Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მუშაკების როლი Covid-19-ის პანდემიის პერიოდში

Covid-19–ის პანდემიის გავრცელება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი იყო სახლში დარჩენა და სოციალური იზოლაცია. 

პანდემიის პერიოდში დაწესებულებები და ორგანიზაციები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. შექმნილ მდგომარეობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანად გამოიკვეთა სოციალური მუშაკების როლი მოწყვლად ინდივიდებთან და ოჯახებთან მუშაობის თვალსაზრისით. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, სოციალური მუშაკები კვლავ აგრძელებდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას დისტანციურად, რაც თავის მხრივ გარკვეულ პროფესიულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული.

Covid-19-ის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ახორციელებდა სოციალური მუშაკების მხარდამჭერ ღონისძიებებს, რათა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული სოციალი მუშაკებისთვის  შეეთავაზებინა რესურსები და პროფესიული მხარდაჭერა აღმოეჩინა.

პანდემიის გავრცელების და დისტანციურ საქმიანობაზე გადასვლის საწყის ეტაპზე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძვნებელმა და გამგეობის წევრმა, ქალბატონმა ნათია ფარცხალაძემ, მოიძია და გაგვიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს სოციალურ მუშაკს საზოგადოებისთვის საშიში ინფექციური დაავადებების, მათ შორის ახალი კორონა ვირუსის მართვის პროცესში, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ:

“დადასტურებული COVID-19 შემთხვევების რაოდენობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც დღითიდღე იზრდება. 2020 წლის 13 მარტის მონაცემებით, საქართველოში შემთხვევების რაოდენობამ 25 შეადგინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი კორონა ვირუსი გავრცელების ადრეულ სტადიაზე გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 11 მარტს კი, როდესაც ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 120 ქვეყანაში 122,000-ს და გარდაცვლილთა რიცხვმა 4,400 მიაღწია, ჯანმო-მ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ჯანმო მუშაობს ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და რეაგირების სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაზე.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ოჯახის, თემის, ქვეყნის განუყოფელ ნაწილს და ასევე გავლენას ახდენს ვირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების დინამიკაზე. კორონა ვირუსი ხასიათდება მაღალი კონტაგიოზობით და ძირითადად გადაეცემა დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით წვეთოვანი გზით. COVID-19 (ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება) იწვევს მწვავე რესპირატორულ დაავადებას და პნევმონიას. დაავადებით გამოწვეული სიკვდილობასთან დაკავშირებით ვრცელდება განსხვავებული ინფორმაცია. თუმცა, ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ყველა ასაკობრივი ჯგუფის მონაცემების გასაშუალების შემდეგ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობა შეიძლება 3.4 % ჩაითვალოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და პაციენტების მკურნალობაში ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების როლი განუზომელია და კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. თუმცა ასევე საყურადღებოა ახალი კორონა ვირუსის, სხვა საზოგადოებისთვის საშიში ინფექციური დაავადებების მართვის და ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაკების როლიც, როგორც საზოგადოების დახმარებაში, ასევე სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერასა და მათზე დაკისრებული უზარმაზარი ტვირთის შემსუბუქებაში.

ებოლას ვირუსით დაზიანებული დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ბოლოდროინდელი გამოცდილება, საზოგადოებისთვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და დაავადების უარყოფითი სოციალური გავლენის შემცირებაში სოციალური მუშაკების როლის კარგი ილუსტრაციაა. ამ ქვეყნებში სოციალური მუშაკები პასუხისმგებელნი იყვნენ მოწყვლად მოსახლეობაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე, მათ გაძლიერებასა და უფლებების ადვოკატირებაზე. აღსანიშნავია სოციალური მუშაკების გამოკვეთილი როლი მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე მუშაობისას. კერძოდ:

მიკრო დონეზე - ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს კლიენტებისთვის (მაგ.მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის და ზრდასრული პირებისთვის) ისეთი მომსახურებების მიწოდება, როგორიცაა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა; ოჯახის წევრების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების დროს, მზრუნველის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის ალტერნატიული ზრუნვის უზუნველყოფა; ფსიქო-სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება და მწუხარებასთან გამკლავებაში დახმარება; ჯანდაცვის მომსახურებების მიღებისას შექმნილი ბარიერების დაძლევაში ხელშეწყობა; ჰიგიენის წესებდა და დამცავი საშუალებების გამოყენებაზე თემის ინფორმირება და ა.შ.

მეზო დონეზე - ინფექციის და მისი პრევენციის შესახებ თემის განათლება და მობილიზება, რაც შესაძლებელია სოციალურ მუშაკების მიერ თემის მობილიზებისა და მათთან ნდობის დამყარების პროფესიული უნაების გამოყენებით; დაავადებასთან დაკავშირებული მითების გაქარწყლება; დაავადებულთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სტიგმის შემცირება (განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ დაავადებული პირი სხვათა ინფიცირების წყარო გახდა); სახელმწიფო სტრუქტურებთან და მომსახურებების სხვა მიმწოდებლებთან ოჯახებისა დაკავშირება და მრავალი სხვა.

მაკრო დონეზე - დაავადების სოციალური შედეგების შესამცირებლად საჭირო პოლიტიკის, პროგრამების, მომსახურებებისა და მათი სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა.

