Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

რა გვემართება, როდესაც ძალადობის მოწმენი ვხდებით?!

გურანდა თეთრაძე
სოციალური მუშაობის მაგისტრი

1 კვირის წინ იტალიაში ვიყავი ორ მეგობარ სოციალურ მუშაკთან ერთად. უამრავ სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგონებასთან ერთად, ერთი შოკისმომგვრელი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი საღამოც გამოვიყოლეთ, რომელმაც შვებულების თავდავიწყებას მოგვწყვიტა და ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის საკითხთან დაგვაბრუნა. ძალადობის საკითხებზე ბევრი გვიმუშავია, მოძალადესთანაც გვქონია შეხება და მსხვერპლთანაც,

ტრენინგებიც გაგვივლია და იქითაც ჩაგვიტარებია, მაგრამ როდესაც თავად ძალადობის ფაქტის წინაშე დგები, სულ სხვა რეალობაში ხვდები, სადაც შენი სიმამაცეც, ლოგიკაც, აზროვნებისა და ემოციების კონტროლის უნარიც სადღაც ქრება, უფერულდება და შენთან მხოლოდ კანკალი და აჩქარებილი გულისცემა რჩება. ვენეციის გარეუბანში ბინაში ერთი ოთახი გვქონდა ნაქირავები. იმავე სახლში სხვა ტურისტებიც ცხოვრობდნენ. მთელი დღის დაღლილები, სახლში გათიშულები მივედით და მაშინვე დასაძინებლად გავემზადეთ, თუმცა მოპირდაპირე ოთახიდან ბიჭის (სიტყვა “კაცის” ხმარება აქ მორალურად გაუმართლებლად მეჩვენება) ხმამაღალი ლაპარაკი გვიშლიდა ხელს. ავდექი, ვიფიქრე, გავხედავ და ვეტყვი, ცოტა ხმადაბლა ისაუბროს, ხელი გვეშლება-მეთქი. გავიხედე და ოთახის კარი ღია ჰქონდა, სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე ეჩხუბებოდა ვიღაცას. სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, ისე მოხურა ოთახის კარი მისმა მეგობარმა გოგომ. რადგან ხმაური ნაკლებადღა ისმოდა, დაძინება შესაძლებელი იყო. 

ცოტა ხანში საშინელი ღრიალის, დარტყმის, ადამიანის დაგდების, ქალის ყვირილისა და ტირილის ხმა ერთად გაისმა და ოთახში სამივე ფეხზე წამოვხტით. ხომ ლოგიკური იყო, რაც ხდებოდა, მაგრამ რამდენიმე წამი დაგვჭირდა იმის გასააზრებლად, სად ვიყავით, რა ხდებოდა და როგორ გამოვსულიყავით შოკისა და გაშეშების მდგომარეობიდან, როგორ დაგვემორჩილებინა აკანკალებული ხელები და რაიმე მოგვემოქმედებინა. ერთმანეთს წამებში რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობდით და არც ერთი არ გვეჩვენებოდა გამოსადეგად:

- გავაღოთ კარი და გავიდეთ? - იქნება იარაღი აქვს?
- პოლიციას უნდა დავუძახოთ! - არც ტელეფონი გვაქვს ოთახში და არც ნომერი ვიცით. აქედან დავიყვიროთ რამე? - იმხელა ხმაზე ყვირის, რას გაიგებს.
-რამე ხომ უნდა ვუშველოთ იმ გოგოს? - ჩვენც არ მიგვაყოლოს ზედ.
- ქუჩაში გადავძახოთ ვინმეს! - კაციშვილი აღარაა ქუჩაში.
- რამე მაგარი და მჭრელი საგნები არ გვაქვს, რომ შევიარაღდეთ? - ჩემოდნებში მხოლოდ არამჭრელი ნივთები გვიწყვია.
- სამი გოგო ვართ ბოლობოლო, ყველას ხომ ვერ მოგვერევა?! - ერთს მაინც რომ დაგვიშავოს რამე, მერე რას ვშვრებით?

