27 ნოემბერს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მარნეულის შშმ პირთა საბჭოს წევრებთან საბჭოს დადგენილებისა და მუშაობის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა თბილისის მერიის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სმენის არმქონე, უსინათლო და ეტლით მოსარგებლე პირები, შშმ ბავშვების მშობლები და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.
შეხვედრის მსვლელობისას გაზიარებულ იქნა თბილისის მერიის შშმ პირთა საბჭოს გამოცდილება, მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შშმ პირთა საბჭოს მუშაობის თემატური პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო შშმ პირთა საბჭოს შექმნის შესახებ საკითხის განხილვას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ადვოკატირება ეფექტური სოციალური პროგრამების დაგეგმვისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინასური მხარდაჭერით.