საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება მთავარ არხზე სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ სიუჟეტთან დაკავშირებით:
“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სამუშაო სოციალური მუშაკისგან, კონკრეტულად კი, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან“ კომპლექსურ და ხანგრძლივ მუშაობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხის განხილვაც მხოლოდ ერთი მხრიდან არ მოხდეს. ინფორმაციის ასე გავრცელებით ძალიან დიდი საფრთხე ექმნება პროფესიას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროფესიას ემსახურებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში კი ბავშვები და მათი ოჯახები არიან, ამიტომაც მათი ინტერესი პირველ რიგში უნდა იქნას გათვალისწინებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველამ - როგორც მედია საშუალებებმა, ისე უწყებებმა თუ დაინტერესებულმა პირებმა - აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ თავად ბავშვზე ზრუნვის სისტემას აქვს ხარვეზები, შესწავლილ იქნას დეტალები და ისე გადმოიცეს ამბავი. აქვე, საყურადღებოა, რომ სოციალური მუშაკის მიმართ ვრცელდება სიძულვილის და მუქარის შემცველი ტექსტები, რაც ყოვლად დაუშვებელია და საფრთხის წინაშე აყენებს როგორც მას, ისე სხვა სოციალურ მუშაკებსაც, რომლებიც პარალელურად მუშაობენ. საზოგადოებას ვთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდონ ყველა მსგავს შემთხვევას და თავი აარიდონ სიძულვილისა და აგრესიის წარმოშობას იმ პროფესიონალების მიმართ, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას ემსახურებიან.”