ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მე ვარ სოციალური მუშაკი


სოფიო ბაჩილავა
სოციალური მუშაობის მაგისტრი


ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრ ადამიანთან მომიწია საკუთარ პროფესიაზე საუბარი და  აღმოვაჩინე, რომ თანამოსაუბრეთა უმეტესობამ ან საერთოდ არ იცის, რა არის სოციალური მუშაობა, ან არასწორი წარმოდგენა აქვს მასზე. ეს გასაკვირი არც არის, რადგან საქართველოში სოციალური მუშაობა ახალგაზრდა პროფესიად ითვლება და არასწორი შეხედულებებიც შეიძლება ამას მივაწეროთ. თუმცა, ასეა თუ ისე, გადავწყვიტე უკეთ გაგაცნოთ ჩემი პროფესია. ამ მიზნით დაწერილ პირველ პოსტს კი სოციალური მუშაობის შესახებ გავრცელებულ იმ მითებზე ვწერ, რომლებსაც ასე ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში.
  • თქვენ ის არ ხართ, ქულებს რომ წერთ?
სოციალური მუშაკები უკვე მივეჩვიეთ და გვეღიმება (ხან სიმწრითაც ;) ), როცა  ადამიანებს სოციალურ აგენტებში ვერევით.
სოციალური აგენტები ოჯახებში მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად დადიან და გარკვეულ ქულებს უწერენ. სოციალური მუშაობა, სოციალური აგენტობისგან განსხვავებით არის პროფესია, რომელსაც  ადამიანები უნივერსიტეტში ეუფლებიან და ხარისხსაც იცავენ. სოციალური აგენტი, საკუთარ, ძალიან მნიშვნელოვან, ფუნქციას ასრულებს: ის წინასწარ შექმნილი, საერთო სქემით ამოწმებს ოჯახებს და მისგან მოპოვებულ ინ
ფორმაციას კომპიუტერული პროგრამა აჯამებს.  რაც შეეხება სოციალურ მუშაობას, მისი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ოჯახთან მუშაობა, თუმცა, ქულებს სულაც არ ვწერთ და ამ სისტემასთან საერთო არაფერი გვაქვს... სოციალური მუშაკები ვცდილობთ ოჯახს სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში და გაძლიერებაში დავეხმაროთ. ამისთვის სხვადასხვა მიდგომას ვიყენებთ, რომელზეც სხვა დროს მოგითხრობთ.შევთანხმდეთ, სოციალური მუშაკი იმდენადვეა სოციალური აგენტი, რამდენადაც წნევის საზომი აპარატია ყავის აპარატი, მხოლოდ იმიტომ რომ მათ ერთი საერთო სიტყვა აქვთ. 
  •  სოციალურ მუშაკები მხოლოდ ბავშვებთან მუშაობენ
არა, სოციალურ მუშაობას საკმაოდ მრავალფეროვანი სამიზნე ჯგუფები ჰყავს. ბავშვებთან მუშაობა ჩვენი პროფესიის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა, ისევე, როგორც, მაგალითად, ადვოკატობა სოციალური ცვლილებებისთვის.
  •  სოციალური მუშაკები მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან
კიდევ ერთი გავრცელებული აზრით, სოციალური მუშაკები მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  სოციალური მუშაობის მისიაა, ხელი შეუწყოს სოციალურ ცვლილებებს, ადამიანთა გაძლიერებას და მათ სრულფასოვან სოციალურ ფუნქციონირებას, გააუმჯობესოს კეთილდღეობის ხარისხი და ადამიანთა თუ სექტორთშორისი ურთიერთობები. სოციალური მუშაობა საკუთარი მისიის განხორციელებისას ხშირად მუშაობს/უნდა მუშაობდეს საზოგადოების როგორც გაჭირვებულ, ისე შეძლებულ ფენებთან, რომლებიც რაიმე ნიშნით ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არიან მოწყვლადნი.
 სოციალური მუშაკები არიან უგულო ადამიანები და მათ ბავშვები ოჯახებიდან გამოჰყავთ​
სოციალური მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიაა არსებულ პროფესიებს შორის და ჩვენ - სოციალური მუშაკები - ამაყები ვართ, რომ ვემსახურებით ამ პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მუშაკს ნამდვილად შეუძლია გადაუდებელ შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა (რეგიონული საბჭოს თანხმობით), ჩვენი მთავარი ამოცანა არა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა, არამედ ოჯახის ჰარმონიული ფუნქციონირების ხელშეწყობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ  ბავშვები მშვიდ, ძალადობისგან თავისუფალ და სიყვარულით აღსავსე გარემოში უნდა იზრდებოდნენ, სადაც მათზე ზრუნავენ. ასეთ ადგილად საუკეთესო შემთხვევაში ბავშვისთვის ოჯახი მოაზრება. თითოეულმა ადამიანმა და, შესაბამისად, სოციალურმა მუშაკებმაც, ვიცით, რომ სამყაროში არ არსებობს იდეალური  ოჯახი, ვიცით, რომ ყველა ოჯახში არსებობს პრობლემები. რა თქმა უნდა, ყოველდღიური პრობლემები ბავშვის სახლიდან გამოყვანის მიზეზი არ ხდება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკანასკნელი ზომა, რომლის მიღებაც მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ყველა სხვა გზა ამოწურულია, როდესაც ბავშვის სიცოცხლეს თუ განვითარებას ემუქრება საფრთხე, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციას მისი გამორიდება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის მისივე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე და ამავე დროს არ არის საბოლოო შედეგი. სოციალური მუშაკი ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის წუთიდან აგრძელებს მუშაობას ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან, იქ არსებული პრობლემის დასაძლევად და ბავშვის სახლში დასაბრუნებლად.
 მაინც  ვინ არიან სოციალური მუშაკები?ადამიანებს, რომელთა პროფესიაც სოციალური მუშაობაა, გვწამს, რომ საჭირო ძალისხმევის შედეგად ადამიანებს პრობლემების დაძლევა შეუძლიათ. სოციალური მუშაკები ვიბრძვით ინდივიდის თუ საზოგადოების გაძლიერებისთვის. სხვადასხვა თეორიაზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდებით, ხელს ვუწყობთ სასიკეთო ცვლილებებს ინდივიდის, ჯგუფის თუ თემის დონეზე. სოციალურ მუშაკებს საკუთარი პროფესიული ცოდნის გამოყენებით შეგვიძლია შევცვალოთ და საზოგადოების საკეთილდღეოდ გავაუმჯობესოთ არსებული სიტემები თუ პოლიტიკა. 

 საინტერესო და საჭირო პროფესიაა, არა?