Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან სოციალურ მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს

25 მარტს, დილის 08:30 საათიდან, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, საკუთარი და მათი მხარდაჭერის იმედად მყოფი მოქალაქეების უფლებების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.


აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან.
 
მაგალითად, ქობულეთის სოციალური მუშაკის განმარტებით,[1] 2019 წლის 22 მარტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსი, სამსახურიდან გათავისუფლებითა და ,,შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით" დაემუქრა მას, თუკი ის შეუერთდებოდა გაფიცვას. მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვა რაიონულ ცენტრებშიც.
 
გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის გამო, დასაქმებულის დაშინება ან/და მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება.
 
კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.[2]
 
გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.[3]
 
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლების რეალიზაცია სრულყოფილად შეძლონ, იმის მიუხედავად, თუ ამ აქტს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკების უფლებების ეფექტიანი დაცვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებზე აისახება დადებითად.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულთა შრომითი უფლებებით განუხრელი სარგებლობის მიზნით აუცილებელია სახელმწიფომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს ყველა მსგავს შემთხვევაზე.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლას და სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვისათვის გამოვიყენებთ კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის ყველა საშუალებას.
 კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სოციალურ მუშაკებს მათ სამართლიან ბრძოლაში და მოვუწოდებთ:
 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლას,სოციალური მუშაკების დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მათი თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარის ყველა მსგავს შემთხვევაზე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. 
 
 
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი
 
 

[1]http://netgazeti.ge/news/351068/?fbclid=IwAR1tSzNNADaX4VOscOrCmq4qOnoakRIEPL_JhdtHOA2G6ACcwqjpB5ecO7w 
[2] საქართველოს შრომის კოდექსის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
[3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლი;

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2508780
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
1417
1434
6091
2498807
26267
43677
2508780
Your IP: 3.133.157.231
2024-11-22 13:23