ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად
ძვირფასო წევრებო, კოლეგებო, მეგობრებო, თანამოაზრეებო,

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე. პირველ რიგში, ამ ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაციის გამგეობას. მეორეს მხრივ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მინდა პირნათლად შევასრულო. მივესალმები იმ გუნდს, რომელიც ჩემმა წინამორბედმა ძალიან დიდი ძალისხმევით და რუდუნებით შექმნა. იმედი მაქვს მათთან ერთად, ასოციაციის დირექტორთან და გამგეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებ თავი გავართვა ამ რთულ საქმეს.

სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია განვითარებას განიცდის საქართველოში და შესაბამისად, მეტნაკლებად უმკლავდებოდა იმ სოციალურ გამოწვევებს, რომელიც მოცემული დროისთვის იყო ქვეყანაში. თუმცა, ის, რაც წარმატებად ითვლებოდა გუშინ, დღეს უკვე არაა საკმარისი და მეტი გვჭირდება იმისათვის, რომ გავხდეთ მოდერნული და ეფექტური პროფესია. მოდერნულობაში და ეფექტურობაში ვგულისხმობ მეცნიერულ საფუძვლებზე მდგომ პროფესიას, რომელსაც შეუძლია განავითაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევები და შექმნას სოციალური ინოვაციები ქვეყნის საკეთილდღეოდ.

როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციის მისიაა სოციალური მუშაობის პროფესიისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა. ამ მისიის ფარგლებში, ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება იქნება სოციალური მუშაობის მეცნიერული საფუძვლების განვითარება. სოციალური მუშაობა არის გამოყენებითი მეცნიერება, რომელიც სოციალური მეცნიერების ტრანსდისციპლინური და ინტერდისციპლინური დარგია. განსაკუთრებით საინტერესოა, სოციალური მუშაობის ტრანსდისციპლინურობა, რომელიც გულისხმობს სოციალური მუშაობის თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება რთული სოციალური პრობლემების გადაჭრა. სწორედაც, შეუძლებელია სოციალური პროგრესის მიღწევა პრაქტიკოსი სოციალურ მუშაკების გარეშე, რომლებიც არიან ველზე და უშუალოდ არიან შეხებაში ბენეფიციარებთან. უფრო მეტიც, სოციალური მუშაობის ისეთი კვლევის მეთოდების დანერგვა, როგორიცაა თანამონაწილეობითი კვლევები, სამოქმედო (პრაქტიკის) კვლევებით უფრო დაგვაახლოებს ჩვენს ბენეფიციარებთან და დაგვანახებს პრობლემის არსს და მისი გადაჭრის გზებს. ბენეფიციარი, პრაქტიკოსი და მეცნიერ-თეორეტიკოსი ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელმაც უნდა შეძლოს რთული სოციალური პრობლემების გამკლავება ამ პრობლემების სწორი იდენტიფიკაციის, სოციალური პროგრამის შემუშავების და დანერგვის საშუალებით. ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურებების დანერგვა შესაძლებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებით.

სოციალური მუშაობა ინტერდისციპლინურია. ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო თეორიებს ფსიქოლოგიიდან, სოციოლოგიიდან, ეკონომიკიდან, განათლებიდან და ვახდენთ ამ თეორიების სინთეზს, რათა შევძლოთ ახალი თეორიების, მიდგომების, მოდელების შექმნა, რომელიც სოციალური მუშაობის ცოდნას ქმნის. ეს არ არის უბრალოდ გაერთიანება, არამედ ეს არის პრაქტიკაში ამ თეორიების გამოცდა, კონკრეტულ ბენეფიციარებზე მორგება და ახალი ცოდნის შექმნა, რომელსაც სოციალური მუშაობის სპეციფიკური ცოდნა ჰქვია. სოციალური მუშაობის ცოდნით შესაძლებელი იქნება კომპლექსური და კრიტიკული სოციალური პრობლემების გადაჭრა.

სოციალური მუშაობას, როგორც პროფესიას იმანენტურად ახასიათებს ის მიდგომები, რაც განსაკუთრებულს ხდის მეცნიერების ამ დარგს და უპირატესობას ანიჭებს სხვა დარგებთან შედარებით. ეს არის სოციალური მუშაობის პროფესიული მიზნები, ეთიკური ღირებულებები, და სოციალური მუშაობის სისტემური ხედვა, რაც ქმნის სოციალური ცვლილების და სოციალური სამართლიანობის მიღწევის საფუძველს.

დღეს ჩვენ განვიცდით სოციალური მუშაობის ცოდნის ნაკლებობას, ჩვენ არ გვაქვს მომსახურებები, რომელიც მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ჩვენ თითქოს ვაფათურებთ ხელებს, მაგრამ ხელში არაფერი გვიჭირავს . . . ასოციაციის ძირითადი მიზანი სწორედ სოციალური მუშაობის ცოდნის შექმნა გახდება, პრაქტიკოსებთან, ბენეფიციარებთან და მეცნიერებთან ერთად.

საერთაშორისო გამოცდილება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური მუშაობის განვითარების ისტორია აჩვენებს, რომ სოციალური მუშაობის განვითარება შეუძლებელია მისი მეცნიერული საფუძვლების განვითარების გარეშე. სოციალური მუშაობა უნდა ღირსეულად გაერთიანდეს მეცნიერულ დისციპლინათა ოჯახში, გაძლიერდეს მეტი ცოდნით და განათლებით და გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, როგორც სოციალური კვლევის, ასევე სოციალური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. ამ მეცნიერების ცენტრშია ბენეფიციარი, რომელსაც სოციალური მუშაობის პროფესია თავისი სისტემური მიდგომებით და ღირებულებითი დამოკიდებულებით ყველაზე უკეთ ხედავს. სოციალური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მეცნიერებით არის შესაძლებელი.

დღეს ჩვენ ვდგავართ სამი მთავარი გამოწვევის წინაშე:
  1. გავაძლიეროთ სოციალური მუშაობის მეცნიერება და ცოდნის ბაზა;
  2. ვითანამშრომლოთ ბენეფიციარებთან, პრაქტკოსებთან, სტუდენტებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, მეცნიერებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სათემო ორგანიზაციებთან სოციალური პროგრესის მისაღწევად;
  3. ვიმუშაოთ ერთად, რათა გადავჭრათ რთული სოციალური პრობლემები, როგორიცაა ძალადობა, უსამართლობა, უთანასწორობა, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, უსახლკარობა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, სოციალური იზოლაცია, წამალდამოკიდებულება, აივ-შიდსი, იძულებით გადაადგილება… რათა მივაღწიოთ ინდივიდების და ოჯახების კეთილდღეობას და შევქმნათ უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოება.



წარმატება ჩვენზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად შევძლებ ამ გამოწვევების გამკლავებას!

საუკეთესო სურვილებით,

შორენა საძაგლიშვილი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე