Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ცვლილებები, რომლისაც მჯერა...

აუდიო ვერსია

როცა პირველად შევხვდი, ის 17 წლის იყო და ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მინდობით აღმზრდელთან ერთად. მე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი  პროექტის ფარგლებში მომეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა, გაცნობისთანავე ვიგრძენი, მის ცხოვრებაში რაღაც დიდი ცვლილება უნდა მომხდარიყო ჩემი გამოჩენით. ამას ჩემი სუბიექტური თვითშეფასება არ მალაპარაკებს, უბრალოდ, მე მჯერა ჩემი პროფესიის შესაძლებელობების და ვიცი, რა ძალა აქვს ცვლილებების განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკის ძალისხმევას.

საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ ჩვენი ურთიერთობის და მასთან მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე ბევრი „ცარიელი ხვრელი“,  რომელთა არსებობამაც განსაზღვრა მისი და მისი ოჯახის მოწყვლადობა.

სანამ გავიცნობდი, მანამდეც ვიცოდი მისი ისტორია - ვიცოდი, რომ დედა, რომელმაც იგი ძმასთან ერთად დატოვა, ჯერ 14 წლის ასაკში მოტყუებით გაათხოვეს, მოგვიანებით კი, ძალადობის მსხვერპლი გახდა ნათესავის მხრიდან, რომელთანაც კიდევ ორი შვილი ჰყავს. მამა, რომელიც დედაზე ბევრად უფროსი იყო, თავიდანვე  საჭიროებდა სპეციალურ ზრუნვას შეზღუდული შესაძლებელობების გამო. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მას ურთიერთობა და ახლობლობა აკავშირებდა, იყო ასევე შეზღუდული შესაძლებელობების ძმა, რომელთან ერთადაც მინდობით აღზრდაში ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ დედა იშვიათად, მაგრამ მაინც ნახულობდა, ძმა კი, რომელიც ერთი წლის წინ მამასთან დააბრუნეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადიოდა მკურნალობას.

სპეცილისტს, რომელიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდა, თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნდა მისი ბიოლოგიურ გარემოში დაბრუნება და, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის გათვალისწინებით, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დაგეგმილი იყო სახელმწიფო ზრუნვის მომსახურების მოძიება/შერჩევა.

სიმართლე გითხრათ, დიდი ცდუნება იყო სკეპტიკურად განწყობილი ჩემი კოლეგების მოსაზრებები არ გამეზიარებინა. მეგონა, რომ ყველაფერი არ ვიცოდით და საჭირო იყო მეტი კონტაქტი გვქონოდა ოჯახთან, რომელიც საჭიროებდა უფრო ინტენსიურ მუშაობას.

გამოსავლის ძიების პროცესში მივმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ცენტრებს, დავიწყეთ ბიოლოგიური ოჯახის შესახებ განახლებული ინფორმაციის მოპოვება და იმ გარემოს და თანადგომის ქსელის ძიება, რომელიც, ბიოლოგიურ გარემოში დაბრუნების შემთხვევაში, მხარდაჭრას აღმოუჩენდა.

შეფასებისა და პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესში „ფაზლების“ პრინციპით ვაწყობდით ოჯახის ისტორიას და მასში მყოფი ბავშვების ცხოვრების ამსახველ სურათს: 

