ცაბუნია ვართაგავა
სოციალური მუშაობის მაგისტრანტი
ასოციაციის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში
„გახსოვდეთ, ერთ მონდომებულ სოციალურ მუშაკს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ცვლილებები იწყება ჩვენგან,“
- გვასწავლეს უნივერსიტეტში და გამოგვიშვეს. ცვლილებები იწყება ჩვენგან... ცვლილებები იწყება ჩვენგან... ცვლილებები იწყება ჩვენგან... ვუმეორებ ხოლმე საკუთარ თავს, როდესაც მუშაობის პროცესში ისეთ გამოწვევას ვაწყდები, რომლის გადალახვაც მიჭირს. არადა, რამდენი გამოწვევაა - იმით დაწყებული, ადამიანს აუხსნა, რომ არ ხარ სოციალური აგენტი, რომელიც ქულებს წერს და არც ბოროტი გუდიანი, რომელიც ბავშვებს იტაცებს ოჯახიდან, და იმით დამთავრებული, პროფესიის არმცოდნე ადამიანები რომ გიწერენ კანონს შენი პროფესიის შესახებ. გარდა შენი სამუშაოსი, რომელიც ისედაც რთულია და დატვირთული, გიწევს ამ გამოწვევებსაც გაუმკლავდე.
ასეთ დროს შესაძლოა, უკან მოგრჩეს ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სერვისის მიწოდება - ეს არის მათი უფლებების ადვოკატობა, ან ზოგადად აქტივიზმი.
სოციალური მუშაკები იშვიათად ვდგავართ აქციებზე, როგორც პროფესიული თემი. ეტყობა, ჯერ ბოლომდე არ აგვევსო მოთმინების ფიალა. სხვა ამბებმა გადაგვავიწყა, ზოგჯერ რამდენად მნიშვნელოვანია გაბრაზდე, გახვიდე და აქცია დააორგანიზო, ან დაორგანიზებულს შეუერთდე.
არ ვიცი, როდის დადგა ჩემს ცხოვრებაში ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩემს თავს დავუსახე მიზნად, ყველა ადამიანის უფლება თანაბრად დამეცვა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ვფიქრობ და შესაბამისად ვიქცევი. პროფესია დამეხმარა მეტად გავძლიერდე, მეტად მოქნილი ვიყო და უკან არ დავიხიო. როდესაც პესიმიზმი შემომიტევს და ვფიქრობ, იქნებ, სულ ტყუილად ვაკეთებ ყველაფერს და მაინც ვერაფერს ვცვლი, ვიხსენებ ხოლმე ყველა იმ ბენეფიციარს, ვისი ცხოვრებაც ოდნავ მაინც შევცვალე და ისეთებს, ვისი ცხოვრებაც ჯერ კიდევ შესაცვლელია. დანებების დრო არ გვაქვს.
დღეს, როცა ამ ბლოგს ვწერ, 17 მაისია... ჰომოფობიასთან, ტრანსოფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ჯერ კიდევ გუშინ, ჩემს ბლოგს სულ სხვა შინაარსი ჰქონდა, პროფესიულ ღირებულებებზე მინდოდა მესაუბრა და იმ გამოწვევებზე, რაც ლგბტ საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს გვაქვს. დღეს კანცელარიის წინ აქციაზე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, რადგან ამის საშუალება არ მომეცა, შემთხვევით ვისარგებლებ და უბრალოდ, იმას დავწერ, რაც შესაძლოა, მეთქვა:
„გამარჯობა, მე ცაბუნია ვართაგავა ვარ, სოციალური მუშაკი და ლგბტ აქტივისტი. დღეს აქ ვარ ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, ვისაც თავად არ შეუძლია აქ იდგეს, დღეს ვსაუბრობ ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, ვისაც თავად არ შეუძლია ხმამაღლა ისაუბროს.
ამ ქვეყანაში რთულია იყო ლგბტ თემის წევრი და ეს არ დამალო. განსაკუთრებით რთულია, თუ პატარა რაიონში ცხოვრობ და ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, ისიც, როგორ უნდა იცხოვრო. მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი სოციალური პრობლემის წინაშე დგას, ლგბტ თემს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. თემი ხშირად ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის ობიექტი. გაურკვეველი წარმომავლობის ძალები სიძულვილის ენის ტირაჟირებით იწერენ პოლიტიკურ ქულებს და ისედაც უარყოფითად განწყობილ საზოგადოებას ჰომოფობიისკენ ახალისებენ. 17 მაისის მოახლოებასთან ერთად იმატებს ჰომოფობიური წინასწარგანწყობები და თემის წევრები და მათთან ასოცირებული პირები ხშირად ხდებიან სიძულვილის ენის ობიექტები. ამ მხრივ, გამონაკლისი არც რეგიონებია. როგორც სოციალურ მუშაკს, უამრავ მიზნობრივ ჯგუფთან მიმუშავია, ყველა მათგანს ჰყავს სოციალური მხარდაჭერის ქსელი. ერთი ადამიანი მაინც, ვინც მის გვერდითაა - ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან სხვა ვინმე. ლგბტ თემი ამ პრივილეგიასაც მოკლებულია. მათზე უარს ამბობენ მშობლები, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობენ ირგვლივ მყოფი ადამიანები, სახელმწიფო კი ვერ აწვდის მათ ადეკვატურ სერვისებს.
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბიჭი, რომელსაც საზოგადოება რიყავს და ეს საზოგადოება პასუხს არ სთხოვს სრულწლოვან მოძალადეს, მეტიც, მასთან ჰარმონიულად თანაარსებობს? სწორედ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და დროა გავიაზროთ, რომ ეს მხოლოდ იმ ერთი გეი ბიჭის პრობლემა არ არის...
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ბიჭი, რომელიც მუდმივად არის ბულინგის ობიექტი სკოლაში? ვერ იღებს ადეკვატურ განათლებას და ამას ემატება ისიც, რომ ოჯახის წევრები გამუდმებით ძალადობენ მასზე ემოციურად, ყოველ წამს უმეორებენ, რომ ურჩევნიათ მკვდარი იყოს, ვიდრე ასეთი სამარცხვინო...
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ გოგონა, რომელსაც ოჯახის წევრები სახლში კეტავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება, ან ისე არ იქცევა, როგორც სოციუმის დიდი ნაწილი. ამ დროს შენი ერთადერთი მიზანია, როგორმე უსაფრთხოდ გამოიყვანო ოჯახიდან, თან ისეთ გარემოებაში, როდესაც გოგონა გიმტკიცებს, რომ ოჯახის წევრები უყვარს და ვერ უჩივლებს, შენ კი ხელფეხშეკრული ხარ, რადგან სრულწლოვანი ადამიანის ნაცვლად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას...
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ახალგაზრდები, რომლებსაც ფერადი თმის, საყურის, პირსინგის გამო ყოველდღიურად აგინებენ ქუჩაში, სოციალურ ქსელებში და ისინი მაინც არ ნებდებიან, ამაყად დადიან ფერადები, საყურიანები, პირსინგიანები...
გავუსწოროთ თვალი რეალობას: დღეს ლგბტ თემი არის იმაზე მეტი გამოწვევის წინაშე, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი. გავიხედოთ საკუთარი თავების იქით, ვაღიაროთ, რომ ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემა არაა და, რადგან თქვენ ჯერ არავის დაუჩაგრიხართ იმავე მიზეზებით, არ გაქვს იმის გარანტია, რომ არ მოვა დრო, როდესაც თქვენი გრძელი თმა, თმის ფერი ან ჩაცმულობა არ გახდება თქვენივე ჩაგვრის მიზეზი.
დროა, გავიაზროთ, რომ ჩაგვრა არის სისტემური. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა შენს სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, პროფესიას თუ დასაქმების ადგილს, ეს ჩაგვრა ყველას გვეხება ან შეგვეხება, თუ არ ვისწავლით სოლიდარობას. სოლიდარობას სკოლაში ვერ ისწავლი, ვერც უნივერსიტეტში, ვერც წაკითხულ წიგნებში. ყველაფერს განათლების სისტემას ვერ დავაბრალებთ. დროა, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობის შექმნაში, სხვაგვარად ვერასდროს შევდგებით, როგორც ჯანსაღი საზოგადოება.“