ბავშვთა მსოფლიო დღე დაარსდა 1945 წელს და აღინიშნება ყოველი წლის 20 ნოემბერს, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო ერთიანობას და ცნობადობას ბავშვთა უფლებების შესახებ მსოფლიოში და ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
20 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი, ვინაიდან 1959 წელს, ამ დღეს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია, ხოლო 1989 წელს ბავშვის უფლებათა კონვენცია. 1990 წლიდან კი ეს თარიღი აღნიშნავს ბავშვის უფლებათა დეკლარაციისა და კონვენციის მიღების საიუბილეო თარიღსაც. მსოფლიო ბავშვთა დღე ყველა ჩვენგანს შეგვახსენებს, რომ ადვოკატობა გავუწიოთ ბავშვთა უფლებების დაცვას, რათა შევძლოთ და ვაქციოთ მსოფლიო უკეთეს გარემოდ ბავშვებისთვის.
2022 წლის ბავშვთა მსოფლიო დღის თემა არის: ინკლუზია ყველა ბავშვისთვის (Inclusion, For Every Child). ბავშვთა მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება ღონისძიებები ბავშვებისთვის ბავშვების მიერ. ბავშვები და ახალგაზრდები იმაღლებენ ხმას მათი თაობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: კლიმატის ცვლილება, განათლება, მენტალური ჯანმრთელობა, რასიზმი და დისკრიმინაცია და ისინი მოუწოდებენ უფროსებს შექმნან უკეთესი მომავალი.
1994 წელს საქართველოში ძალაში შევიდა გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია ოჯახში, ასევე სამზრუნველო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს. ასევე მოუგვარებელია ბავშვთა სიღარიბე, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხები, იდენტიფიცირება და პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგება, მობილური ჯგუფებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რეაგირება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე, რომელიც განსაკუთრებით ხშირი და აქტუალურია. შშმ ბავშვების უფლებების უგულებელყოფა, მათთვის ადაპტირებული ფიზიკური სივრცის არ ქონა, ხელმისაწვდომობა ნაკლებობა სხვადასხვა რესურსებზე, სერვისებსა და განათლებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია მათი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის და სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებითია სოციალური მუშაკის როლი. სოციალური მუშაკები მუშაობენ ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლ ბავშვებთან, ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან, განვითარების დარღვევების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, საგანმანათლებლო სისტემაში მყოფ ბავშვებთან და ა.შ. სოციალური მუშაობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის ასევე მუშაობა პრევენციულ საკითხებზე, რათა დაცული იყოს ბავშვთა უფლებები ქვეყანაში.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ბავშვთა მსოფლიო დღეს და იმისთვის, რომ დაცული იყოს ინკლუზიურობის ყველა პრინციპი ბავშვებისთვის ჩვენს ქვეყანაში, მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვას ნებისმიერ სფეროში, ბავშვისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბავშვთა ჩართულობის უზრუნველყოფას მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის შექმნაში.
სტატია მომზადებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პრაქტიკანტის, თსუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის გულო ნიქაბაძის მიერ