21 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ საუთიევამ მერიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს გააცნო სექტორთა შორის თანამშრომლობის მოდელი, მრჩეველთა საბჭოს სტრუქტურა და მიზნები. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს თემში არსებული პრაქტიკული შემთხვევა, გამოკვეთეს უწყებების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობა და დაისახეს ინტერვენციის გეგმა.
ასევე, მერიის თანამშრომლებმა სულიკო ჩხიკვაძემ და თეა შარაშიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მერის წარმომდგენლებთან და უმცროს სპეციალისტებთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქმედო ინსტრუქციის გაცნობის მიზნით. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ საუთიევა. შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა და ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის თანამშრომელმა მონაწილეებს გააცნეს სოციალური პროგრამები და სამუშაო მიმართულებები.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება. ასევე, გააძლიეროს უწყებათაშორისი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ძლიერი და მდგრადი კავშირის განვითარებას ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის (მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბაღები და სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები) და მათი მგრძნობელობის გაზრდას ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის მოწყვლადობის საკითხების მიმართ.