შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სხვა სახის ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ინიციატივის მიზანია მანდატურის სამსახურის ფუნქციების მოდიფიცირება, გაზრდა, რის შედეგადაც სკოლებში უნდა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების სისტემა.
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ მიესალმება სახელმწიფო უწყებების მცდელობას გადადგან ნაბიჯები პრევენციული მექანიზმის გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არსებული რედაქციით გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, კერძოდ:
-
კანონპროექტით, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩამდენი მოსწავლის მიმართ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსწავლის შეყოვნების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მოსწავლის განცალკევებას, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით. იქვე განმარტებული, რომ შეყოვნება დასაშვებია შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოცხადებამდე, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის გამოცხადებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 საათისა. აღნიშნული კანონპროექტი ადგენს მხოლოდ ზოგად დებულებებს და იქვე აღნიშნულია, რომ შეყოვნების დეტალური წესი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.პირველ რიგში ბუნდოვანია, თუ რომელ სამართალდარღვევებზეა საუბარი პროექტში, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელს) მიღწეულ არასრულწლოვნებზე, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ვრცელდება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, ხოლო თუ საუბარია სამართალდარღვევებზე, რომელსაც სავარაუდოდ სჩადიან 14 წლამდე ასაკის პირები და დისციპლინურ დარღვევებზე ნებისმიერი ასაკის მოსწავლის შემთხვევაში, ეს მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რადგან არსებული რედაქციით გაურკვეველია რა ასაკის ბავშვებზე და რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმები.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმით შეყოვნების მექანიზმის შემოღება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან გამოდის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და სისხლის სამართლოს საპროცესო კანონმდებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის დაკავებისას (თავისუფლების შეზღუდვისას) სამართლებრივი დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე „ზოგადი განათლების შესახებ კანონი“ დისციპლინის დამრღვევი ან სამართალდამრღვევი პირის მიმართ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, „დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“. საპროცესო კანონმდებლობით, დაკავებისთვის საჭიროა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ არის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. სხვა ტიპის გადაადგილების შეზღუდვის დაწესება, მით უფრო კანონქვემდებარე აქტით და მხოლოდ ვარაუდით (რაც ბევრად დაბალი მტკიცების სტანდარტია ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდი) დისციპლინური ან სამართალდარღვევის შემთხვევაში ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი ფორმით არასრულწლოვნის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები და წესი ამომწურავად უნდა იყოს განსაზღვრული კანონით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორც აღნიშნული პროცედურა, ასევე ამ პროცესში არასრულწლოვნის სამართლებრივი დაცვის გარანტიები (კანონიერი წარმომადგენლის, დამცველის დაუყოვნებლივ მოწვევა, გასაჩივრების უფლება, დაკავების საგამონაკლისო წესი და ა.შ). აღნიშნული კანონპროექტით, მინისტრს ფაქტიურად ეძლევა შესაძლებლობა კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს შეყოვნების (თავისუფლების შეზღუდვის) წესი, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტია და არ შეესაბამება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სულისკვეთებას.
ასევე გაუგებარია წმინდა ტექნიკური საკითხებიც, რა ფორმით უნდა მოხდეს მოზარდის შეყოვნება? სად მოხდება ბავშვის განცალკევება? თუ მოზარდი წინააღმდეგობას უწევს მანდატურს რა ფორმით უნდა მოხდეს მისი გადაადგილების შეზღუდვა, რა უფლებამოსილება გააჩნია ამ დროს მანდატურს? და ა.შ.
შეყოვნების მექანიზმი საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს მანდატურს. იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და შესაძლებელი იყოს კონტროლი მნიშვნელოვანია მანდატური ახდენდეს განხორციელებული მოქედებების დოკუმენტირებას. კერძოდ, შეყოვნებისას მანდატურის მიერ შედგეს შესაბამისი ოქმი, სადაც დეტალურად აღიწერება ფაქტობრივი გარემოებები, ასევე რის საფუძველზე მოხდა მოსწავლის შეყოვნება, მიეთითოს შეყოვნების დრო და სხვა გარემოებები. მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შენიშვნები შეიტანოს ოქმში. ხოლო ოქმის სისწორე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ მანდატურმა, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და თავად მოსწავლემ. თუ უარს იტყვის მოსწავლე ხელის მოწერაზე შენიშვნას თავად მანდატური შეიტანს ოქმში და განმარტავს ხელისმოწერაზე უარი თქმის მიზეზს. რაც მთავარია აღნიშნული ოქმი უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას. გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი უნდა იყოს მშობელი/კანონიერი წარმოამდგენელი, მასწავლებელი და თავად მოსწავლეც. გასაჩივრება შესაძლებელია განხორციელდეს მანდატურის სამსახურის უფროსთან.
