საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის არ ჯანმრთელობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობითა და მხარდაჭერით შეხვედრა გამართა აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის შუალედური შედეგების წარდგენას და პროექტში მომართვიანობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა კლინიკების ჩართულობის უზრუნველყოფას.
შეხვედრა გახსნა აჭარის არ ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ ქ- ნმა ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და რეგიონის მზაობას პილოტირების პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორმა ქ-ნ-მა ქეთი გიგინეიშვილმა გააცნო პროექტის მიღწევები და გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა კლინიკებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სტატუსის მაძიებელი პირების მცირე მომართვიანობას. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა პროექტის სამომავლო გეგმებზე და პროექტის მიმდინარეობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სადემონსტრაციო შემთხვევა და ფუნქციური შეფასებისა და შემთხვევის მართვის მნიშვნელობა შშმ პირის სტატუსის მინიჭების პროცესში. მონაწილეებმა და კლინიკების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს რის შედეგადაც დაიგეგმა საინფორმაციო სახის შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან პროექტში მონაწილე პირთა გაზრდისა და სხვადასხვა კლინიკებიდან გადმომისამართების პროცედურის გამარრთვის მიზნით.
საპილოტე პროექტი ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის დანერგვას რაც გულისხმობს სტატუსის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფუნქციონირების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მაძიებლების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის საჭირო მომსახურებების განსაზღვრა, რაც სოციალური მოდელის დანერგვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის პილოტირება მიმდინარეობს სტატუსის დადგენის ოფიციალური პროცესის პარალელურად და არ ახდენს ზეგავლენას არსებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე.