Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ერთად, ყველას წინააღმდეგ

გვანცა დეკანოიძე
სოციალური მუშაობის მაგისტრანტი

 
არის მოვლენები, რომლებიც უმნიშვნელობით გამოირჩევა. არის მოვლენები, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობისთვის ფასდაუდებელია. არის მოვლენები, რომლებზეც აზრი ორად, სამად და ათი ათასადაც იყოფა.

მაგრამ არის მოვლენები, რომლებიც სულით ხორცამდე შეძრავს პიროვნებას, უჩენს პროტესტის გრძნობას,

იწვევს დაუოკებელ სურვილს, მოახერხო და შეცვალო გარემო, რომელშიც იზრდები და ვითარდები. ამ ყველაფრის პარალელურად კი, თავს უმწეოდ გრძნობ, რადგან მოვლენა უკვე ჩაიწერა ისტორიამ და ისღა დაგრჩენია, არ დაკარგო უკეთესი მომავლის იმედი. იმედი, რომ ჩვენ ვართ ერთად, ყველას წინააღმდეგ.

კონსტიტუციური უფლებით ყველა ადამიანი თანასწორია. მაშინ რაღატომ ვაძლევთ თავს უფლებას, გადავამეტოთ ჩვენს უფლებებს და ხელი ავწიოთ ვინმეზე? რატომ გვგონია, რომ გვაქვს უფლება, დავჩაგროთ პიროვნება მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ღირებულებები და შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს? რატომ გვიჩნდება სურვილი ძალადობრივი ქმედების განხორციელების, შეურაცხყოფის მიყენებისა და საქვეყნოდ დამცირების?

ყველაფერი ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვი ზრდისა და განვითარების პირველივე დღეებიდან იწყებს პიროვნებად ჩამოყალიბებას და ამას ხელის შეწყობა სჭირდება. როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი მექანიზმები, რომლითაც ხელი შეეწყობა ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, შედეგებმა არ უნდა გაგვაკვირვოს. ოჯახის შემდეგ ბავშვისთვის ყველაზე ახლო თანადგომის ქსელი არის სკოლა და თანატოლები. ამ შემთხვევაში, მართვის სადავეები მთლიანად სისტემის ხელშია. მაშინ, როდესაც არ არსებობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც სწორი გზით წარმართავდა ბავშვის განვითარებას, როდესაც არ არსებობს მექანიზმი, რომელიც გამოააშკარავებდა ბულინგს, როდესაც არ არსებობს ბერკეტები, რომელიც ბულინგის პრევენციას მოახდენდა, შედეგებმა არ უნდა გაგვაკვირვოს. მაშინ, როდესაც ბავშვი იჩაგრება მხოლოდ იმის გამო, რომ მისი დამოკიდებულება უმრავლესობისას არ ემთხვევა, შედეგებმა არ უნდა გაგვაკვირვოს. სკოლებში არ არის უსაფრთხო გარემო, რომელიც ბულინგისა და ძალადობისგან თავისუფალი იქნებოდა. მოზარდი მთლიანად მოცულია სკოლის სისტემით. ის თავიდანვე სწავლობს, რომ განსხვავებული აზრის გამო შეიძლება დაისაჯო. განსხვავებული ორიენტაციის გამო შეიძლება ჩაგქოლონ. განსხვავებული დამოკიდებულებებისა და ღირებულების გამო გაგრიყონ და დარჩე მარტო, ყველას წინააღმდეგ. მაგრამ, თუნდაც ასეთ დროს, შენ მარტო არ ხარ.  ჩვენ ვართ ერთად, ყველას წინააღმდეგ.