ორი შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ბავშვი, ამავე სტატუსის მქონე მეუღლე, რომელზეც მოტყუებით დააქორწინეს 14 წლის არასრულწლოვანი.... შემდეგ ოჯახის ახლო ნათესავთან ასევე ძალადობისა და იძულების შედეგად შექმნილი ოჯახი, ისევ ორი შვილი, პატარა 3 წლის გოგონა... ქმრის ოჯახში მიტოვებული უფროსი შვილები ბებიას მიჰყავს ბავშვთა სახლში, საიდანაც მალევე ხვდებიან სრულიად უცხო რეგიონში, სადაც არავინ არ ჰყავთ... მინდობით აღმზრდელი მზრუნველი ქალია, თუმცა ძალიან ღელავს; ბავშვებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ, ვერ ცნობენ საყოფაცხოვრებო ნივთებს და არ იციან ყოველდღიური მოხმარების საგნების გამოყენება, მეტყველებაც მკვეთრად შეზღუდული აქვთ... ფიქრობს, ხომ არ იჩქარა და სოციალურ მუშაკს კვირაში ორჯერ ურეკავს... მიჰყავს ექიმთან... შესაბამისი მხარდაჭერის შედეგად, რომელიც მოიცავდა ზრუნვას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, მდგომარეობა გახდა სტაბილური, ბავშვები დადიან დღის ცენტრში... დედა თანდათან უფრო იშვიათად ჩამოდის... აღარ სურს სოციალურ მუშაკთან შეხვედრა, მხოლოდ ბავშვებს დახედავს და მიდის... ბავშვები იზრდებიან... მათგან ერთ-ერთი გახდა 18 წლის... „მამის ოჯახში შესაძლებელია ბავშვის დაბრუნება“ - გადაწყვეტილება მიღებულია... ერთი წლის შემდეგ უკვე სრულწლოვანი ძმა კეთილსაიმედო გარემოს არარსებობის გამო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მორჩილად თავდახრილი ზის... „დედა  მაინცდამაინც არ იწუხებს თავს ბავშვის ნახვით“- ამბობენ ბავშვზე მზრუნველი პირები... დედა სოფელ-სოფელ დადის დღიურ მუშად, რომ ოჯახში მყოფი სხვა ბავშვებისთვის საკვები მოიტანოს... მეუღლე, რომლის მოთხოვნით უფროსი ბავშვების მიტოვება მოუხდა, მუდმივად ძალადობს მასზე და საკუთარ შვილებზე.... განცხადებას განხადებაზე წერს პოლიციაში, ისინიც აფრთხილებენ და აფრთხილებენ მოძალადეს... პატარა ეხვევა დედას, უფროსი შვილი მშობლების შუაში დგება, მასაც ხვდება მოქნეული ხელი... სასწრაფო ვერ აგნებს მისამართს და ბრუნდება... პოლიციამ იცის ოჯახის მისამართი, ბევრჯერ ყოფილა, თუმცა ამჯერად ბავშვზე ძალადობის მიზეზითაც მიდის... საპროცესო წარმომადგენელი სოციალური მუშაკია, რომელიც საღამოს გამოიძახეს, მანამდე სხვა შემთხვევაზე იყო... პოლიციელთან ერთად იგი პირველად ხვდება ბავშვს, ასრულებს პროცედურით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - ესწრება დაკითხვის პროცესს, ესაუბრება მშობელს... შემთხვევაზე მუშაობას აღარ აგრძელებს... მეუღლეს აკავებენ... რამდენიმე მშვიდი კვირა... შემდეგ მეუღლის ადვოკატის ზარები და ნოტარიუსთან გაფორმებული განაცხადი, რომ ყველაფერს ივიწყებს და პატიობს... პარალელურად დადებითი რეკომენდაცია „ოჯახში კეთილსაიმედო გარემოა“ და გადაწყვეტილება, რომ დაიბრუნოს შშმ შვილი...

მიღებულ სურათს ბევრი შემავსებელი დეტალი აკლია სისრულისთვის. თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ მდგომარეობის სიმძიმესა და სხვადასხვა სპეციალისტისა თუ უწყების  მხარდაჭერის აუცილებლობას ოჯახის და მასში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დედის გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯი, ბიძგი და გამოწვევა იყო ცვლილების პროცესში. საჭიროებები კი, რომლის დაკმაყოფილებაც ოჯახს ბავშვის დაბრუნების შესაძლებელობას აძლევდა, საკმაოდ კომპლექსური იყო და მოითხოვდა მუშაობას, როგორც მშობლის პიროვნული განვითარების, მისი თვითშეფასების ამაღლების, სტრესის დაძლევის უნარებზე, ასევე, სამართლებრივი მხარადაჭერის, რეგიონში არსებული მომსახურებების მობილიზების პროცესში. პარალელურად ბავშვის მომზადებაც უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. უნდა გვეზრუნა, რომ ოჯახში დაბრუნების პროცესი უმტკივნეულო ყოფილიყო ბავშვისა და  ოჯახისთვის.

