ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

პროფესიული გადაწვა

    ნელი აკობია
სოციალური მუშაობის მაგისტრი


     წინა შემოდგომაზე, როცა ფსიქიატრთან ვიყავი, მან დამამშვიდა, რომ ამ ეტაპზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ვერაფრით დავეთანხმე: ჩემი აზრით, ამ პერიოდში ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, იყო გადაწვა - პროფესიული გადაწვა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის უმნიშნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს უკვე საკმაოდ ბევრი მეცნიერის აზრით. 
     10 წელია, რაც სოციალური მუშაკი ვარ. ზუსტად ვიცი, რატომ ვარ აქ, ამ პროფესიაში. ზუსტად ვიცი, რომ სხვაგან არც შემიძლია  და არც მინდა ყოფნა. და ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა გადამაგდოს ცხოვრებამ, გვერდს მაინც ვერ ავუვლი უმოქმედოდ იმ  უამრავ სოციალურ პრობლემას, რომელთაც ყოველდღე ვხვდებით (რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ არის მომენტები, როდესაც ეს  „მოქმედება“ სინდისის ქენჯნა შეიძლება იყოს, თუ ორი ბავშვით ვარ, რომლებიც კივიან, რადგან სათამაშოს ვერ იყოფენ და, ამ  დროს, მხარდაჭერას ვერ ვუწევ ადამიანს, რომელიც ქუჩაშია და რამე მიზეზით ჩემი მხარდაჭერა სჭირდება). 
       იმის თქმა მინდა, რომ ჩემს პროფესიაში თავს მყარად ვგრძნობ და რაც არ უნდა მოხდეს, სოციალური მუშაკი ვარ. მაგრამ  არის  პერიოდები ამ პროფესიაში, როდესაც სევდა მწარედ შემეპარება, დეპრესიული განწყობა მშთანთქავს და უბრალოდ მიჭირს  დავიჯერო, რომ ჩემი მუშაობით რეალურ ცვლილებებს შემიძლია მივაღწიო, ან რომ რამის შეცვლა მაინც შემიძლია  უკეთესობისკენ - სულ ერთი პატარა რაღაცის მაინც. და ეს განწყობა არ არის წამიერი. როგორც წესი, ამას ემატება ძალიან ბევრი  საქმე, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ჩემი სიგრძე-სიგანე და რომელსაც შეუძლია რეალურად წამლეკოს. და სწორედ ეს არის, მეგობრებო, როდესაც მემართება პროფესიული გადაწვა. თან მთავარი ამ მდგომარეობაში არც უძილო ღამეებია და არც დაქვეითებული ჯანმრთელობა უამრავი საქმის გამო - მთავარი აქ ის სევდაა, რომელიც იმის გაცნობიერებას ახლავს, რომ რეალური ცვლილების მიღწევა არ შეგიძლია. აი, ისეთი შეგრძნებაა, როგორც ფილმებში ხშირად გვინახავს: შუა გზაზე რომ აღმოჩნდები უცებ, მანქანები გივლიან ყველა მხრიდან და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია - მხოლოდ კივილი შეგიძლია და მორჩა. აი, ეს არის მთავარი კომპონენტი, რომელიც გთიშავს, გხდის უმოქმედოს და საშინლად არაპროდუქტიულს. თან სოციალური მუშაკი უკეთესის რწმენის გარეშე - 
ეს ხომ კატასტროფაა, რადგან მთავარი, რისი რწმენის ვალდებულებაც გვაქვს, ისაა, რომ ადამიანებს, ადამიანების ჯგუფებს და ზოგადად, საზოგადოებას აქვთ იმის პოტენციალი, რომ შეცვალონ საკუთარი და სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ.
      კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე, ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება პროფესიულმა გადაწვამ მოიტანოს, ის  მომენტია, როდესაც მომსახურების მომხმარებლის დადანაშაულებას იწყებ და უერთდები დანარჩენ  საზოგადოებას, რომელსაც უკვე ჰყავს გაგდებული ფეხქვეშ ეს ადამიანი და „ურტყამს“ საკუთარი  დამადანაშაულებელი აზრებითა თუ რეპლიკებით. მაგალითად, თუ მთელი სკოლა ბავშვს ადანაშაულებს მისი ქცევითი სირთულეების გამო და მას „ცუდს, თავგასულს და უზრდელს“ უწოდებს და თუ შენც დგები ამ დამადანაშაულებელი ადამიანების მხარეს, თუნდაც გულში, უკვე საქმე აშკარად ცუდადაა და კრიზისული ჩარევაა სასწრაფოდ საჭირო.
   რა თქმა უნდა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება პროფესიული გადაწვის თავიდან ასარიდებლად და/ან შესამცირებლად: პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების გამიჯვნა, სტრესისგან დაცლისა და განტვირთვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება, „არა“-ს თქმის დასწავლა, რათა საქმის რაოდენობა წამლეკავი არ გახდეს, საკუთარი მცირე მიღწევების ან, სულაც, მცდელობების აღიარება და დაფასება, საკუთარი მუშაობის თუნდაც მცირე მნიშვნელობის დანახვა ცვლილებების საერთო სურათში და ფსიქოლოგის და/ან მხარდამჭერი ჯგუფის გამოყენებაც კი.
     თუმცა ინდივიუდალური სოციალური მუშაკისთვის ძალიან რთული შეიძლება იყოს, მარტო გაუმკლავდეს პროფესიულ გადაწვას. და სწორედ აქ ხელებდაკაპიწებული უნდა შემოვიდეს სურათში პროფესიული ზედამხედველი, რომელიც ხვდება, რა გიჭირს, და ეს მხოლოდ ყოველდღიური რუტინული საქმიანობის პრობლემა რომ არ არის - მხოლოდ ის არ გიჭირს, რომ ფორმა არასწორად შეავსე, ან რომ რაღაც პროცედურა ვერ გაიგე, არამედ გიჭირს იმ კუთხით, რომ აღარ გჯერა იმის, რაც სოციალურ მუშაკად გხდის. პროფესიული ზედამხედველი გეხმარება, რომ, პირველ რიგში, გააცნობიერო, რა გიჭირს (რადგან ხშირად შეიძლება, გიჭირდეს ამის დამოუკიდებლად გაკეთება), და შემდეგ დაგეხმაროს, რომ დაინახო, საერთოდ რატომ ხარ სოციალური მუშაკი, რომ შენს საქმიანობას აქვს აზრი და დანიშნულება.  მაგალითად, თუ მუშაობ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან, სფეროში, რომელშიც ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობა ხშირად სრულიად მინიმალურია, პროფესიული ზედამხედველის უმნიშვნელოვანესი როლი უნდა იყოს ამ მინიმალურიი ცვლილებების დანახვება პრაქტიკოსი სოციალური მუშაკისთვის.ასევე იმის გააზრებაც, თუ როგორ წაადგება მისი 
   ყოველდღიური საქმიანობა სისტემის უფრო ხილულ ცვლილებას, რასაც, ალბათ, მომდევნო დეკადა მაინც დასჭირდება (ჩემი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში). თანაც, პროფესიული ზედამხედველი არ გტოვებს ამ შენს გასაჭირთან, გარკვეული პერიოდი მაინც (რომელიც, ჩემი გამოცდილებით, სულაც არ არის მოკლე) სულ მუშაობს ამ მიმართულებით.  გარდა ამისა, ყოველდღიური საქმიანობის სირთულეების გადალახვაშიც გეხმარება, თუ რაღაც შენს ძალას აღემატება - მაგალითად, ელემენტარული ოთახის არ ქონა მომსახურების მომხმარებელთან გასაუბრებისთვის, ან მტრულ გარემოში თუ გიწევს მუშაობა ორგანიზაციაში, რადგან სხვები შენს როლს ვერ იაზრებენ, - პროფესიული ზედამხედველის როლი აქაც დიდია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ პროფესიული ზედამხედველი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მისი მხარდაჭერა და გაძღოლა პროფესიული გადაწვისგან თავის დაღწევისა და ადამიანებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევის პროცესში უმნიშვნელოვანესია.