საინტერესოა სოციალური მუშაკების როლი ებოლისა და შიდსის შედეგად დაობლებული ბავშვების დავცისა და მათთვის დამატებითი რისკების თავიდან არიდების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ბევრ ქვეყანაში (განსაკუთრებით კი აფრიკის კონტინენტზე), ამ დაავადებების შედეგად მარტო დარჩენილი ბავშვების დიდი რიცხვი დარჩა თავშესაფრის გარეშე, ვერ იკმაყოფილებდა განათლების, ჯანდაცვის და სხვა საბაზისო საჭიროებებს, იდგა ტრეფიკინგის გაზრდილი რისკის წინაშე. ბავშვების პრობლემებს ართულებდა ნათესავებისა და თემის შიში, მათგან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გადადების გამო. ჩამოყალიბებული სტიგმა განაპირობებდა ბავშვების იზოლირებას, ჩაგვრასა და მომსახურებებადმი ხელმისაწვდომობის შემცირებას, რაც თავის მხრივ, ართულებდა ბავშვების მდგომარეობას და ზრდიდა ვირუსის გავრცელების რისკებს.

ჯანდაცვის, სოციალური მუშაკების და სოციალური მომსახურებების სხვა მუშაკების თავდაუზოგავმა შრომამ და ზემოთ ჩამოთვლილი ინტერვენციების სხვადასხვა ფორმით დანერგვამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების, განსაკუთრებით კი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანახმად, ასევე სამხრეთ კორეელი სოციალური მუშაკების საქმიანობის მაგალითზე, უკვე გამოიკვეთა სოციალური მუშაკების მნიშვნელოვანი როლი ახალ კორონა ვირუსთან გამკლავების საქმეში. კორონა ვირუსის პანდემიას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებისთვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებას, თან ახლავს პანიკა, შიში, სირცხვილის გრძნობა, ბრაზი, მწუხარება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში შექმნილი კრიზისის გარდა ადგილი აქვს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, შემოსავლის დაკარგვას, პროდუქტებითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგების შემცირებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვას. სოციალური დაცვის სისტემის ფუნქციონირებასა და სოციალური მომსახურებების მიწოდებაში წარმოიქმნება სირთულეები (ან ადგილი აქვს ზოგიერთი მომსახურების სრულ შეწყვეტას), რაც კიდევ უფრო ართულებს ადამიანების მდგომარეოას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივი გამოცდილება, ასევე კორონა ვირუსთან ბრძოლის მოკლევადიანი გამოცდილება გვიჩვენებს სოციალურ მუშაკების მიერ კლიენტის შემდეგი ქმედებებით მხარდაჭერის მნიშვნელობას:

- შფოთვის დაძლევა. პანდემიის, ვირუსის ქცევის შესახებ ინფორმაციის სიმწირისა და მისი მაღალი კონტაგიოზობის გამო, მაღალია მოსახლეობის შფოთვა, ძილის დარღვევა, არსებული ფსიქიკური დაავადებების გართულების შემთხვევაბი და ა.შ. სოციალურ მუშაკებს ხშირ შემთხვევაში აქვთ საჭირო ცოდნა მსგავს მდგომარეობაში მყოფი კლიენტების დასახმარებლად და სტრესთან გამკლავების ჯანსაღი მეთოდების დასანერგად.

- კარანტინისთვის მომზადება. სკოლებისა და ბაღების დახურვის, თვითიზოლაციისა და კარანტინის აუცილებლობის ფონზე, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოწყვლადი ოჯახების დახმარება კარანტინისთვის საჭირო პროდუქტებისა და ფინანსური რესურსების მოძიებაში; ბავშვების შესაძლო რთული ქცევის პოზიტიურად მართვის მეთოდების სწავლება; ოჯახებისა და საზოგადოების დახმარება კარანტინის პირობებში ბავშვის განვითარების საჭიროებათა შესაბამისი აქტივობების მოფიქრებაში და ა.შ.

- ბავშვთა დაცვა. პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებსა და მათ სოციალურ მუშაკებს უნდა ჰქონდეთ სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ზომის საოჯახო სახლებში, მიმღებ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების კრიზისულ ვითარებში მონიტორირებისა და დახმარების ალტერნატიული გზები. ასევე მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში ძალადობისა და უგულვებელყოფისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმების შემუშავება.

ასევე, მომავალში ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის დანერვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს სოციალური მუშაკის როლი მოწყვლადი ხანდაზმულებისა და სხვა პირების იდენტიფიცირებასა და ვაქცინაციის სახელმწიფო პრგრამაში მათ ჩართვაში.

სოციალური მუშაკის ღირებულებებისა და ფუნქციებისა განხორციელების გარდა, მნიშვნელოვანია პანდემიის დროს სოციალური მუშაკების დაცვაზე ფიქრიც. საგულისხმოა, რომ სოციალური მუშაკები, მათი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, თავად არიან ინფიცირების გაზრდილი რისკების წინაშე. სამხრეთ კორეაში სოციალური მუშაკების დიდი რიცხვის ინფიცირების გამო, საჭირო გახდა დაავადებული სოციალური მუშაკების საქმის გადანაწილება სხვა კოლეგებზე, რამაც გაამწვავა მათი გადაწვის რისკი. ასევე შეიქმნა სოციალური მომსახურებების მიწოდების მნიშვნელოვანი ვაკუუმი. განსაკუთრებით საგულისხმოა იმ სოციალური მუშაკების მდგომარეობა, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის კლიენტებთან - ხანდაზმულ ადამიანებთან. ხანდაზმულები, ერთი მხრივ დგანან ინფიცირებისა და გარდაცვალების გაზრდილი რისკის წინაშე, მეორე მხრივ კი, საგრძნობლად გაზრდილია მათთვის სოციალურ მუშაკის მხარდაჭერის საჭიროება.

შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია სოციალური მომსახურებების ადმინისტრაციას და სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ ვირუსისგან დაცვისა და გამკლავების სტრატეგიები.

კერძოდ აუცილებელია:

- ჰიგიენური ნორმების დაცვა

- მომსახურების ჩვეულ რეჟიმში მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, სარეზერვო გეგმის შემუშავება და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება

- დაფინანსების მოსალოდნელი შემცირების გათვალისწინებით, საბაზისო საჭიროებებისთვის ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის გეგმის დასახვა

- ტელეფონითა და ინტერნეტით გარკვეული მომსახურებების მიწოდების გეგმის შემუშავება და ა.შ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკებს ჰქოდნეთ თვით-ზრუნვის სტატეგიები, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, კოლეგებთან და სხვა მხარდაჭერის ჯგუფებთან რეგულარული კომუნიკაცია და ა.შ.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ სოციალურმა მუშაკებმა ვირუსის დაძლევაში საზოგადოების დასახმარებლად და ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, გაგვიზიარეთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდის ან შემდეგი ელექტორნული მისამართის გამოყენებით This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. - მასალა მომზადებულია ნათია ფარცხალაძის მიერ, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი. 

Covid 19-ის გავრცელებისთანავე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებთან, მოიკვლია მათი გამოწვევები და საჭიროებები, რათა პროფესიული მხარდაჭერა გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით დაგვეგეგმა.

გამოკითხვის შედეგად, სოციალური მუშაკებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო მუშაობის დისატნციურ რეჟიმზე გადასვლა, რადგან შესაძლებლობა არ ეძლეოდათ უშუალო პრაქტიკის განხორციელების, ოჯახებში ვიზიტის, ინტერვიუების ჩატარების და ა.შ. მათი საქმიანობა შემოიფარგლებოდა სატელეფონო კონსულტაციებით და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებით. ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნდათ გადაწვის რისკის თავიდან აცილება და პრაქტიკული, სამოქმედო გაიდლაინების არსებობა.

აღნიშნულ მოკვლევაზე დაყრდნობით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები იმ უწყებებისთვის, სადაც დასაქმებულნი არიან სოციალური მუშაკები. გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებასა და რეკომენდაციებს:

„კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელება დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ამ პირობებში სრულიად იცვლება ყველას ცხოვრების რიტმი და წესი.  ადგილობრივი და  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებების მიხედვით, ფიზიკური იზოლაცია, სახლში დარჩენა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტური მექანიზმია ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

ამ ვითარებაში იკვეთება სოციალური მუშაკების განსაკუთრებული როლი - იდგნენ როგორც თავიანთი, ასევე მათი მომსახურების მიმღებთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის სადარაჯოზე. სოციალური მუშაკები  იმ პროფესიონალთა რიცხვში არიან, რომლებიც პანდემიის პირობებშიც კი არ წყვეტენ მუშაობას. ზემოხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოციალური მუშაკები ონლაინ და დისტანციურ რეჟიმში დღემდე აგრძელებენ მუშაობას. ეს თავისთავად გამოწვევაა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკისთვის, რადგან მას ეზღუდება ბენეფიციარებთან პირისპირ კონტაქტის დამყარებისა და ინტერვიუს ჩატარების შესაძლებლობა, ვინაიდან შეუძლებელია ოჯახში ვიზიტი ან დასაქმების ადგილზე მომსახურების მიმღებთან შეხვედრა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ის გამოწვევები, რომლებსაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფი შეეჩეხება იზოლაციის პერიოდში. მნიშვნელოვანია, უწყებების მიერ გააზრებულ იქნას მოწყვლადი ჯგუფების განსაკუთრებული საჭიროებები და თითოეული უწყების მიერ სასწრაფოდ შეიქმნას სამოქმედო გეგმები, რათა პანდემიის და სულ უფრო გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო არ გაურთულოს მდგომარეობა აღნიშნულ ჯგუფებს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ჩაატარა მოკვლევა და გამოკვეთა ის რამდენიმე მთავარი საერთო პრობლემური საკითხი, რომლებსაც სოციალური მუშაკები და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები აწყდებიან ყოველდღიურ საქმიანობაში:

  • პრაქტიკული გაიდლაინების და სამოქმედო გეგმის არარსებობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფებთან (მაგ: ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები და ა.შ.) ონლაინ რეჟიმში მუშაობის მიმართულებით.
  • სარეაბილიტაციო მომსახურებების/პროგრამების დროებით შეჩერება, როგორც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების, ისე თავად სოციალური მუშაკების მხრიდან.
  • პროფესიული გადაწვის რისკი, ვინაიდან პირად სტრესსა და შფოთვას ემატება გაძლიერებული შფოთვა, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება (ბენეფიციართა გაუარესებული მდგომარეობა; საკუთარი უმწეობის განცდა, ვინაიდან შეზღუდვების გამო სათანადო დახმარებას ვერ აწვდის საჭიროების მქონე პირს; უსაფრთხოების ზომებზე ზრუნვა; დაინფიცირების შიში და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ პროფესიონალები, რომელთა მხარდაჭერაც პანდემიის მიმდინარეობისასაც და შემდეგაც ბევრ ადამიანს სჭირდება.
  • უფრო ინტენსიური სუპერვიზიის საჭიროება, ვინაიდან დისტანციური მუშაობა სრულიად ცვლის სოციალური მუშაკის ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და ხელიდან აცლის მთავარ სამუშაო ინსტრუმენტებს. შესაბამისად, მას სჭირდება დამატებითი ტექნიკების დასწავლა და მხარდაჭერა, რათა ამ მძიმე პერიოდში შეცვლილი პასუხისმგებლობების წინაშე მარტო არ დარჩნენ. გარდა ამისა, გამოიკვეთა სპეციფიკური პრობლემური საკითხები მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ ველზე მუშაობა მათი მანდატიდან გამომდინარე.

კერძოდ, მათი წუხილი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  1. ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, სოციალურ მუშაკებს გადაუდებელ შემთხვევებზე ვიზიტი მაინც უწევთ და, ძირითადად, საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან. მნიშვნელოვანია, უწყებამ უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო გადაადგილების საშუალებით როგორც სახლიდან სამსახურში, ისე ვიზიტებზე.
  2. წვდომის შეზღუდვა ელექტრონულ სამუშაო ბაზებსა და პროგრამებზე: მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად, სოციალური მუშაკები სამსახურში ცხადდებიან მორიგეობით, თუმცა ამ სქემას ვერ იცავენ, რადგან სახლიდან არ აქვთ დოკუმენტთა ელექტრონული ბრუნვის სისტემაში დისტანციურად მუშაობის საშუალება და ბაზებთან წვდომა, რაც აუცილებელია შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად. აუცილებელია, უწყებამ უზრუნველყოს სოციალურ მუშაკთა სახლიდან შეუფერხებლად მუშაობა და დოკუმენტაციის წარმოება სამსახურში მიუსვლელად.
  3. სახლიდან მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები: სახლიდან მუშაობა მოითხოვს კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამების მოხმარების სპეციფიკურ ცოდნას, რომელიც ყველა სოციალურ მუშაკს შეიძლება არ გააჩნდეს. ონლაინ ჩართვები კონსულტირებისა თუ სხვა უწყებებთან კომუნიკაციის მიზნით არ უნდა შეფერხდეს აღნიშნული ცოდნის არქონის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია უწყების მიერ ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერის უზრუნველყოფა სახლიდან მუშაობის რეჟიმში.
  4. განცხადების მიღება: სოციალური მუშაკები ჯერ კიდევ ფიზიკურად იღებენ განცხადებებს ახალ შემთხვევებზე, რაც არსებული ფიზიკური დისტანციის დაცვის რეკომენდაციის პირობებში მათი უსაფრთხოების სერიოზული დარღვევაა. უწყებამ უნდა შეძლოს ალტერნატიული გზების მოძიება განცხადების მისაღებად, რათა სოციალური მუშაკი სამუშაო ადგილზე არ დადგეს ინფიცირების ან ინფექციის გადაცემის რისკის ქვეშ.
  5. ბიუროკრატიული შეზღუდვები: აღმოჩნდა, რომ სოციალურ მუშაკებს ამ რეჟიმშიც კი უწევთ სხვადასხვა ბიუროკრატიულ საკითხებთან შებმა, რაც ხელს უშლის მათ მოქნილობაში, არადა ამ საგანგებო მდგომარეობის ჟამს, პროფესიონალთა მოქნილობა და სწრაფად რეაგირების საშუალება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობას. შესაბამისად, აუცილებელია ბიუროკრატიული ზომების და შუამავალი რგოლების მაქსიმალურად შემცირება და სოციალური მუშაკებისთვის მეტი მოქნილობის მინიჭება.
  6. მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭოების მუშაობა: როგორც აღვნიშნეთ, საგანგებო პირობებში სოციალური მუშაკის მუშაობის სპეციფიკაც განსხვავდება და ისინი გაზრდილი გამოწვევების წინაშე დგანან. ამ გამოწვევების წინაშე სოციალური მუშაკი მარტო არ უნდა დარჩეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საბჭოს გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ონლაინ რეჟიმში და სოციალური მუშაკის მაქსიმალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით, საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც მომსახურებების მიმწოდებლებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს წარმოადგენენ.

ეს ჩამონათვალი შეიძლება არასრული იყოს, ვინაიდან ეყრდნობა მხოლოდ მოკვლევაში მონაწილე პირების მიერ მოწოდებულ და დამუშავებულ ინფორმაციას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დამსაქმებლებმა იქონიონ აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან, მათი საჭიროებების გამოკვეთისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის პირობებში სოციალური მუშაკები დგანან ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიონალების გვერდით, როგორებიც არიან ექიმები და ფსიქოლოგები, ვინაიდან იბრძვიან ადამიანის ფიზიკური თუ ემოციური გადარჩენისთვის და კეთილდღეობისთვის.“

მოკვლევის, უწყებებისთვის რეკომენდაციების შემუშავებისა და უწყებებთან კომუნიკაციის შემდგომ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან სოციალურ მუშაკთა პროფესიული მხარდაჭერისა და გაძლიერების, მათი პროფესიული გადაწვის და პანდემიით გამოწვეული სტრესის თავიდან აცილების მიზნით, დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება.

უპირველეს ყოვლისა, Facebook-ზე შეიქმა სპეციალური ჯგუფი „Social Work – Covid 19“, სადაც სხვადასხვა სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკს ჰქონდა წვდომა საჭირო ინფორმაციაზე.

საჭიროებების მოკვლევისას სოციალური მუშაკები ერთხმად აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ სჭირდებოდათ ინფორმაცია, მასალა, როგორ დახმარებოდნენ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს/ოჯახებს ასეთ განსაკუთრებულ დროს.

სხვადასხვა ორგანიზაცია თავისი ეგიდით ქმნიდა/ქმნის მასალებს, პოსტერებს, ვიდეო მასალებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასალები აღნიშნული ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე იყო განთავსებული და შესაძლოა ყველას არ ჰქონოდა წვდომა, სწორედ ამიტომ შეიქმნა ზემოთ აღნიშნული Facebook პლატფორმა, სადაც ერთად მოვუყარეთ თავი ყველა მასალას. მასალები მოიცავდა World Vsion-ის, Unicef-ის, MAC Georgia-ს, პირველი ნაბიჯის, Sos ბავშვთა სოფლის, Save the Children-ის, GIP-ის, მშობელთა სკივრის, ნეიროგანვითარების ცენტრის, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებს და სხვა ორგანიზაცების მიერ შემუშავებულ მასალებს.

ჯგუფში თითოეული მასალა განთავსებული იყო მხოლოდ წყაროს მითითებით და საავტორო უფლებების დაცვით.

ამასთან, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რაზე დაფუძვნებითაც სოციალური მუშაობის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში გადიოდნენ საუნივერსიტეტო პრაქტიკას, ქმნიდნენ საინფორმაციო ბარათებს, რომელთა გაზიარებაც ჩვენი მხრიდან მუდმივად ხდებოდა ჩვენს Facebook გვერდსა და საინფორმაციო ჯგუფში.

აქვე უცვლელად გთავაზობთ რეკომენდაციებსაც, რომლებზე დაყრდნობითაც შემუშავდა საინფორმაციო ბარათები.

„საყოველთაო კარანტინის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების აქტიურობა და ოჯახებთან პროაქტიულად დაკავშირება, ვინაიდან ოჯახებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა საჭიროება: საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური ნივთებით, ტანსაცმლით, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დახმარების საჭიროება, ასევე, კონსულტირების და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის საჭიროება სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებალად:სატელეფონო ზარის დროს მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს სიტუაცია ოჯახში, კერძოდ, სჭირდება თუ არა ოჯახს დამატებით დახმარება საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით.

სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ოჯახები შესაძლოა საჭიროებდნენ ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი:

- ოჯახები, რომლებსაც განსაკუთრებული მდგომარეობის გამო შეექმნათ სხვადასხვა საჭიროება, შესაძლოა, განიცდიდნენ სტრესს და ამან იმოქმედოს ბავშვის მდგომარეობაზეც

- ოჯახები, რომლებშიც სავარაუდოდ ძალადობის მაღალი რისკია (მაგალითად, სადაც უკვე იმუშავეთ ამ სკაითხზე, ან ოჯახები, სადაც შესაძლოა რესურსების ნაკლებობის გამო გაიზარდოს ძალადობის რისკი)

- ოჯახები, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები/პირები ცხოვრობენ

- ოჯახები, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ

- ოჯახები, რომლებიც ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ

- ოჯახები, სადაც მავნე ნივთიერებაზე/აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ცხოვრობს და მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის გამო შესაძლოა გაუმწვავდეთ მდგომარეობა

- ოჯახები, სადაც მოხდა ბავშვის რეინტეგრაცია

- მრავალშვილიანი ოჯახები

- მცირეწლოვან-ბავშვიანი ოჯახები

- მიმღები მშობლები

- მცირე საოჯახო ტიპის სახლები

- ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები

ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, ვისაც საგანგებო მდგომარეობით და ადგილობრივი ჯანდაცვის თუ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული იზოლაციის პირობებში შესაძლოა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგნენ, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ძალადობის მომატებული რისკი, მომატებული გაღიზიანებადობა, მომვლელის გარეშე დარჩენა, მომატებული კონფლიქტები ოჯახში, განსაკუთებული საჭიროებებით შექმნილი ახალი გამოწვევები და სხვა.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გამწვავებული შემთხვევები, მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებთან, საჭიროებების გამოკვლევა, გადამოწმება, ინფექციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. ამ პერიოდში, როდესაც ბავშვებს არ შეუძლიათ გარეთ, ეზოში თამაში, სკოლაში სიარული, ბაღში სიარული, მეგობრების მონახულება, პარკში გასეირნება - მუდმივმა სახლში ჩაკეტილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვების ქცევითი სირთულეები, მოიმატოს ბავშვის გაღიზიანებადობამ, ამან კი ხელი შეუწყოს მშობლის მხრიდან ძალადობრივ ქცევას. ამის თავიდან არიდებისთვის მნიშვნელოვანია მშობლებს პროაქტიულად მივაწოდოთ ინფორმაცია პოზიტიური მშობლობის შესახებ, ვასწავლოთ ბავშვის დღის რიტმის დაგეგმვა, მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის ქცევის შესაძლო გართულებების შესახებ, ვასწავლოთ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. აქვე, მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებისთვის ინფექციის შესახებ ინფორმაციის დროული და სწორი გზით მიწოდება.