ერთი თვე საკმარისი აღმოჩნდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“, რომ  ჩვენი მიმართვის საფუძველზე ბავშვი დამატებით შეფასებულიყო ფსიქოლოგისა და ოკუპაციური თერაპევტის მიერ. მათი ხელშეწყობით, კონკრეტული რეკომენდაციები გვქონდა მშობლისთვის და შევძელით მინდობით აღმზრდელთან და ბავშვის სოციალურ მუშაკთან თამშრომლობით ოჯახში დაბრუნებისთვის ბავშვის მომზადება და მოგვიანებით მისი დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში. ოჯახის გაძლიერების მიზნით მივმართეთ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ოჯახისთვის აუცილებელი ნივთები, საწოლი, თეთრეული,  განმავითარებელი სათამაშოები  შევიძინეთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანადგომით შესაძლებელი გახდა ოჯახის სამართლებრივი მხარდაჭერაც, რომელიც მოიცავდა პოლიციიდან ყველა დოკუმენტის გამოთხოვას და დოკუმენტაციის მომზადებას გაყრის პროცესის დასაწყებად, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის შუამდგომლობით, განხორციელდა საქმის პროკურორთან შეხვედრა და, საქმის ვითარების გარკვევის შედეგად, მოძალადეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბავშვისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებამდეც ხორციელდებოდა და დღესაც გრძელდება. რაც შეეხება დედასთან მუშაობას, გაეწია მომსახურება სტრესის დაძლევასა და თვითშეფასების ამაღლებასთან დაკავშირებით. შედეგები აქაც თვალსაჩინოა - ოჯახის წევრების ემოციური მდგომარეობა სტაბილურია, მხარდაჭერისა და აქტიური მუშაობის შედეგად კი დედამ შეძლო მსხვერპლობით გამოწვეული სტრესის დაძლევა.

ნაწილობრივ გაუმჯობესდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაც. მუშაობის პროცესში ჩაერთო სოციალური მომსახურების სააგენტოც - ოჯახის კრიზისული დახმარების მომსახურებასა და დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვისა და პენსიასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართულებით. თუმცა ბიუროკრატიული ბარიერების, დღის ცენტრში ადგილების ლიმიტის არსებობის და მომსახურების მიღების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ოჯახს ვერ მიეწოდა დღის ცენტრისა და კრიზისული ოჯახების დახმარების ფონდის მომსახურებები. აქაც  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ჩვენი მიმართვის საფუძველზე, დღის ცენტრის მომსახურების დაფინანსება და აღნიშნული სერვისით სარგებლობა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

უზრუნველვყავით, ასევე, ბავშვის ჩართვა „საქველმოქმედო ფონდი აფხაზეთისა“ და ადგილობრივი ორგანიზაცია „ბილიკი“-ს ერთობლივ პროექტში, რომელიც მისი დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის, სოციალური უნარების განვითარების ტრენინგების გავლისა და პროფესიული გადამზადების შემდეგ.

დღესდღეობით, გაწეული სამუშაოსა და მხარდაჭრის შედეგად, ოჯახი ახერხებს არა მარტო მასში მცხოვრები ბავშვების ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ ზრუნავს მათ განვითარებაზე,  მათ შორის,  პროფესიული ორიენტაციის მიმართულებითაც.

როცა პირველად შევხვდი, ის 17 წლის იყო... მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა - ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრი „ცარიელი ხვრელი ამოვავსეთ“ და, ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ყოველდღიურად ვრწმუნდები ჩემი პროფესიის შესაძლებლობებში. სწორედ ესაა ის, რაც მასში მხიბლავს და მაძლიერებს...
ნათია მაჭარაშვილი


/16.03.2018/

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2552209
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
938
240
10246
2535692
27802
41894
2552209
Your IP: 18.220.13.15
2024-12-23 05:24