2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყატარის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც ყოველწლიურად 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების მსოფლიო დღედ აცხადებს.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობა. საქართველოში კი, სამწუხაროდ არ არსებობს აუტიზმის შესახებ ზუსტი სტატისტიკა.
აღსანიშნავია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან უმნიშვნელოვანესია სოციალური მუშაკების ჩართულობა და მუშაობა. სოციალური მუშაკები მხარს უჭერენ ოჯახებსა და ინდივიდებს გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს, შეიძინონ საჭირო უნარები და შეძლონ დამოუკიდებლად ფუნქციონირება. ამისთვის ისინი აუტიზმის მქონე პირებთან და მათ ოჯახებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ; კერძოდ: უწევენ კონსულტაციებს, აწვდიან ინფორმაციას საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების შესახებ, კოორდინაციას უწევენ და მართავენ აუტიზმის მქონე ადამიანთა შემთხვევებს თავიანთი დასაქმების ადგილებში, მუშაობენ თერაპიულად აუტიზმის მქონე ადამიანებთან და მათ ოჯახებთან და ახორციელებენ აუტიზმის მქონე ადამიანების ადვოკატობას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
წლევანდელი წლის აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თემას წარმოადგენს „ინკლუზია დასაქმების ადგილებზე: გამოწვევები და შესაძლებლობები პოსტ პანდემიურ სამყაროში”. 2021 წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად დაგეგმილია ონლაინ ღონისძიებები, რომელიც მოიცავს პანელურ დისკუსიებს აუტიზმის მქონე პირების ჩართულობით, სადაც ისინი თავად ისაუბრებენ იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც შრომის ბაზარზე ჰქონდათ.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საზოგადოების წევრებში ცნობიერების ამაღლება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
გიზიარებთ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ლინკს.
ასევე, გიზიარებთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია მშობლის თვალით დანახული აუტიზმის მქონე ბავშვის ყოველდღიურობასთან დაკავშირებილი ემოციები.