ოჯახები, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე პირები ცხოვრებენ შესაძლოა დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კარანტინის გამო სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო, მით უმეტეს, ფსიქო-ნევროლოგიური დარღვევების შემთხვევაში, როდესაც მათ უჭირთ შეზღუდვების აღქმა. ამ დროს მზრუნველების მხარდაჭერა და ონლაინ კონსულტაციების მიწოდება, საჭიროების მქონე პირსა და სერვისის მიმწოდებელ პროფესიონალს შორის კონტაქტის შენარჩუნება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. გარდ ამისა, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობა კიდევ ორი კუთხით არის საყურადღებო: (1) ისინი შეიძლება დარჩნენ მზრუნველის გარეშე, მზრუნველის დაინფიცირების შემთხვევაში, ან (2) თავად მოუწიოთ კარანტინში/სამედიცინო დაწესებულებაში იზოლაცია დაინფიცირების გამო. ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რომ მათ შესაძლოა ძლიერი მიჯაჭვულობა გააჩნდეთ მზრუნველი პირის მიმართ (მაგ., აუტისტური სპექტრის მქონე პირის შემთხვევაში) და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს მზრუნველის გვერდით ყოფნა. ასეთ სიტუაციაში სპეციალისტებმა უნდა გაიაზრონ და აწონ-დაწონონ განცალკევებისა თუ ერთად დატოვების ზიანის დონე და მიიღონ გადაწყვეტილება მოწყვლადი პირების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ხანდაზმული პირებიც, განსაკუთრებით კი, იზოლაციაში მყოფნი, ვისაც დემენცია ან სხვა კოგნიტური დისფუნქცია აღენიშნებათ, უფრო მეტად მოწყვლადები არიან. მათ უფრო მეტად აქვთ ბრაზის, სტრესის, გაღიზიანების, შფოთვის, აპათიის, უარყოფის დონე აწეული. არაფორმალური ქსელებით ამ ადამიანებთან კომუნიკაცია და ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც მათი ოჯახის წევრების/მზრუნველების, მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, ამ დროს მოხდეს ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მათთის და მათი მომვლელებისთვის, მათთვის გასაგებ ენაზე და იმაში დარწმუნება, რომ ნამდვილად სწორად აღიქვეს მიწოდებული ინფორმაცია.

დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ან ოჯახები, რომლებსაც პანდემიის პირობებში შეუმცირდათ შემოსავალი კიდევ უფრო მოწყვლადები ხდებიან. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ოჯახში სტრესს ზრდის, რაც მისი თითოეული წევრის ფსიქიკაზე აისახება. მნიშვნელოვანია ასეთი ოჯახების იდენტიფიცირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ და პირველადი საჭიროებების შესწავლა და დაკმაყოფილება, რათა ასეთი ოჯახები თვითგადარჩენის წინაშე არ იდგნენ და გრძნობდნენ, რომ კრიზისის წინაშე მარტო არ დარჩებიან და მხარდაჭერას მიიღებენ.

მავნე ნივთიერებაზე/აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში აღმოჩნდებიან, შესაძლოა, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ჰქონდეთ შეზღუდვებზე. მომატებული სტრესის და დეპრესიული განწყობის გამო იზრდება რეალობისგან გაქცევის სურვილიც და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი მავნე ნივთიერებების ავად მოხმარებაც (მაგ., ალკოჰოლის). შეზღუდვების გამო ნარკოტიკული ნივთიერებების მოპოვების გართულებამ კი ბრაზისა და აგრესიისკენ შეიძლება უბიძგოს ადამიანებს. იზრდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისკენ მიდრეკილებაც, ვინაიდან ეს შესაძლოა „თავის შექცევის“ ერთადერთი საშუალება გახდეს იზოლირებული პირისთვის. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება ონლაინ რეჟიმში, დღის დაგეგმვაში დახმარება, მავნე ქცევის ჩამნაცვლებელი ჯანსაღი აქტივობების იდენტიფიცირება და წახალისება, დეპრესიული განწყობის დროული იდენტიფიცირება და მის მართვაზე მუშაობა.

ოჯახები, სადაც ბოლო დროს მოხდა ბავშვის რეინტეგრაცია (ან მიმღებ მშობლებთან განთავსება), განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან საყოველთაო კარანტინის პირობებში იცვლება ოჯახში როლები, ურთიერთობები, განწყობები და მოლოდინები. მანამდე თუ ოჯახი მოტივირებული იყო და ოპტიმისტურად უყურებდა „ახალი“ წევრის შემატებას, ახლა შესაძლოა იგი „დამატებით ტვირთად“ იქნას აღქმული და რეინტეგრაციის პროცესი ნეგატიურად წარიმართოს. რეინტეგრირებული/მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ოჯახისგან სითბოს, სიყვარულის, სტაბილურობის განცდის მიღება, რათა წარმატებით გაიაროს ადაპტაცია. ამიტომ სოციალური მუშაკის განსაკუთრებული ჩართულობაა საჭირო, რათა ოჯახის წევრებმა შეძლონ საკუთარი ემოციების რეგულირება და ბავშვისთვის მზრუნველი გარემოს შექმნა. ოჯახის წევრთა ფსიქო-განათლება და მათთან მუდმივი კონტაქტი სიტუაციის მონიტორინგის მიზნით აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეინტეგრირებული/მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვიც გრძნობდეს სოციალური მუშაკის მხარდაჭერას, ჰქონდეს მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლის საშუალება და მისთვის განმარტებულ იქნას, რა იწვევს ოჯახში სტრესის ზრდას. მასთან კომუნიკაციის დროს ხაზგასმულ უნდა იქნას, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა ოჯახში ზრდის სტრესს და ეს არ უკავშირდება ბავშვის ოჯახში დაბრუნებას/განთავსებას. მან უნდა იგრძნოს, რომ ოჯახში სასურველი პიროვნებაა. ოჯახთან დაშორების რისკის თავიდან ასარიდებლად რეინტეგრირებულმა ბავშვებმა შესაძლოა დამალონ ოჯახში არსებული სირთულეები, რის გამოც მათთან აქტიური კონტაქტი და გულღია საუბრის წახალისებაა აუცილებელი, ნაცვლად ფორმალური მონიტორინგისა. 

