Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ცხოვრება ძალადობის შემდეგ

აუდიო ჩანაწერი
2014 წელს მუშაობა დავიწყე 24 საათიან მომსახურებაში - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სადაც გავიცანი ბენეფიციარი, პირობითად, 27 წლის სალომე. სალომე მომსახურებაში ირიცხებოდა თავის 4 წლის ბავშვთან, პირობითად, თამართან ერთად. როცა მათი შემთხვევა გადმომეცა ისინი მომსახურებით უკვე 6 თვე სარგებლობდნენ. სალომე და თამარი მომსახურებაში ოჯახური ძალადობის მიზეზით მოხვდნენ. სალომეზე წლების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა მეუღლე (რომელთან ერთადაც ცხოვრობდა რაიონში),  რის გამოც მან სახლიდან წამოსვლა (გამოპარვა) გადაწვიტა და ჩამოვიდა თბილისში,  შემდგომ კი საპატრულო პოლიციის დახმარებით დედა-შვილი მოხვდა თავშესაფარში. სალომეს მეორე 9 წლის შვილიც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან, პირობითად, ლიზი, რომელიც პირველი მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა.

მომსახურებაში თავდაპირველად ჩარიცხვისას სალომეს და თამარს ჰქონდათ რიგი საჭიროებები: სამედიცინო, ფსიქო-ემოციური, ბაზისური (განათლება (ბავშვის), კვება, ჰიგიენა), მშობლობის უნარების გაძლიერება, პროფესიული განათლების მიღება და ა.შ. ჩემ მიერ შემთხვევაზე მუშაობის დაწყებისას ბენეფიციართან ღონისძიებების ნაწილი უკვე გატარებული იყო. სალომე სტილისტის გადამზადების კურს გადიოდა და ნელ-ნელა მომსახურებიდან გასასვლელად და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად ემზადებოდა.  მას ძალიან სურდა მომსახურებიდან გასვლის შემდგომ ლიზიც მათთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად სალომე ფაქტობრივად მშობლების მზრუნველობის გარეშე იზრდებოდა. იგი დედამ ბავშვობაში მიატოვა და მამა ვერ წევდა მასზე სრულფასოვან ზრუნვას, რის გამოც იგი ძირითადად ბებიასთან იზრდებოდა. მამასთან მას ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც მოძალადე მეუღლესთან ერთად დაიწყო ცხოვრება და, მამის დარიგების მიუხედავად, არ შორდებოდა მეუღლეს.

შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა  სალომეს ფსიქო-ემოციური არასტაბილურობა, ძალადობის ციკლის გარღვევის სირთულეები, თანადგომის ქსელის ნაკლებობა. შესაბამისად, აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა. 

მუშაობის პროცესში ყველაზე დიდ დაბრკოლებას წავაწყდი ძალადობის მიმართულებით. სალომეს ჰქონდა ამბივალენტური გრძნობები მოძალადე მეუღლესთან დაკავშირებით: ერთი მხრივ, იგი პროტესტს გამოხატავდა განცდილი ძალადობის ფაქტების გამო და ხშირად მოძალადე მეუღლესთან კონტაქტის დროს ისტერიულად ლანძღავდა მას, გამოხატავდა აგრესიას, ხოლო მეორე მხრივ, მასთან სიახლოვეს ცდილობდა და ფიქრობდა, რომ თავშესაფრის დატოვების შემდგომ კვლავ მეუღლესთან ერთად იცხოვრებდა. აღნიშნულ გრძნობებს აღვივებდა ის ფაქტიც, რომ მოძალადე მეუღლე ხშირად აკითხავდა სალომეს და თამარს თავშესაფარში, თბილი სიტყვით, დაპირებებით და ხან მუქარით ცდილობდა მათ დაბრუნებას. სამწუხაროდ, ვერ ხერხდებოდა მათი კონტაქტის შეწყვეტა/შემცირება, რადგან სალომეს ვერ გადაეწყვიტა საბოლოოდ მეუღლესთან განქორწინება ან მის წინააღმდეგ მკვეთრი, თუნდაც სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

მომსახურების ფსიქოლოგთან ერთად სალომეს ვუწევდი ინტენსიურ კონსულტაციებს და ვცდილობდი მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებას.  ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს ძალადობის ციკლი და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი ეს მდგომარეობა. აღინიშნებოდა რიგი ცვლილებები მის განწყობებსა და ქცევაში, თუმცა ამას ხანმოკლე ხასიათი ჰქონდა.

