2018 წლის 3 თებერვალს ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონულ წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებისა და ასოციაციის ხედვის შესახებ, ასევე, განხილულ იქნა რეგიონალურ დონეზე პროფესიის პოპულარიზაციის გზები და სოციალური მუშაკების გააქტიურება ამ პროცესში.
შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას რეგიონული წარმომადგენლები თავიანთ რეგიონებში სხვა წევრებში გაავრცელებენ და დაიგეგმება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს წარმომადგენლებს მათი მოტივაციისათვის, მოხალისეობრივად შეიტანონ თავიანთი წვლილი პროფესიის განვითარებაში, და ერთობლივად გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია წევრებთან.
მოხარულები ვართ, გაგაცნოთ ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენლები:
1. აჭარა: ნინო ცეცხლაძე
2. გურია: მაია ჯაში
3. იმერეთი: მზევინარ ღაჭავა
4. კახეთი: ნინო ელიოზიშვილი
5. მცხეთა-მთიანეთი: თამარ მაისურაძე
6. სამეგრელო- ზემო სვანეთი: ცაბუნია ვართაგავა
7. სამცხე- ჯავახეთი: თეა ქურდაძე
8. ქვემო ქართლი: ქეთევან სამაშვილი
9. შიდა ქართლი: ბადრი ციქუბაძე
ასოციაციამ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეარჩია ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლები. შერჩევის პროცესის დროს, რეგიონების მიხედვით ასოციაციის წევრები ასახელებდნენ კანდიდატს, ან საკუთარ თავს შესაბამის კანდიდატად. რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, თავად წევრები აძლევდნენ ხმას, რომელი მათგანი უნდა ყოფილიყო ასოციაციის რეგიონული წარმომადგენელი და მოხალისეობრივად დახმარებოდა ასოციაციას რეგიონულ წევრებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და პროფესიის განვითარების ხელშეწყობაში.
რეგიონული წარმომადგენლების არსებობის ინიციატივა წარმოიშვა რეგიონული ვიზიტების შემდგომ, რომელიც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა 2016-2017 წლებში ასოციაციის წევრებთან თითქმის ყველა რეგიონში განახორციელა. მისი სტუმრობის დროს თითოეულმა რეგიონმა აღნიშნა პირისპირ რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობა. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება სისტემატიურად რეგიონებში სტუმრობის უზრუნველყოფა, გადაწყდა, რომ თბილისშიც მოეწყოს შეხვედრები რეგიონის წარმომადგენლებთან, წელიწადში ორჯერ მაინც, რათა მოხდეს არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესება. რეგიონებიდან შეხვედრას დაესწრებიან ის ადამიანები, რომლებიც გახდნენ ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლები და ხელს შეუწყობენ ასოციაციისა და რეგიონულ წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
კომუნიკაციის გაუმჯობესება წევრებთან უაღრესად მნიშვნელოვანია ასოციაციისათვის და ვთვლით, რომ პროფესიული განვითარების ხელშეწყობის წინაპირობასაც წარმოადგენს.