მრავალშვილიან ან მცირეწლოვან-ბავშვიან ოჯახებში განსაკუთრებით შეიძლება გართულდეს მდგომარეობა, როდესაც მშობლები იწყებენ სახლის გარემოდან მუშაობას. ამ დროს მშობლები იხლიჩებიან საოჯახო და სამსახურებრივ მოვალეობებს შორის, ბავშვებისთვის კი განსაკუთრებით რთულია სახლში მყოფი მშობლის აღქმა „მიუწვდომლად“. მშობლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების დაინტერესება საერთო აქტივობებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება „დააკავონ“ ბავშვები თავიანთი მინიმალური ჩართულობით სამუშაო საათების განმავლობაში, და როგორ გაატარონ შვილებთან დრო სამუშაო საათების შემდგომ. აქვე გასათვალისწინებელია იმ ტელე/ვიდეო არხების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად იქმნება ბავშვებისთვის და რომლებიც მათ განვითარებაზე მიმართული აქტივობებით არის გაჯერებული. მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში კი ყურადღება უნდა მიექცეს ერთობლივი მარტივ აქტივობებს, რომლებიც მშობელსა და ბავშვს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის განვითარებას უწობს ხელს და განსაკუთრებულ უნარებსა თუ რესურსებს არ მოიცავს. სპეციალისტების როლი შესაძლოა იყოს სწორედ ასეთი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში შესაძლოა განსხვავებული მდგომარეობა იყოს შეცვლილი ცხოვრების ჩვეული წესის გამო. მეგობრებისგან და საყვარელი აქტივობებისგან იზოლირება მოზარდების მიერ განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება და ეს მათ ქცევაზეც უარყოფითად აისახება. ასეთ დროს აღმზრდელების ინფორმირება საშინაო აქტივობების შესახებ, მათი დაკვალიანება, შესაბამისი მასალის მიწოდება და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღმზრდელები უნდა გრძნობდნენ, რომ მარტო არ არიან გაზრდილი პრობლემების წინაშე. სოციალური მუშაკის პირდაპირი კომუნიკაცია ბავშვებთანაც არანაკლებ აუცილებელია. ბავშვებმა უნდა შეინარჩუნონ კონტაქტი გარე სამყაროსთან და ჰქონდეთ საკუთარი წუხილების, ემოციების, შფოთვების გაზიარების საშუალება ონლაინ რეჟიმში.

ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები ეპიდემიის პიროებებში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი და მაღალი რისკის ჯგუფია. მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, მათი უმრავლესობა კვლავ ქუჩაში ცხოვრობს და/ან მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინფიცირების რისკს. სოციალური მუშაკების მხრიდან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებთან და/ან ბავშვებთან მუდმივი კომუნიკაცია, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ ან ჩართულნი არიან შრომით საქმიანობაში, რათა განუმარტონ მათ შექმნილი მდგომარეობა, აუხსნან რისკები და შესთავაზონ მომსახურებები, რომლებშიც ჩართვა მათი მხრიდან ამ დროისთვის არის შესაძლებელი.

ეპიდემიის გავრცელების დროს ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარება შესაძლოა დასჭირდეს. ამ დროს სხვადასხვა სახის შიშები იჩენს თავს (პირდაპირ და არაპირდაპირი გზით), რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ავად გახდომის შიშით სამედიცინო დაწესებულებებში მისვლისგან თავის შეკავება სხვადასხვა ჩივილების დროს (მათ შორის, ვირუსთან კავშირის არმქონე)
  • საარსებო წყაროს დაკარგვის, იზოლაციის დროს მუშაობის შეუძლებლობის და სამსახურიდან განთავისუფლების შიში
  • სოციალური იზოლაციის / კარანტინში მოთავსების შიში დაავადებასთან ასოცირების გამო (სტიგმა იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან ინფიცირებული რეგიონიდან)
  • შფოთვა და შიში დაუცველობის შეგრძნების გამო, იმის გამო, რომ შესაძლოა, ვერ დაიცვა ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი ინფიცირებისგან
  • საყვარელი ადამიანებისა და აღმზრდელებისგან განცალკევების შიში საკარანტინო რეჟიმის გამო
  • მზრუნველობა მოკლებულ არასრულწლოვებზე, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან ხანდაზმულთა მოვლაზე უარის თქმა ინფექციის გამო
  • იზოლაციის გამო უმწეობის, მოწყენილობის, მარტოობის და დეპრესიის გრძნობა
  • წინა ეპიდემიის გამოცდილებით გამოწვეული შიში.

