ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე

2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 თებერვალი გამოაცხადა სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღედ. სოციალური სამართლიანობის მიზანია საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების წევრებისთვის რესურსების, შესაძლებლობებისა და სოციალური პრივილეგიების თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.

სოციალური სამართლიანობა ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს: რესურსების ხელმისაწვდომობას, სამართლიანობას, მონაწილეობას, მრავალფეროვნებას და ადამიანის უფლებებს, რომელთა უზრუნველყოფაც სახელმწიფოთა მხრიდან საზოგადოების თითოეული წევრისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა წარმოადგენს ყველა საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას. სოციალური სამართლიანობის მისაღწევად, ქვეყნების მთავრობებმა უნდა აიღონ ვალდებულება, შექმნან სამოქმედო ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის განვითარებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს სოციალური უსამართლობის საკითხზე მსოფლიოს მასშტაბით და მოითხოვოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გააუმჯობესებს მდგომარეობას და შეამცირებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: სიღარიბე, გარიყულობა, დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, გენდერული უთანასწორობა, სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის ხელმიუწვდომლობა.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღის აღნიშვნას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეამცირებს სოციალურ უსამართლობასა და უთანასწორობას და დაფუძნებული იქნება ადამიანთა ძირეული უფლებების პატივისცემაზე.