცხოვრობდა, ქოხებში, რომლებსაც ადრე მიწის დასამუშავებელი იარაღების შესანახად იყენებდნენ. ის და მისი თანატოლები ჯართს აგროვებდნენ ნაგავსაყრელზე. როდესაც დღის ცენტრში მოვიდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახელის და გვარის დაწერა იცოდა, ისიც არასწორხაზოვნად და ყოველგვარი სიმეტრიის გარეშე. მოვიდა გაჭვარტლული დიდი და ლამაზი თვალებით და მოლოდინით, რომ რაღაც შეიცვლებოდა.
მერე იყო World Vision-ის გუნდის დაუღალავი მუშაობა ბავშვთან და ოჯახთან, იყო ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანა; აღმზრდელების ყოველდღიური მუშაობა, რომ თამთას ელემენტარული რაღაცები მაინც  ესწავლა სკოლაში მისვლამდე; თამთას სკოლაში მისაღებად „დახურული კარების მტვრევა“; იყო ათასი ფაქტი, რომლებიც აქ ასე მარტივადაა რამდენიმე სიტყვით დასაწერი, მაგრამ სჭირდება უამრავი ადამიანის ძალისხმევა და მუხლჩაუხრელი შრომა. რამდენიმეთვიანი წვალების მერე, როდესაც ვუთხარი, შემდეგი კვირიდან სკოლაში ივლი-მეთქი, გაბრწყინებულმა შემომხედა და მეორე დღეს თამთამ, რომელმაც თავდაპირველად საკუთარი სახელის და გვარის გარდა არაფრის წერა არ იცოდა, წერილი მომიტანა, სადაც მადლობას უხდიდა მთელს ჩვენს გუნდს, რომ შეძლებდა და სკოლაში გააგრძელებდა სწავლას.
მერე იყო სკოლა და უფრო დიდი გამოწვევები, იყო მუშაობა ოჯახთან, რომ თამთასთვის არ დაეკარგათ განათლების შესაძლებლობა და იყო მუშაობა ოჯახის გაძლიერების ხელშესაწყობად.
თამთასთან დაკავშირებით მუდმივად მაინც ერთი ამბავი მახსენდება, სადაც კარგად ჩანს, როგორ არაფერი იკარგება სამყაროში. ახალი წლის პერიოდში ერთ დღეს თამთა სკოლიდან  დასაბანი და ატირებული მოვიდა. სკოლაში ვიყავიო, დედამ ვერ მომიყვანა დღის ცენტრამდე, მაგრამ მარტო მოვედიო. რა მოხდა-მეთქი, რომ ვკითხე, მომიყვა, რომ საღამოს მისი კლასელები გასართობ ცენტრში მიდიოდნენ, ძალიან უნდოდა წასვლა, თუმცა დედა არ უშვებდა. ვუთხარი, ვერაფერს დაგპირდები, თუმცა წადი, დაიბანე, ტანსაცმელი გამოიცვალე და ვეცდები მოვაგვარო-მეთქი. დამრიგებელს დავურეკე, თანხას მე დავუდებ და წაიყვანეთ-მეთქი. გადაირია ის ქალი, არ მინდა ფული, მასაც ვუთხარი, მთავარია საღამოს 7სთ-ზე მოიყვანოს ვინმემ და მერე 9 საათისთვის მოაკითხოს წასაყვანადო. დავურეკე დედამისსაც, მე არ წავალ ლექციებზე, წავიყვან და ჩვენვე მოვიყვანთ, თქვენ არ შეგაწუხებთ-მეთქი. დამთანხმდა. დავურეკე ჩვენს აღმზრდელს, რომელიც იმ დღეს არ მუშაობდა და ვთხოვე, მიყვანით - მე მივიყვან, წამოყვანისას შენ მიაკითხე მანქანით და აიყვანე სახლში-მეთქი. ისიც არ დამზარდა ზამთარში, ამ სიცივეში, დასვენების დღეს ღამით სახლიდან გამოსვლას. რომ ვუთხარი, მიდიხარ-მეთქი, საოცრად გაუხარდა. საღამოს გასართობი ცენტრისკენ დავიძარით. თოვდა, არც ერთს არ გვეკეთა ხელთათმანები, თამთას ერთი ხელი თავის ჯიბეში ედო, მეორე - ჩემს ხელთან ერთად ჩემს ჯიბეში. გზაში გამაჩერა, გადამეხვია და, მადლობაო, მითხრა. ძალიან მიყვარხართ, არასოდეს დავივიწყებ, რასაც ჩემთვის აკეთებთ, რომ გავიზრდები, მინდა თქვენნაირი ვიყოო. ვუთხარი, რომ სამადლობელი არაფერი იყო, რომ როცა გაიზრდებოდა ჩემნაირი კი არა, უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი გამხდარიყო და რომ მისი ბრძოლისუნარიანობით ყოველთვის ძალიან ვიამაყებდი. კარგიო..
თამთა პირობას ვერ შემისრულებს, რადგან ის ამ ზაფხულს დაიხრჩო, როდესაც დას თხილის კრეფაში ეხმარებოდა და გასაგრილებლად მდინარეზე ჩავიდა. იქაც კი სამუშაოდ იყო წასული. თუმცა არის რაღაც, რასაც თამთას გარდაცვალების ფაქტი ვერ ცვლის - მე მაინც ყოველთვის და ყველგან ვიამაყებ მისით.
თამთასთან და სხვა მის მსგავს გოგო-ბიჭებთან ურთიერთობამ მასწავლა, როგორ შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში სხვისი ინტერესი შენს ინტერესზე მაღლა დააყენო. ამ ბავშვებს შეუძლიათ მათთვის გაღებული ენერგიის, მათთან გამოხატული სითბოს და სიყვარულის ათმაგად დაბრუნება.
დასასრულს კი მინდა, ეს ბლოგი იყოს ერთგვარი მოწოდება:

ჩემთვის - რომ ერთ დღესაც, პროფესიული თუ პიროვნული გადაწვის გამო, არ ავიცრუო გული საქმეზე, რომელიც მიყვარს და ყოველთვის მქონდეს ცვლილების იმედი და ბრძოლისუნარიანობა მათ მისაღწევად.

თქვენთვის - რომ არ გაუწოდოთ ხურდა ბავშვებს, რომლებსაც ხედავთ ქუჩაში. დაინახოთ მათი მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში, დაინახოთ მათ მიღმა მათი თანატოლი თქვენი შვილები, შვილიშვილები, ახლობლები და აიმაღლოთ ხმა მათ დასაცავად, დარეკოთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ - იქნება ეს საპატრულო პოლიცია (112) თუ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი (1505), და ატეხოთ განგაში, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, თქვათ, რომ გაწუხებთ ბავშვების ბედი და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ისინი. იქნებ მოხდეს სასწაული და ზარების რაოდენობამ მაინც დააფიქროს გადაწყვეტილების მიმღები პირები ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობაში. 
სახელმწიფოსთვის - რომ შეიმუშაოს ეფექტური სისტემა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ, დაინახოს მათი რეალური საჭიროებები და აღიაროს მათი კონვენციით აღიარებული უფლება - იყვნენ დაცული ყოველგვარი ძალადობისგან, უყვარდეთ და ზრუნავდნენ მათზე, ჰქონდეთ სიცოცხლით და ხალისით სავსე წლები, რომელსაც ჰქვია ბავშვობა.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2286692
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1005
836
3156
2274621
8519
37691
2286692
Your IP: 3.140.198.173
2024-05-08 23:38