გადაუდებელი შემთხვევები ყოველთვის სტრესული ხასიათისაა, მაგრამ სპეციფიკური სტრესორები, რომლებიც განსაკუთრებით COVID-19– ის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. სტრესებში შედის:

საკუთარი და სხვების ინფიცირების რისკი, განსაკუთრებით, თუ COVID-19– ის გადაცემის რეჟიმი არ არის 100%-ით ნათელი

ჯანმრთელობის სხვა პრობლემების საერთო სიმპტომები (მაგ. ცხელება) შეიძლება ჰგავდეს COVID-19-ს და გამოიწვიოს ინფექციის შიში.

მშობლები/მზრუნველები შეიძლება უფრო მეტად დარდობდნენ იმის გამო, რომ შვილები სახლში არიან გამოკეტილნი (სკოლის დახურვის გამო), ზოგს კი არ ჰყავდეს დამატებითი დამხმარე და ბავშვები დარჩნენ ზრუნვის გარეშე

დაუცველი პირების ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის გაუარესება, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუ მომვლელები მოთავსებულნი არიან კარანტინში, და სხვა ზრუნვა და მხარდაჭერა არ არსებობს.

მოსახლეობაში მუდმივმა შიშმა, წუხილმა, გაურკვევლობა და სტრესმა COVID-19- ის დაავადების დროს შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი შედეგები თემებში, ოჯახებსა და დაუცველ პირებში. კერძოდ:

  • სოციალური მხარდამჭერი ქსელის შემცირება, ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვა კოვიდს გადარჩენილ პაციენტების მიმართ სტიგმის გამო
  • შესაძლო უფრო მეტად უარყოფითი დამოკიდებულება, რისხვა და აგრესია მთავრობისა და ფრონტის მუშაკების მიმართ
  • ბავშვების, მეუღლეების, პარტნიორების და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის რისკების ზრდა, რისხვა და აგრესია (ოჯახის და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის ზრდა)
  • მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის მიმართ შესაძლო უნდობლობა
  • განვითარების ან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე ადამიანები განიცდიან კრიზისს და სხვა ნეგატიურ შედეგებს, რადგან ისინი თავს არიდებენ სამედიცინო დაწესებულებებს, ან ვერ ახერხებენ თავიანთ სერვის-პროვაიდერებთან დაკავშირებას.”

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 27 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩაატარა კლუბის შეხვედრაც. ჩვენმა კოლეგამ და კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თეონა გვალიამ მოგვიმზადა და გაგვაცნო თემა: "ყრუ-უსინათლო, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა გამოწვევები COVID-19-ის პანდემიისას და სოციალური მუშაკის როლი". შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო, ემოციურ განტვირთვასაც ემსახურებოდა და საგანმანათლებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიდა.

ასევე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, რომელიც „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, პილოტში მონაწილეთა ნაწილს, როგორც მოწყვლად ჯგუფს, კოვიდ-19-ით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად და მათი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებლად  სასურსათო დახმარება გადასცა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, Covid 19-ის გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდა გაეროს ბავშვთა ფონდთან (Unicef) ერთად სტრატეგიის შემუშავებაში, თუ რა ღონისძიებები შეიძლებოდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო კორონა ვირუსის გავრცელების პერიოდში. ასევე აქტიურად ვიყავით ჩართული საერთაშორისო ვებინარებსა და სამუშაო შეხვედრებში. საქართველოს გამოცდილებისა და სოციალური მუშაკების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ IFSW-ს, რათა სოციალური მუშაკების საჭიროებების შესახებ ინფორმირება მომხდარიყო საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციებისაც.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას არ შეუწყვეტია მუშაობა და Covid 19-ის გავრცელების პარალელურად დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, დისტანციურ რეჟიმში აქტიურად ახორციელებდა პროექტულ საქმიანობებსაც, დისტანციურად ჩართულნი ვიყავით მეურვეობა- მზრუნველობის საბჭოების მუშაობაშიც.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ორგანიზაციის მხრიდან სამომავლოდ აუცილებლად იგეგმება სხვადასხვა უწყებასთან მუშაობა, რომ თითოეულმა უწყებამ, რომელიც სოციალურ მუშაკებს ასაქმებს, შეიმუშავოს კრიზისული მენეჯმენტის გეგმა, რათა მსგავსი კრიზისების დროს სოციალურ მუშაკებს უფრო მობილიზებულად შეეძლოთ მომსახურების გაწევა ბენეფიციარებისთვის.

გარდა ამისა, ივნისის მიწურულს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან იგეგმება ვებინარი თემაზე “სოციალური მუშაკების გამოწვევები პანდემიის დროს საქართველოში“, რომლის მიზანიც  გამოწვევების განხილვა და გამოცდილების საფუძველზე დასკვნების გამოტანის მცდელობაა, რათა სამომავლოდ განვსაზღვროთ, როგორ შევხვდეთ სოციალური მუშაკები უფრო მომზადებულნი მსგავს სიტუაციებს და როგორ ვიყოთ მეტად სასარგებლონი კარანტინში მყოფი ბენეფიციარებისთვის. ამ საკითხების ირგვლივ იმსჯელებენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ისე მათი სუპერვაიზორები და დამსაქმებლები, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ყველა დონეზე განვიხილოთ ის გამოწვევები, რომლებმაც სოციალურ მუშაკებს საქმიანობაში შეუშალა ხელი და ვიმსჯელოთ მათთან გამკლავების გზებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

დასასრულს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოს სოციალური მუშაკები პოსტ პანდემიის პერიოდში საჭირო და სათანადო მხარდაჭერით.

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2509381
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
2018
1434
6692
2498807
26868
43677
2509381
Your IP: 3.147.86.143
2024-11-22 18:18