გიფიქრიათ, იმ ადამიანებზე, რომლებიც არ უშინდებიან მათკენ მიმართულ საყოველთაო აგრესიას? რომლებიც ამაყად დგანან საკუთარი პრინციპების სადარაჯოზე. ისინი შეუპოვრად მიაბიჯებენ და გზას საკუთარი სიმართლით იკვალავენ. მათ ვერაფერი დააკლო სისტემამ, არ შეუშინდნენ სკოლაში ჰომოფობიის ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებულ ბულინგს. არ შეუშინდნენ ათასგვარ ჩაგვრას თუ წინააღმდეგობას. ისინი უფრო მყარად წამოდგნენ ყოველი დაცემის შემდგომ და გახდნენ იმაზე ძლიერები, ვიდრე ყოფილან ოდესმე. არ არის მარტივი, გამოხვიდე ჩრდილიდან და პირისპირ დაუდგე სისტემას, ღიად გამოხატო დამოკიდებულება და პროტესტი პრობლემური საკითხის მიმართ. ამას საოცრად დიდი გამბედაობა სჭირდება. მათ ეს მოახერხეს. და დღეს, ჩვენ ვართ ერთად, ყველას წინააღმდეგ.

ძალადობის ფაქტი იმდენადვე შემზარავი და დასაგმობია, როგორც მისი გამართლების ათასგვარი საშუალება. გინახავთ ქვეყანა, სადაც ძალადობას რელიგიით ამართლებდნენ? თუ არა, მაშინ გილოცავთ, თქვენ სწორედ ასეთ ქვეყანაში მოხვდით. აქ მრავლად ნახავთ ხალხს, რომელიც ღმერთის სახელით ძალადობს სამართლიანობის აღსადგენად, ასევე, შეიძლება შეხვდეთ ისეთ ხალხსაც, რომელიც გეტყვით: ჩემს შვილს სამშობლოსადმი თავდადებას ვასწავლი და დიახ, სულაც არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირისთვის ზიანის მიყენება დანაშაულია. იცოდით, რომ, თურმე, „თვით უფალი გაბრაზებულა ერთ დროს და მერე რა, თუ კი ადამიანმა ბრაზი გამოხატა ძალადობრივი ქცევით“. უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ, ფაქტია. ღმერთის სახელით მოქმედებ, ბიბლიაში დადგენილ სტანდარტებს მიჰყვები, ჰომოფობიური სულისკვეთება გაქვს, ძალადობ, გსურს ყველა ბიბლიას მოარგო პროკრუსტეს სარეცელივით, მერე ბრუნდები სახლში კმაყოფილი და ძილის წინ იხსენებ ყველა იმ ქმედებას, აზრსა თუ დამოკიდებულებას, რომელიც გამოხატე და ბევრისგან მოწონებაც დაიმსახურე. მაგრამ, რატომ გავიწყდება, რომ შენივე რელიგია ამბობს, ღმერთი სიყვარულია და არა ძალადობა. რატომ გავიწყდება, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება? რატომ გავიწყდება, რომ ყველას აქვს ცხოვრების უფლება? ვინ მოგცა უფლება, დაჩაგრო, ავნო და იძალადო. მაგრამ არა, ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ ვართ ერთად, ყველას წინააღმდეგ.

დღეს ქვეყანას არ გააჩნია სისტემა, რომელიც დაიცავს ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულს. დღეს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებულ აზრს ეწინააღმდეგებიან. ქვეყანაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ქვეყანაში, სადაც აზრის გამოხატვა შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეს. მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება განსხვავებულ აზრსა თუ დამოკიდებულებას, ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვდგავართ ერთად, ყველას წინააღმდეგ.

მე ვგმობთ ძალადობას. როგორც სოციალური მუშაკი და, პირველ რიგში, როგორც პიროვნება, ვგმობ ყველა იმ ძალადობრივ ფაქტს, რომელიც განსხვავებულობის გამო განხორციელდა. მე მჯერა უკეთესი მომავლის. მე მოგიწოდებთ ყველას, არ დავკარგოთ ერთმანეთი განსხვავებული აზრის გამო. არ შეგვაშინოს ბარიკადებმა, რომელიც ჩვენ შორის აღიმართა. ვიცხოვროთ სიყვარულით და ვიცხოვროთ  ერთად, ყველას წინააღმდეგ, ყველასი, ვინც ძალადობას ახალისებს!
 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2285898
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
211
836
2362
2274621
7725
37691
2285898
Your IP: 18.118.193.232
2024-05-08 07:47