Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა ბავშვთა გასართობ ცენტრებში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისათვის მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  ბავშვთა ერთ-ერთი გასართობი ცენტრი არასრულწლოვნებზე ყიდის ალკოჰოლს, მათ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული აქვთ ბავშვებისთვის შეუფერებელი თემატიკის სარეკლამო ვიდეოები, ფოტოები და თამაშები, დაბადების დღის ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ გადაეცემა ჯილდოდ მარტინის დიდი ბოთლი არასრულწლოვან გოგონას. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მშობელმა, რომლის 14 წლის შვილი დაპატიჟებული იყო დაბადების დღეზე. მშობელმა მიაკითხა მას და ნახა, რომ გოგონების და ბიჭების უმეტესობა იყო ნასვამი, ზოგიც ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზისაგან  თავს ცუდად გრძნობდა.
 
ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ შორის ბავშვთა დაცვა სხვადასხვა ტიპის ძალადობისაგან რეგულირებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა რატიფიცირებაც მომხდარია სახელმწიფოს მიერ. თუმცა აღსრულების და აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შემდგომ რეგულირებას საჭიროებს.
ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში ასევე აკრძალულია ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, კონკრეტულად, ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაც იმ პირების მიერ, რომელთაც არასრულწლოვანზე მეთვალყურეობა ევალებათ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით1 აკრძალულია ალკოჰოლის მიწოდება არასრულწლოვნებისთვის და მოქმედებს შესაბამისი სანქცია, რომელიც აწესებს როგორც კანონიერი წარმომადგენლის, ასევე ნებისმიერი სხვა პირის პასუხისმგებლობას, თუმცა კონტროლის მექანიზმი აქაც სუსტია და არ გვაქვს კონკრეტული მითითება ვინ აღასრულებს კონტროლს აღნიშნულზე. აღნიშნული კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად: „მშობლების ან სხვა პირთა მიერ არასრულწლ
ოვანის დათრობა, -გამოიწვევს   დაჯარიმებას   შრომის   ანაზღაურების   ერთიდან   ორ   მინიმალურ ოდენობამდე.“ 
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით: „1. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, −გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.“.
      იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხე ადგება ალკოჰოლის მოხმარებით არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას, რომლებიც დაცულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით და რომელთა დაცვაზე, შესაბამის რეგულირებასა და რეაგირებაზე სახელმწიფო იღებს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულირება მწირია და სანქციაც საკმაოდ არარელევანტური. ასევე გაუგებარია, რა ფორმით აღნიშნული ნორმის დარღვევაზე კონტროლი.
ეროვნულ დონეზე არსებობს რეფერირების პროცედურების მარეგულირებელი დოკუმენტი2, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან მოქმედებს და ავალდებულებს სახელმწიფო, საჯარო სტრუქტურებს ბავშვზე ძალადობის ან სავარაუდო ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.
რეფერირების დოკუმენტი, ითვალისწინებს რა საერთაშორისო გამოცდილებას და სამართლებრივ საფუძვლებად აღიარებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას,  გვაძლევს ძალადობის სხვადასხვა ფორმის განმარტებას. ამჯერად გამოვყოფთ მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ფორმების განმარტებას: „ძალადობად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც  იწვევს ბავშვის საბაზისო უფლებების (განათლება,  ჯანსაღი ფიზიკური  და მენტალური განვითარება) შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, გასართობი ცენტრის მიერ არასრულწოვანთა ჯანსაღ განვითარებას ექმნება მნიშვნელოვანი საფრთხე.“
   რეფერირების დოკუმენტი არეგულირებს ძალადობაზე რეაგირების პროცედურებს არამხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, ასევე რეფერირების პროცედურებში ჩართულ სუბიექტებად ასახელებს და რეაგირების ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. დოკუმენტში არ არის საუბარი იმ კერძო, სამეწარმეო და არასამეწარმეო დაწესებულებებზე, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ახორციელებენ ბავშვთა და არასრულწლოვანთა სფეროში. ასეთ დროს აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი სუსტია.
      საქართველოს რატიფიცირებული აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენცია (1994 წლიდან).3 აღნიშნული კონვენციის თანახმად, ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები და სახელმწიფოებს ავალდებულებს: „ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.“
ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება საქართველოში და არეგულირებს ბავშვთა და არასრულწლოვანთა საკითხებს, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ კონვენციას. გარდა შესაბამისობისა, შიდა კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს კონვენციის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმს.
ამასთანავე, საქართველო არის ასოცირების შესახებ შეთანხმების4 ხელმომწერი,  ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორე მხრივ, საქართველოს შორის. აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულების მეთხუთმეტე თავი ეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, კერძოდ, 356-ე მუხლის პირველი ნაწილის „ცე“ პუნქტის თანახმად: “თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ კონკრეტულ სფეროებს: არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის იმ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება.“
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა დაცვა ძალადობის ყველა ფორმისაგან და შესაბამისი ზომების მიღება.
     ზემოთ განხილული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვის უფლებები, მათ შორის მისი სიცოცხლე, უსაფრთხოება, ჯანსაღი განვითარება, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი ტიპის  ძალადობისაგან, როგორც მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, ასევე სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან და ამისათვის განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რაც პირველ რიგში, საერთაშორისო ნორმათა საფუძველზე ეროვნულ  საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას და არსებული რეგულირების აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის დახვეწას გულისხმობს.
სასურველია, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე რეფერირების დოკუმენტი გავრცელდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სამეწარმეო/არასამეწარმეო პირზე, რომელიც საქმიანობას ეწევა ბავშვთა/არასრულწლოვანთა სფეროში და მოძალადის განსაზღვრებაც იყოს უფრო ფართო და ითვალისწინებდეს ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ან შესაძლოა ახორციელებდეს რაიმე ტიპის ძალადობას/უგულებელყოფას არასრულწლოვანზე. ასევე, სასურველია შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს იმ დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს (ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სუპერმარკეტები და სხვა),  რომლებიც ყიდიან სხვადასხვა სახის ალკოჰოლურ სასმელს.  აღნიშნულ ორგანოზე პასუხისმგებლობა დაეკისრება კონკრეტულ სამინისტროს.
  1. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ, N1644-Iს,  27.11.2013, საქართველოს პარლამენტი  https://matsne.gov.ge/ka/document/view/2106677#DOCUMENT:1 
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N437, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) პროცედურების დამტკიცების თაობაზე, 12.09.2016,  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478
  3. კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ , 02.07.1994, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901
  4. ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის,2014წ,  http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA_BodyText%20%2810%29.pdf

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2507914
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
551
1434
5225
2498807
25401
43677
2507914
Your IP: 18.224.53.246
2024-11-22 06:25