2014 წლის 1 მარტიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე.
ამ დღის მიზანია დისკრიმინაციის დაუშვებლობა ადამიანებს შორის, რომლებიც განსხვავდებიან კანის ფერის, რასის, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროფესიის, გენდერული იდენტობის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის თუ სხვა ნიშნით. დისკრიმინაცია, რომელიც სხვადასხვანაირად შესაძლოა იყოს გამოხატული, აღრმავებს უთანასწორობას ადამიანებს შორის.
უთანასწორობა ახალ გამოწვევას არ წარმოადგენს და დღესდღეობით მწვავედ დგას სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით, განსაკუთრებით COVID 19-ის პანდემიის პირობებში. ნულოვანი დისკრიმინაციის დღის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოში გლობალური სოლიდარობის მიღწევას, რათა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოხატულება. ასევე, მიმართულია საზოგადოებაში ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნისკენ, , ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.
2021 წლისთვის ნულოვანი დისკრიმინაციის თემას წარმოადგენს „ნულოვანი დისკრიმინაცია ქალებისა და გოგონების მიმართ“ (UNAIDS), რაც ქალებისა და გოგონების შესაძლებლობების წახალისებისკენ და ზრდისკენ არის მიმართული.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ნულოვანი დისკრიმინაციის მსოფლიო დღეს და მიიჩნევს, რომ თითოეული ადამიანის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა პოლიტიკამ დაიცვას ინდივიდების უფლებები და ამასთან ყურადღება მიაქციოს დაუცველი, მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს.