პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში აქტიურად დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრა, პილოტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ამ მიზნით, ივლისსა და აგვისტოში ფუნქციური შეფასების სპეციალისტები შეხვდნენ აგარის (და მასში შემავალი სოფლების - ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი, გურკელი), ვალისა (და მასში შემავალი სოფლების - მეორე შახტა, დიდი/პატარა პამაჯი) და აწყურის თემების მოსახლეობას, რომელთა შორისაც იყვნენ სოფლის ექიმები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და სხვა.
შეხვედრების დროს სპეციალისტებმა მოსახლეობას გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის არსი და პილოტში რაც შეიძლება მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ან სტატუსის მაძიებლის ჩართვის მნიშვნელობა.
მოსახლეობა განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული მოდელის სარგებლიანობითა და სოციალური მომსახურებებით. დაიგეგმა რამდენიმე პირთან ოჯახში ვიზიტიც, შეფასების მიზნით. მოსახლეობას დაურიგდა ბროშურები და ფუნქციური შეფასების სპეციალისტების საკონტაქტო ინფორმაცია, თემში გასავრცელებლად.
სათემო შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და პილოტში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვა. მსგავსი ტიპის შეხვედრები იგეგმება სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მთელი სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით.
სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. მას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.