-
წარმოდგენილი კანონპროექტით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნულ ფორმულირებამდე ჩაიწერება, რომ ზოგადად ფიზიკური ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენება არასრულწლოვნის მიმართ აკრძალულია და ეს დაშვება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებს ეხება. ასევე მნიშვნელოვანია კანონშივე ჩაიწეროს რომ გამოყენებული ძალა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი, არ იყოს გამოყენებული დამამცირებელი და ღირსების შემლახველი ფორმით, გამოყენებული იქნას მაქსიმალურად მოკლე ვადით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრის მიერ რეგულირდება მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხა და მათი გამოყენების წესი.კანონის პროექტში საუბარი არ არის ასევე ძალის გამოყენების შემთხვევაში მოსწავლის შემდგომი სამედიცინო შემოწმების სავალდებულოობაზე, არ არის დაკონკრეტებული რა ჩაითვლება მანდატურის საქმიანობისთვის ხელის შეშლად, რაც ქმნის სუბიექტურობის საკმაოდ მაღალ რისკს, რადგან შესაძლოა მანდატურმა არასრულწლოვნისგან მიღებული ნებისმიერი პასუხი მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლად მიიჩნიოს.გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი არ უნდა რეგულირდებოდეს ბრძანებით (კანონქვემდებარე აქტით) მაშინ, როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან დაკავშირებით, როგორც სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი, ასევე სხვა სახის პროცედურები კანონის დონეზეა (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში) დარეგულირებული და უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს. გარდა ამისა, კანონის დონეზე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ იმ პირებს, ვისაც გავლილი აქვსსპეციალური გადამზადება ამ კუთხით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გარეგნული იდენტიფიცირება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, შესაბამისად, მიუხედავად კანონპროექტში გათვალისწინებული აკრძალვისა, პრაქტიკაში იქმნება რისკი, რომ შესაძლოა ძალამაინც იქნას გამოყენებული შშმ პირების მიმართ.
დოკუმენტირება ეხება ასევე სპეციალური საშუალების ან ძალის გამოყენებას. მანდატურთან მიმართებითაც აუცილებელია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მანდატურის სამსახურის უფროსს და სკოლის დირექტორს. აღნიშნულ დოკუმეტზეც მოსწავლემაც უნდა მოაწეროს ხელი, თუ არ ეთანხმება გარემოებებს შეიტანოს შენიშვნა მასში. თუ მოსწავლე უარს იტყვის ხელის მოწერაზე შენიშვნას თავად მანდატური შეიტანს ოქმში და განმარტავს ხელისმოწერაზე უარი თქმის მიზეზს.
კანონპროექტის მიხედვით, მანდატურს ენიჭება უფლებამოსილება, ჩაატაროს არასრულწლოვნის ზედაპირული დათვალიერება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის გარემოებათა გასარკვევად აღმოჩენის მიზნით“. აღნიშნულმა ტერმინმა ჩაანაცვლა „ზოგადი განათლების შესახებ“ მოქმედ კანონში არსებული პირადი გასინჯვა, თუმცა მისი მიზანი ფაქტიურად იგივე დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგანი დათვალიერებით, რაც, როგორც წესი, არ უნდა გულისხმობდეს ხელის შეხებას, ჩანთის გახსნა/შემოწმებას, ჯიბეების შემოწმებას, დასახული მიზნის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ხოლო თუ საუბარია ქმედებაზე, რომელიც თავისი შინაარსით პირად ან/და ნივთების ჩხრეკას უთანაბრდება, ეს საგამოძიებო მოქმედებაა და მოიაზრებს ბავშვის უფლებათა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს (ჩხრეკის ჩატარება იმავე სქესის პირის მიერ, კანონიერი წარმომადგენლის, დამცველის სავალდებულო მონაწილეობა და ა.შ), რაც ამ პროექტით გათვალისწინებული არ არის. დოკუმენტირება უნდა მოხდეს ასევე ზედაპირული დათვალიერების დროსაც, მოსწავლეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს შენიშვნა შეიტანოს მასში და ხელმოწერით დაადასტუროს ოქმის სისწორე. თუ უარს იტყვის მოსწავლე ხელის მოწერაზე შენიშვნას თავად მანდატური შეიტანს ოქმში და განმარტავს ხელისმოწერაზე უარი თქმის მიზეზს.