ჩემი მუშაობის დაწყებიდან 4 თვის თავზე  მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. სალომეს მეუღლემ, სალომეზე ფიზიკურად იძალადა მომსახურებაში ყოფნის დროს. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ბრიგადა (სალომეს აღენიშნებოდა ჩალურჯება თვალთან), სალომეც აფიქსირებდა ძალადობის ფაქტს და მოითხოვდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას, მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა გადააფიქრებინეს სალომეს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. 

სამწუხაროდ, ამ პროცესს არ შევსწრებივარ და მოგვიანებით მოვახერხე სალომესთან შეხვედრა. გამოიკვეთა, რომ სალომე იმ მომენტისათვის მზად იყო გარკვეული ნაბიჯები გადაედგა, თუმცა არ ჰქონდა საკმარისი თანადგომა, უნარები და შინაგანი სიძლიერე ნაბიჯების განსახორციელებლად. წარსული გამოცდილებისა და მომხდარი ფაქტის გამო ჰქონდა შიშები მეუღლესთან დაკავშირებით.  

ეს დღე სალომეს  ცხოვრებაში აღმოჩნდა გარდამტეხი. სიტუაციის ანალიზისა და შესაბამისი გზების შეთავაზების შედეგად დავსახეთ ერთობლივი გეგმა, რომელიც ფაქტობრივად სრულად განხორციელდა. სალომეს ჩემი მხრიდან გაეწია სრული მხარდაჭერა და თანხლება არსებულ პროცედურებში. განცხადება დაწერა საპატრულო საგამოძიებო განყოფილებაში, განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ, გამოითხოვა წინა საპატრულო ეკიპაჟის ჩანაწერები მეუღლის ძალადობის ფაქტების შესახებ. სალომეს გაეწია იურიდიული უფასო კონსულტაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვების შემდგომ სასამართლოს დაამტკიცა 3 თვიანი შემაკავებელი ორდერი. პარალელურად, სალომემ შეიტანა სასამართლოში განაცხადი განქორწინების მოთხოვნით. ამ პროცესის განმავლობაში სალომეს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეიცვალა, შფოთვები და შიშები აღარ აწუხებდა. მან აღმოაჩინა ინსტრუმენტი, რომლითაც შეძლო მოძალადე ქმართან დაპირისპირება და სრულიად შეიცვალა მისი მიდგომა ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. 

ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ასევე სალომეს თანადგომის ქსელის გაძლიერებაზე, რომელსაც მისი მამიდაშვილები და მამა წარმოადგენდნენ. სალომემ შეძლო მათთან ურთიერთობის განახლება.

სალომე მომსახურებიდან გასვლამდე დასაქმდა სილამაზის სალონში სტილისტად,  ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად თამართან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღარ ცხოვრობდა მოძალადე მეუღლესთან ერთად, უკვე ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი ფართი და იყო დასაქმებული, უფროსი ქალიშვილის, ლიზის მამასთან მოლაპარაკების შედეგად, სალომემ ლიზიც თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. აღნიშნული ფაქტი ძალიან დიდი მოტივატორი აღმოჩნდა თავად სალომესთვის. თუმცა, სამწუხაროდ, იგი მალევე სამსახურიდან გამოუშვეს ხშირი გაცდენების გამო. სალომეს ძალიან უჭირდა ქალაქში ცხოვრება, განსაკუთრებით, თანადგომის ქსელის გარეშე. შესაბამისად, აქტიურად განაახლა კონტაქტი მამიდასთან, რაიონში მამიდასთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით, რასაც მიაღწია კიდეც.

მამიდასთან ცხოვრების პერიოდში მან მოახერხა დასაქმება და სურდა საკუთარი სალონის გახსნაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი საცხოვრებლის, თანადგომის ქსელისა და შემოსავლის პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარდა, იგი კვლავ დარჩა იმ გამოწვევის წინაშე, რომ უკვე ყოფილი მოძალადე მეუღლე მას თავს არ ანებებდა. მე ვთვლი, რომ ეს შემთხვევა წარმატებულია, რადგან სალომე შვილებთან ერთადაა, თავდაჯერებულია და აღარ აქვს შიში. იგი მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი ხერხებით იბრძვის. აქვს  დღემდე მაქვს მასთან კონტაქტი და მისი და მისი ბავშვების მდგომარეობა ძალიან მახარებს. მახარებს ის, რომ მან შეძლო ძალადობის ციკლის გარღვევა, იმ ფუნქციური უნარების აღმოჩენა და განვითარება საკუთარ  თავში,  რომლებიც ამ და სხვა ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დაეხმარება. 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2552225
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
954
240
10262
2535692
27818
41894
2552225
Your IP: 3.142.198.250
2024-12-23 05:29