2020 წლის 15 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მერის წარმომადგენლებს პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ გააცნეს. შეხვედრის დროს წარდგენილი იყო პროექტის მიზანი, დაგეგმილი აქტივობები და მუნიციპალიტეტის როლი პილოტის წარმატებით განსახორციელებლად.
შეხვედრას მერის 15-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი დაინტერესდნენ, როგორ ხდება პროექტისადმი მომართვა და რა სარგებელს მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან სტატუსის მაძიებლები პილოტში ჩართვის შემთხვევაში. მათ გამოკვეთეს რამდენიმე ოჯახი საკუთარ თემში, რომელთა ინფორმირება და პილოტში ჩართვაც შესაძლებელია. დაიგეგმა მერის წარმომადგენელთა და ფუნქციური შეფასების სპეციალისტთა თანამშრომლობა ამ კუთხით, ასევე, სათემო შეხვედრების ორგანიზება ინფორმაციის გასავრცელებლად.
ასოციაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორი - ქეთევან გიგინეიშვილი, ასევე, პროექტის კოორდინატორი გურანდა თეთრაძე და ფუნქციური შეფასების სპეციალისტები იამზე ნადირაძე და მარი ნატრიაშვილი. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში რეგიონში იმყოფებოდა ადგილობრივი ექსპერტი მაგული შაღაშვილიც, რომელიც პროექტის შუალედურ შეფასებას ახორციელებს.
პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.