კანონის პროექტის თანახმად, იგეგმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ასევე მანდატურის სამსახურს შორის თანამშრომლობა კოორდინაციის, ინფორმაციის მიმოცვლისა და ერთობლივი პრევენციული ზომების გატარების მიზნით. არ არის დაკონკრეტებული რა სახის ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს, რას გულისხმობს თანამშრომლობა, ვის ექნება აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა, რა მიზნით შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია გამოყენებული, ზოგადად, რამდენად დაცული იქნება მოსწავლეების პერსონალური მონაცემები (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) და ხომ არ გამოიწვევს ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზედმეტ აქტიურობას იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დანაშაულის ჩადენის რეალური რისკის მატარებელნი. გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე, არ არის განსაზღვრული რა სახის პრევენციული ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების მიმართ, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციის ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად, ეფექტიანად გამოყენება შესაძლოა ვერ მოხდეს.
აუცილებელია შეიცვალოს და ძირეულად გადაიხედოს მანდატურების არსებული სატრენინგო კურსის შინაარსი. მნიშვნელოვანია გადამზადების პროგრამა ორიენტირებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უკეთ სწავლებაზე და არ მოიცავდეს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ისეთი უნარების სწავლება, რომლებიც უზრუნველყოფს მანდატურის მიერ ნებისმიერი სიტუაციის დროს ბავშვის პატივის და ღირსების დაცვას.
პრევენციის მექანიზმზე მსჯელობისას უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კონტროლზე და მანდატურის სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებაზე აქცენტის გაკეთება სწრაფი და მოკლევადიანი შედეგის მისაღებად, არამედ გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული პრევენციის ღონისძიების სახით სკოლებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებაზე მსჯელობა, შესაბამისი კონცეფციის, სტანდარტის, გაიდლაინისა და ინსტრუმენტების საფუძველზე ყველა სკოლაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ მყარი და გრძელვადიანი პრევენციის მექანიზმი.
ძალიან მნიშნელოვანია კოალიცია ჩაერთოს, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების სამუშაო პროცესში, რაც გულისხმობს სამინისტროებში სამუშაო პროცესს/სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის და პირობების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის მოსამზადებელი კურსების შემუშავების პროცესში მონაწილეობას და არა მხოლოდ საპარლამენტო განხილვაზე დასწრებას.
ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ განხილულ პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოო არ არის და პრევენციის მექანიზმის გაუმჯობესების კუთხით დისკუსია გაგრძელდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს სკოლებში თანაბრად იყოს დაცული, როგორ ბავშვის უსაფრთხოება, ასევე მათი უფლებები.
-
საქართველოს ბავშვები
-
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
-
საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
-
გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
-
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
-
World Vision საქართველო
-
პარტნიორობა ბავშვებისათვის
-
პირველი ნაბიჯი საქართველო
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
-
ასოციაცია ანიკა
-
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
-
თანადგომა
-
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"
-
ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
-
მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
-
საქართველოს კარიტასი
-
"სტუდია ეიდისი“
-
ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
-
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
-
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
-
მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
-
ჩვენი სახლი საქართველო
-
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
-
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
-
საზოგადოება „ბილიკი“
-
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
-
კავშირი “იმედიპლიუსი“
-
ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
-
სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
-
კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
-
კავშირი "ორიონი"
-
ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
-
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
-
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
-
დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
-
პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
-
“ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”
-
ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
-
ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
-
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
-
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი