პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში მომართვიანობის დონის გაზრდის გამო ახალი კადრების აყვანის საჭიროება დადგა, რის საპასუხოდაც მიმდინარეობს კადრების შერჩევა და მათი გადამზადება.
ახალციხეში, ასპინძასა და ახალქალაქში შერჩეული კანდიდატები ხანგრძლივ და ინტენსიურ ონლაინ ტრენინგს გადიან ფუნქციური შეფასებისა და შემთხვევის მართვის საკითხებზე. ტრენინგის შემდგომ, ტესტირებისა და ტრენერთა რეკომენდაციის საფუძველზე შეირჩევიან კადრები, რომლებიც ახალციხესა და ახალქალაქში დასაქმდებიან ფუნქციური შეფასების სპეციალისტებად.
რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, პილოტისთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების მოცვაც, შესაბამისად კადრების შერჩევისას აქცენტი გაკეთდა სწორედ ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური, რუსული) მოსაუბრე კანდიდატებზე.
ამ ეტაპისთვის პილოტში სამი ფუნქციური შეფასების სპეციალისტია დასაქმებული, რომლებიც შემთხვევის მართვასაც ითავსებენ.
სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. მას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.