ქალთა საერთაშორისო დღე 1910 წლიდან აღინიშნება. იგი ეფუძნება ქალთა ფართო მასშტაბიან მოძრობას, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობას, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას და გაუმჯობესებას. წლების განმავლობაში, ქალთა საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ქალები გამოდიოდნენ და იბრძოდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად, რამაც ბევრ ქვეყანაში შედეგი გამოიღო.
საქართველოშიც წლებია აღნიშნება ქალთა საერთაშორისო დღე. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ქალები და გოგონები ჯერ კიდე მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, ასევე გენდერული თანასწორობის მხრივ, რასაც ბოლოდროინდელი არა ერთი შემთხვევა ცხადყოფს. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიხედვით, ხშირად ქალები და გოგონები ხდებიან ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები; იმატა ფემიციდის ნიადაგზე ჩადენილმა მკვლელობებმა. აღსანიშნავია, რომ დღემდე არაა შემუშავებული მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმები, ნაკლებია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, ნაკლებია ცოდნა საგამოძიებო ორგანოებში და სასამართლოში, თუ რა შემთხვევები უნდა იქნას მიჩნეული გენდერული მოტივებით ჩადენილ დანაშაულად.
ამასთან, ქვეყანაში მწვავედ დგას ადრეული ქორწინების საკითხი, განსაკუთრებით კი, ეთნიკურ უმცირესობებში. ხშირია 18 წლამდე ასაკს მიუღწეველი გოგონების გათხოვება ან იძულებით დანიშვნა, ასევე, ადრეული ორსულობის ფაქტები. 2019 წლის მონაცემებით, 16-დან 19 წლამდე 1900-ზე მეტი გოგონა ოფიციალურად დაქორწინდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისიის 2020 წლის “ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების” ანგარიშის მიხედვით კი 2018 წელს 715 არასრულწლოვანი დარეგისტრირდა დედად.
კიდევ უფრო მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების უფლებრივი მდგომარება, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობთ და, მეორე მხრივ, ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებთან მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებლით. აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, დაბალია სამედიცინო პერსონალის, მომსახურების მიმწოდებლების, ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის ცოდნა და მომზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის. დღემდე გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის ქალების და გოგონების რეაბილიტაციის საკითხები. არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან ხანდაზმული ქალებიც.
საგულისხმოა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც:
- 2018 წელს 715 არასრულწლოვანი დარეგისტრირდა დედად’;
- 2019 წლის მონაცემებით, 16-დან 19 წლამდე 1900-ზე მეტი გოგონა ოფიციალურად დაქორწინდა;
- 2020 წელს ოჯახში ძალადობის 12 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 10 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა;
- 2021 წლის თებერვლა-მარტში, ოფიციალურად 5 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანის გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედების მუხლით.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ქალებსა და გოგონებს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას, უფრო მხარდამჭერ სახელმწიფოსა და საზოგადოებას უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველსაყოფად და თქვენი შესაძლებლობების რეალიზებისთვის!