Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მუშაობა სიყვარულისა და თავისუფლებისთვის

თეო გვალია

„სოციალურ მუშაკთა კლუბის“ ადმინისტრაციის წევრი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩემი არ გასვლის საკითხი არც კი განიხილებოდა ოჯახში. ჩემთვისაც (მაშინ) ეს ერთადერთი პერსპექტივა იყო სკოლის დამთავრების შემდეგ. თუმცა არ ვიცოდი, რა მინდოდა, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი.

განსაკუთრებული ინტერესები არ მქონია. არც ბავშვობაში მიოცნებია რაიმე პროფესიაზე. ის-ის იყო ღელვა უნდა დამეწყო ამ ჩემს გაურკვევლობაზე, რომ გავიგე სოციალური მუშაობის არსებობის შესახებ ჩემი დისგან, რომელმაც მოკლედ ამიხსნა, რას გულისხმობდა ეს პროფესია და მითხრა, რომ, მისი აზრით, მე ვიქნებოდი კარგი სოციალური მუშაკი.   პირველ რიგში, იმით მოვიხიბლე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის ვასოცირდებოდი თანამგრძნობ და მხარდამჭერ   ადამიანთან. მეორეც - პროფესია ხომ მჭირდებოდა. ჰოდა, ბევრი არც მიფიქრია, არც დამატებითი ინფორმაცია მომიძიებია, ანას მოყოლილით დავკმაყოფილდი და საგამოცდო განაცხადში პირველი ადგილი მივუჩინე სოციალურ მუშაობას. ეს იყო ჩემი ერთადერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი, რომელიც აღმოჩნდა ერთმნიშვნელოვნად სწორი. ზოგჯერ უბრალოდ უნდა მიჰყვე დინებას, ამან შეიძლება საინტერესო ადგილას ამოგაყოფინოს თავი, როგორც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში მოხდა.პირველი კითხვები ჩემს არჩევანთან დაკავშირებით იმ დღეს დავსვი, როცა მეგობარს ვუხსნიდი, თუ რას გულისხმობდა ჩემი პროფესია და აღმოვაჩინე, რომ სწავლის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული, სად ვიყავი. არ მქონდა კავშირი იმასთან, რისი გაკეთებაც მომავალში მომიწევდა. ამ უსიამოვნო გაცნობიერებამ ფიქრი დამაწყებინა. მას შემდეგ, ორი მთავარი საკითხის გარშემო ვტრიალებ - რა არის სოციალური მუშაობა და როგორი უნდა იყოს, რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკი. სხვადასხვა დროს განსხვავებული პასუხები მქონდა ამ კითხვებზე. დღეს კი გეტყვით, რომ სოციალური მუშაობა, ჩემთვის ყველაზე ახლოს სიყვარულსა და თავისუფლებასთან დგას. სოციალური მუშაკი კი არის ამ ფასეულობათა დაცვისა და გავრცელების სამსახურში მყოფი ადამიანი.

სიყვარულისა და თავისუფლების გარეშე ადამიანური არსებობა დაცლილია ყოველგვარი აზრისა და მნიშვნელობისგან. მათი მოპოვებისთვის ვიბრძვით მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება. ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ, ანუ ვიყოთ სასურველები და აღიარებულები. ერთი სიტყვით, თვითდამკვიდრება გვჭირდება, რისთვისაც აუცილებელია, ვფლობდეთ გარკვეულ პიროვნულ და სოციალურ უნარებს. სწორედ აქ დგება თავისუფლების საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი თავისა და სოციალური გარემოს გაცნობიერებასთან. მხოლოდ, ამ ცოდნის მოპოვებისთვის უნდა არსებობდეს დრო და სივრცე. ხშირია შემთხვევები, როცა ეს პირობები უბრალოდ არ არსებობს. იქ, სადაც ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, არ რჩება ადგილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე ფიქრისთვის. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს დახმარება სჭირდება. სწორედ აქ აქვს საქმე სოციალურ მუშაობას, რომელსაც სწორად ესმის ეს დახმარება. სოციალური მუშაობა არ არის მიმართული ადამიანის საჭიროებათა ერთდჯერადი დაკმაყოფილებისკენ (თუმცა, ამასაც აკეთებს), არამედ მას აინტერესებს ადამიანი და ცვლილებები ადამიანში, რათა შემდგომში მან თავად შეძლოს გამკლავება საკუთარ საჭიროებებთან. სოციალური მუშაობა ცდილობს გააძლიეროს ინდივიდი ისე, რომ მან შეძლოს კონტროლის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, ანუ, გაძლიერებით ათავისუფლებს. და ამას აკეთებს ადამიანის ღირსების დაცვითა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით. თუმცა, ცვლილებისთვის მხოლოდ ინდივიდუალური მზაობა არ არის საკმარისი. ამიტომ, მეორე მხრივ, სოციალური მუშაკი ინდივიდის სოციალურ გარემოში ინიცირებს ცვლილებებს. მუშაობს ისეთი სივრცის შექმნისთვის, რომელიც ადამიანს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს. ამ დონეზე სოციალური მუშაკი მუშაობს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან. გამოდის, სოციალური მუშაობა ერთგვარი მომრიგებლის როლს თამაშობს ინდივიდსა და გარემოს შორის. ამ საქმეში კი მას ღირსეული მებრძოლის როლის მორგება სჭირდება. რა უნდა ჰქონდეს სოციალურ მუშაკს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ღირსეულ მებრძოლად? ჩემი აზრით, ეს არის განათლება და სწრაფვა პიროვნული განვითარებისკენ. განათლებაში არ იგულისხმება მხოლოდ თეორიის, მუშაობის კონკრეტული ტექნიკების ცოდნა. სასწავლო კურიკულუმი უნდა მოიცავდეს კურსებს, რომლებიც ისეთი უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისკენ იქნება მიმართული, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შეფასების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.  რაც შეეხება პიროვნულ განვითარებას, ვფიქრობ, სოციალური მუშაკი თავად უნდა იყოს სიყვარულისა და თავისუფლებისკენ მსწრაფი ადამიანი. ის ვერ დაიცავს იმას, რაც მისთვის ძვირფასი არ არის. მუდმივად უნდა შეიმეცნებდეს საკუთარ თავს, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია მიიღოს ცოდნა ადამიანის შესახებ და გაუჩნდეს მისი რწმენა. დიახ, სოციალურ მუშაკს უნდა უყვარდეს და სწამდეს ადამიანი, მისი შესაძლებლობები, მას უნდა სჯეროდეს სასწაულების და, ამავდროულად, წამითაც არ გაწყვიტოს კავშირი რეალობასთან.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია, რომელმაც სხვანაირად დამანახვა და შემაყვარა ადამიანი, რომელიც არ მთავრდება სამუშაო დღის დასრულებასთან ერთად და რომლის პროფესიული ეთიკა და ღირებულებებიც სინდისად მექცა. 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2552252
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
981
240
10289
2535692
27845
41894
2552252
Your IP: 3.129.73.6
2024-12-23 05:34