Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ნაბიჯები დამოუკიდებლობისკენ

შემთხვევა გაგვიზიარა სოციალური მომსახურების სააგენტოს, დმანისის რაიონის სოციალურმა მუშაკმა ლია ფილფანმა 
აუდიო ჩანაწერი
2012 წელს  მოგვმართა ჩვენი რაიონის მკვიდრმა  ქალბატონმა,  რომელმაც  უარი  განაცხადა მისი  15  წლის  ობოლი  დისშვილის,  პირობითად  ბათოს,  მზრუნველობაზე  და  მოითხოვდა  მის  ბავშვთა  სახლში გადაყვანას.  სოციალური  მუშაკის  მიერ  ბავშვისა  და  მისი  ოჯახის  შეფასების შედეგად  გაირკვა,  რომ  ბათოს  7 წლის  ასაკში  დაეღუპა  ორივე  მშობელი,  იგი  5 და-ძმასთან ერთად  დეიდამ, პირობითად მართამ, შეიფარა, მიუხედავად იმისა, რომ დეიდის  დედმამიშვილები (2 და, 3 ძმა)  წინააღმდეგი  იყვნენ,  მართას ობლად  დარჩენილი  შშმ  დისშვილების  მზრუნველობა  რომ ეკისრა. მართას  სახლში საკუთარი  2  შვილი ჰყავდა, მათგან ვაჟი შშმ პირი.

ვინაიდან  მართამ  ამხელა  საქმე იკისრა,  ძმები  დაპირდნენ,  რომ  გაუწევდნენ ფინანსურ დახმარებას,  თუმცა ეს დაპირება არ შეასრულეს და  ჯანმრთელობა  შერყეული  ქალბატონი მარტო ზრუნავდა ოჯახის წევრებზე.  ბათოს  ორი უფროსი ძმაც  განუდგა  მზრუნველ  დეიდას,  ნაცვლად მხარდაჭერისა. ისინი მამისეულ  სახლში  დაბრუნდნენ.  ერთი  მათგანი  ნარკოტიკებს  მიეძალა  და  ციროზით  გარდაიცვალა, მეორე   კი  ქურდობის  გამო  სამჯერ  მოხვდა ციხეში.

დეიდასთან ცხოვრების პერიოდში  ბათომ ცვლილებები განიცადა. ხასიათი უფრო დაუმძიმდა, ქცევა კი - გაურთულდა. ერთადერთი, რაც მას უყვარდა, ჭიდაობა იყო. მან  რამდენჯერმე  სახლიდან  გაქცევაც კი სცადა, მაგრამ შემდეგ ისევ ბრუნდებოდა. იგი აგრესიული გახდა უფროსი  დის  მიმართ,  რომელსაც  მძიმე  გონებრივი  ჩამორჩენა  აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მართა დეიდა  ბევრს ეფერებოდა,  როგორც ნაბოლარას, ბათო მის მიმართაც აგრესიული იყო.

 

დისშვილების  გადამკიდე  მართა  მეთვალყურეობას  ვეღარ  უწევდა  საკუთარ 20  წლის  ვაჟიშვილს,  რომელიც  ხშირად  საყვედურობდა  დედას.  ყოველივე  ამას  ისიც დაემატა,  რომ  ძლიერმა  ქარმა  მათ  საცხოვრებელ  სახლს  სახურავი ახადა. მართამ დახმარებისთვის  ვის  არ  მიმართა,  მაგრამ  ვერსაიდან  მიიღო  და სახლი  საცხოვრებლად  უვარგისი  გახდა (კედლები  ჩამოიშალა).  იქვე  სახლის  გვერდით  საჯინიბო  ჰქონდათ,  გაარემონტეს  და  ხუთივემ იმ  ერთ  „ოთახს“  შეაფარეს  თავი. 

ბოლო  დროს,  ბათოს ქცევა ძალიან გართულდა. ერთ-ერთი  გაქცევის  დროს  ძებნაც  კი  იყო  გამოცხადებული, რა დროსაც მიაგნეს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მოჯამაგირედ იყო და ცხვრებს  მწყემსავდა.  ბათო  ტრეფიკინგის  მსხვერპლი  გახდა, რაშიც  დიდი  წვლილი  მის   ძმას  მიუძღოდა, ვინაიდან სწორედ ძმა აქეზებდა  მზრუნველი დეიდისა  და  მისი  ვაჟის  წინააღმდეგ. ბათოს ძმას სურდა დეიდისათვის რამენაირად  წაერთმია  მათი  მამისეული სახლის  საბუთები და სახლი გაეყიდა.  ცალკე  ბათო  აშანტაჟებდა  დეიდას და  კატეგორიულად  მოითხოვდა,  რომ  მისი  ღვიძლი  შვილი  გაეგდო  სახლიდან,  თორემ  თვითონ  გაიქცეოდა. მართა იძულებული  გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის  მოემართა  დახმარებისათვის. ასე გავიცანი ბათო.

თავიდან ბიჭი აგდებულად მესაუბრებოდა,  არასერიოზულად ეკიდებოდა ჩვენს საუბარს,  ადამიანების  მიმართ  ნდობა  არ  ჰქონდა,  რადგან  იგი  ხშირად  იყო  ტყუილისა  და  იმედგაცრუების  მსხვერპლი. სამწუხაროდ, ბათოს  მზრუნველის  ოჯახში  დატოვება  შეუძლებელი  იყო, რადგან  არც ერთი  მისი  ნათესავი  არ  იყო  თანახმა,  მასზე  აეღო  პასუხისმგებლობა და ოჯახში  მიეღო. ამიტომ გადაწყდა, რომ ბიჭი,  რომელსაც  14.06.2000 წლიდან  განსაზღვრული  ჰქონდა  შშმ  სტატუსი, „ბცდ  გონებრივი  განვითარების  ჩამორჩენა  იმბეცილობის  ფარგლებში“,  გადაგვეყვანა  შშმ პირებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო  ზრუნვაში. 

მოვამზადეთ საქმე, მართა განთავისუფლდა  მზრუნველის  მოვალეობიდან. მაგრამ  სოციალური  მუშაკის  დაკვირვებით,  გაჩნდა  ეჭვი  ბათოს  დიაგნოზის  სისწორესთან  დაკავშირებით და  საჭირო  გახდა  მისი  გადამოწმება,  რადგან იმ  კატეგორიის  ბენეფიციარებთან,  რომლითაც  იყო  დაკომპლექტებული ეს სააღმხრდელო დაწესებულება,   ბათოს  ადგილი აშკარად არ  იყო  და  ვერც  ეგუებოდა  იქაურობას.  როცა  ამის  შესახებ  გაიგო,  გააპროტესტა კიდეც.  მას  თავის  დიაგნოზთან  მართლაც არაფერი ჰქონდა საერთო.  დადგა მისი  სტატუსის  მოხსნის აუცილებლობის საკითხი, ბათო  დახმარებას  ითხოვდა  და  მეც  დავპირდი,  რომ  მის  პრობლემებზე  აუცილებლად  ვიზრუნებდი,  რამაც  იგი  ძალიან  გაახარა  და  თითქოს  ჩვენს  შორის   ნდობა  გაჩნდა.

ვითხოვე ნებართვა  ბათოს ჯანმრთელობის  მდგომრეობის ხელახლა  გადამოწმებასთან  დაკავშირებით,  ხოლო  ამ  საქმის  მოგვარებამდე  ბიჭისთვის  მოვიძიე მინდობით აღმზრდელი, რომლის ოჯახშიც დაბინავდა. პარალელურად ვმუშაობდი  სტატუსის   გადამოწმებაზე.  სპეციალისტების  შემოწმების  შედეგად  დაიდო  დასკვნა,  რომ   ბიჭი  ჯანმრთელია და მისი რთული ქცევა განპირობებული იყო სოციალური და პედაგოგიური ხელმიშვებულობით.  მინდობით  აღზრდაში  გადაყვანამ  ბიჭზე  დადებითად  იმოქმედა, თუმცა  რთული ქცევა  იქაც  გამოავლინა,  რის გამოც ხუთი მიმღები ოჯახი გამოიცვალა.

ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში ცხოვრების პერიოდში ბათომ  ერთი-ორჯერ  მიიღო  მონაწილეობა  სოფლის  ეკლესიის  სარესტავრაციო  სამუშოებში  და  ძალიან  მოეწონა  მოძღვრებთან ურთიერთობა,  შემდგომში  ეკლესიაში  მისვლის  ნებართვაც  აიღო  და  ინტენსიურად  დაიწყო  სიარული,  დიდი  მონდომებით  კითხულობდა  წმინდანების  ცხოვრებაზე  წიგნებს; დაუახლოვდა  სასულიერო პირებს,  მრევლს,  განსაკუთრებით  50  წლის   გიორგის,  რომელიც  მის  მეზობლად  ცხოვრობდა,  დიდ  ყურადღებას  აქცევდა,    სახლში  ხშირად  მიჰყავდა,  აპურებდა,  საჩუქრებს  ჩუქნიდა, დარიგებებს  აძლევდა.  ბიჭმა  რამდენიმე  თვეში    ერთ-ერთ  მოძღვარს  სთხოვა  გიორგისთან  ერთად  მისი  ნათლია  გამხდარიყო.  ლოცვები  სულ  ზეპირად  ისწავლა,  დაჰყვებოდა  მრევლს  სხვადასხვა  ეკლესიებში  მოსალოცად,  ერთი  სიტყვით,  აქტიური  მრევლი  გახდა.

ბათოს  ცხოვრებაში  ახალი  ეტაპი  დაიწყო, როცა  სსიპ-სოციალური მომსახურების  სააგენტომ  და  სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ ურთიერთთანამშრომლობის   მემორანდუმი  გააფორმეს.  ,,დელტამ“  პასუხისმგებლობა აიღო  სახელმწიფოს  მზრუნველობაში  მყოფი  ბავშვების მხარდაჭერაზე მათი  სრულწლოვანების  შემდეგ.  კერძოდ,  მათი  ინიციატივით  ყოველწლიურად,  18  წელს  მიღწეულ  ორ მოზარდს  1  წლის  ვადით  ,,დელტა“  თავის  საწარმოში  დაასაქმებს,  ასწავლის  ხელობას,  უზრუნველყოფს  ხელფასით  და  საცხოვრებლით,  შესაბამისად,  ეს  ხელს  შეუწყობს  მათ  ინტეგრაციას  საზოგადოებაში  და დაეხმარება  სრულწლოვანებას  მიღწეულ  ახალგაზრდებს,  დამოუკიდებლად  წარმართონ  თავიანთი  ცხოვრება.  ერთ-ერთი სამეურვეო პირი ბათო გახდა. მის სიხარულს  საზღვარი არ  ჰქონდა.  მოზარდს რწმენა  დაუბრუნდა,  მიხვდა,  რომ  იგი  ზედმეტი  არ  იყო  და  იყვნენ  ადამიანები,  რომლებიც  ზრუნავდნენ  მასზე.  შეგროვდა  საჭირო  საბუთები  და  ბიჭი  დასაქმდა,  გადავიდა ახალ ბინაში, რომელიც კეთილმოწყობილი  იყო  და  ქირას ორგანიზაცია  უხდიდა.  ბიჭმა  იქაც  გააგრძელა  ჭიდაობაზე  და ეკლესიაში  სიარული,  გაიჩინა  მოძღვარი,  რომელმაც ერთი  წლის  გასვლის  შემდეგ  თავისთან, საწარმოსთან ახლომდებარე მონასტერში  გადაიყვანა  საცხოვრებლად. 

დღეის მდგომარებით, ბათო  კვლავ  იმ  საწარმოში  მუშაობს  და  საქართველოს  ნაკრებში  ჭიდაობს,  სწავლობს   სპორტის  აკადემიაში  და  თვითონ,  დამოუკიდებლად  იხდის  სწავლის   გადასახადს,  წელიწადში  2000  ლარს.  დეიდას მუდმივად აქვს მასთან კონტაქტი და ინტერესდება მისი მდგომარეობით. ბათუ კონტაქტს ინარჩუნებს ჩემთანაც. მე მუდამ ინფორმირებული ვარ  მის  ცხოვრებაში  მომხდარი  სიახლეების შესახებ.  

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2510132
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
197
2572
7443
2498807
27619
43677
2510132
Your IP: 18.219.207.11
2024-11-23 10:08