ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია  სწორედ 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, იწყება და 10 დეკემბერს სრულდება - ადამიანთა უფლებათა დაცვის დღეს.

გაეროს ქალთა ფონდის მიერ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ქალი მაინც გამხდარა როგორც სექსუალური, ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, ქალთა 26,2%-ს განცდილი აქვს სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვეყანაში ფემიციდის მაჩვენებლის ზრდა. ფემიციდის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით ასეთია: 2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა 24 ფემიციდის შემთხვევა, 2021 წელს 22 შემთხვევა.  რაც შეეხება, ქალის მკვლელობის მცდელობის სტატისტიკას, 2020 წელს დაფიქსირდა 27 შემთხვევა, 2021 წელს კი 31 შემთხვევა, რომლებიც წარმოადგენს გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულს. 2022 წლის ბოლო 8 თვის მონაცემებით კი ძალადობის საკითხთან მიმართებით შესაბამისი საქმის წარმოება დაიწყო 4591 პირის მიმართ 2022 წლის 8 თვის მონაცემებით  ქალთა მკვლელობის რაოდენობა შეადგენს 13-ს, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობა 11-ს. უნდა აღინიშნოს ასევე ჩვენ გარშემო არსებული ბოლოდროინდელი ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ქალთა მიმართ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულების სიმძაფრესა და პრობლემის მასშტაბებს.

2022 წლის 25 ნოემბერს, თბილისში, ,,ქალთა მოძრაობა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მსვლელობას გამართავს, რომელიც იქნება ქალთა ძალადობის მიმართ პროტესტის გამომხატველი და ქალთა უფლებების დაცვისკენ მიმართული.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობისას გვხვდება მთელი რიგი გამოწვევები და სირთულეები, მაგალითად: ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტის კადრის ნაკლებობა, ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირებულობის დაბალი დონე, ასევე ბარიერს წარმოადგენს დანაშაულის გამოძიების კუთხით წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ხარვეზები. ხარვეზები და გამოწვევები გვხვდება საკანონმდებლო მექანიზმებშიც,  მაგალითად, საქართველოში ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია ითხოვენ, რომ  საქართველოში საკანონმდებლო დონეზე განიმარტოს „ფემიციდის“ ცნება და ამასთან, დაიგეგმოს და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე უმნიშვნელოვანესია სოციალური მუშაკის როლი. სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ინდივიდების გაძლიერებაზე, მომსახურებების შექმნაზე, ქალთა ძალადობის საკითხებზე ადვოკატობის კომპანიებზე, პოლიტიკის შექმნასა და ზოგადად ქალებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნაზე.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს და იმისთვის რომ დაცული იყოს ქალის უფლებები ჩვენს ქვეყანაში,  სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ქალთა უფლებების დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში და ხელი შეუწყოს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შემდეგი ნაბიჯების გადადგმით:

  • განხორციელდეს ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება
  • განხორციელდეს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების აქტიური მონიტორინგი
  • განხორციელდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის გამოწვევი მიზეზებისა და ძალადობის წამახალისებელი ფაქტორების ანალიზი
  • შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამები და აქტიურად ამუშავდეს ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილი კამპანიები
  • სამართალდამცავმა უწყებებმა პერიოდულად შეისწავლოს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების გამოძიების პროცესში არსებული სირთულეები და დანერგოს მექანიზმები, რომელიც მოერგება ამ მიმართულებით გამოძიების პროცესში წამოჭრილ გამოწვევებს
  • მედიის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ არსებული ძალადობის ფაქტების გაშუქების დროს მაქსიმალურად დაიცვან  ძალადობის მსხვერპლების და მათი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

სტატია მომზადებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პრაქტიკანტის, თსუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის, მარიამ კალანდაძის, მიერ.