პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დისტანციური შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისა და მათთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის შუალედური ანგარიში, ასევე, სფეროში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები, რომლებშიც ასოციაცია აქტიურად არის ჩართული. შეხვედრას უძღვებოდნენ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი.
მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროექტში ჩართულმა ფუნქციური შეფასების სპეციალისტებმა და ექიმებმა. აჭარაში ანალოგიურ პროექტში მონაწილე პირმა კი გააზიარა პროექტში საკუთარი ჩართულობის გამოცდილება. დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს სფეროში არსებული გამოწვევები და დაისახა თანამშრომლობის გეგმაც.
პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის" ტექნიკური მხარდაჭერით და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.