მოკლედ, ათასნაირი აზრი მოგდის ამ დროს ადამიანს თავში და ყველა უძლურად გვეჩვენებოდა ძალადობის წინაშე. თავს საშინლად უსუსურად ვგრძნობდით, უცხო ქვეყანაში, ღამით, უცხო სახლში, მოძალადე კაცის გვერდით ოთახში. თანაც ერთმანეთზე აღებული პასუხისმგებლობაც გვაფერხებდა. ამ დროს კი კაცის ყვირილისა და ქალის ტირილის ხმა პერიოდულად ისმოდა. ბინის მეპატრონესთან ვცადეთ დარეკვა ვაიბერით და არ გვპასუხობდა, მივწერეთ და არ ჰქონდა ნანახი, მეილზეც კი მივწერეთ და უკვე სრულ აგონიაში ჩავვარდით. ამ დროს ბინის კარზე ზარი გაისმა. ოთახიდან გასვლას ვერ ვრისკავდით. ცოტა ხანში კართან დაიძახეს, რომ პოლიციაა. თავქუდმოგლეჯილები გამოვვარდით ოთახიდან და ძლივს მოვარგეთ კარს გასაღები, პოლიცია რომ შემოგვეშვა. პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი იტალიელი გაოცებული გვიყურებდა კართან ჩამწკრივებულ სამ გოგოს, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით, ერთდროულად და აკანკალებული ხმით ვუხსნიდით, რომ ცოტა ხნის წინ გვერდით ოთახში ბიჭი გოგოს სცემდა. რომ მივხვდით, ინგლისური არ ესმოდათ, ხელ-ფეხისა და სხეულის ენაზე გადავედით. ჯერ ჩვენ დაგვამშვიდეს და მერე ოთახთან მივიდნენ. დიდხანს აკაკუნეს, ეძახეს, აქედან ჩვენ ვექაქანებით, ვინ ვართ, რა გავიგეთ, ვარიანტებს ვაწვდით, გასაღების ხმა გავიგეთ და იქნება წავიდნენ კიდეცთქო. კიდევ დიდხანს აკაკუნეს კარზე, მერე საკეტის თვალიერება დაიწყეს, თან იტალიურად მიმართავდნენ წყვილს. ალბათ, შემტვრევის შესახებ გააფრთხილეს, რადგან გოგო გამოეხმაურა და კარი გააღო. სანამ ჩვენს ოთახში დავბრუნდებოდით, ჩემმა მეგობარმა პოლიციელს მუდარის თვალებით შეხედა, ეს ბიჭი აქ არ დატოვოთ, წაიყვანეთ, თორემ ყველა საფრთხეში ვიქნებითო.

გვესმოდა, როგორ გაესაუბრა იტალიურად პოლიცია გოგოსაც და ბიჭსაც, როგორ ეხვეწებოდა გოგო, არ წაეყვანათ ბიჭი, როგორ უხსნიდა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, ვიღაცამ გააბრაზა და ემოციები ვერ მოთოკა. ბიჭს ხმა არ ამოუღია, გოგო კი გააფთრებით იცავდა, უფრო - სასოწარკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური არც ერთს გვესმის, ეს ყველაფერი ნათლად გავიგეთ. როგორც ჩანს, ყველა მსხვერპლი ერთ ენაზე საუბრობს, ისევე, როგორც ყველა მოძალადე.

ცოტა ხანში საუბარი მიწყდა, პოლიციელებმა მოგვიკაკუნეს, მივდივართო. ავყაყანდით სამივე, ამას აქ როგორ გვიტოვებო. ამასობაში ბინის პატრონსაც უნახავს ჩვენი მინაწერი და გამოუგზავნია ვიღაც, რომელიც პოლიციელებსაც გაესაუბრა და ჩვენც დაგვამშვიდა, კიდევ თუ იხმაურებს, გავყრითო. პოლიციამ ნომერი მოგვცა, თან გვანუგეშა, გავაფრთხილეთ და აღარაფერს დააშავებსო, და წავიდა.

ოთახში შეკეტილი სამი სოციალური მუშაკი კი უკვე იმაზე ვბჭობდით, ვინ დარეკა პოლიციაში, ბინის მეპატრონემ თუ მეზობელმა? რატომ არ უნდა შეეძლოს პოლიციას მეტის გაკეთება? თუ მსხვერპლი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ბინის სხვა მაცხოვრებლები არა, მათი აზრი არაა გასათვალისწინებელი? საქართველოში რას იზამდნენ ნეტავ პოლიციელები? ვაიძულებდით სხვაგვარად მოქცეულივნენ? ჩვენ სწორად მოვიქეცით? ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, თუ ზედმეტად ფრთხილები ვიყავით? ზედმეტად ხომ არ ვუფრთხილდებოდით საკუთარ თავს?

ხშირად ბევრს ვფიქრობთ მოძალადეებზე, ისევე, როგორც ძალადობის მსხვერპლებზე, თუმცა ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ძალადობის მოწმე ადამიანებს, თუკი არასრულწლოვნებზე არ არის საუბარი. ამ გამოცდილებამ კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მესამე მხარეზე, რომელთა როლი ძალადობის აღკვეთაში უდავოა და, ამავდროულად, არანაკლებ მოწყვლადნი ხდებიან, არანაკლებ ტრავმას იღებენ მსგავსი მოვლენებიდან. თუკი ჩვენზე, სოციალურ მუშაკებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ძალადობაზე ალბათ ყველაზე მეტი ინფორმაცია და მჭიდრო შეხება გვაქვს, ასე იმოქმედა ძალადობის ფაქტის მოწმობამ (თუნდაც უცხო ქვეყნის ფაქტორის გათვალისწინებით), წარმომიდგენია, რა შეიძლება დაემართოთ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თავისთავად, საკუთარ ქვეყანაში იცი, სად დარეკო და ვის სთხოვო დახმარება, რაც უფრო ამარტივებს სიტუაციას, თუმცა სხვა ბარიერების წინაშე დგები, რომელთა გადალახვაც არანაკლებ სიმამაცეს მოითხოვს და ეს სხვა ბლოგის თემაა.

იმ ღამეს კი ემოციურად დაღლილებს ადვილად დაგვეძინა. დილით ყველაფერი ასე საშიშად აღარ გვეჩვენებოდა. ჩვენი თავიც უფრო მეტად გავკიცხეთ გაუბედაობის თუ ზედმეტი სიფრთხილის გამო. ღამით ადამიანი უფრო უსუსურად გრძნობ თავს და მძაფრად აღიქვამ ყველაფერს, ადვილად გერევა შიშიც, დილით კი უფრო მამაცი ხარ, თავს ძლიერად გრძნობ და ვერ წარმოიდგენ, რომ ახალი დღე საშინელი იქნება, რომ ვინმემ შეიძლება რაიმე დაგიშავოს. ალბათ, ამასვე გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალებიც, რომლებიც ღამით დავსდამტყდარი უბედურების შემდეგ იღვიძებენ მათთვის სანდო, მომღიმარი კაცის გვერდით, უმზადებენ საუზმეს, ერთად მიირთმევენ ყავას და სამზარეულოში შესულ უცხო ტურისტ გოგოს ისე ესალმებიან უმანკო და ღიმილიანი სახით, თითქოს წინა ღამეს ყველას ერთად გაგვეტარებინოს დრო ბანქოს თამაშსა და სახალისო ისტორიების მოყოლაში.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2285956
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
269
836
2420
2274621
7783
37691
2285956
Your IP: 18.117.183.150
2024-05-08 09:45