28 ივლისი ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა და 2011 წლიდან აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით. ამ დღის მიზანს წარმოადგენს დაავადებასთან ბრძოლა და ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
ჰეპატიტის ხუთი სახეობა არსებობს: A, B, C, D და E ვირუსი. ამ დროინდელი მონაცემებით მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანი არის ინფიცირებული B და C ჰეპატიტით, ყოველწლიურად იღუპება 1,4 მილიონი ადამიანი და ამ მაჩვენებლით ეს დაავადება ტუბერკულიოზის შემდგომ მეორე ადგილს იკავებს.
საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ამ დაავადების მკურნალობა ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. მედიკამენტების მაღალი ფასის გამო უამრავი ადამიანი ვერ ახერხებდა მკურნალობას, არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამები, საზოგადოებაში ცნობიერების დონე იყო დაბალი და არ იყო შემუშავებული პრევენციული მექანიზმები. თუმცა 2015 წლის მაისიდან ამოქმედდა ე.წ. „ელიმინაციის პროგრამა“ რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. პროგრამა უფასოდ გასცემს უახლესი თაობის მედიკამენტებს და ბოლო მონაცემებით, განიკურნა 60 000 პაციენტი. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს და ითვალისწინებს საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებას დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის მონაცემებით, სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მილიონ ადამიანს, აქედან კი დადებითი პასუხი 7.8%-ს აღმოაჩნდა, რაც მკვეთრად შემცირებული ოდენობაა.
პროგრამის ეფექტიანობის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც რჩება გარკვეული გამოწვევები - 2019 წელს, 16 000-ს აჭარბებდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც დაუდგინდა აქტიური C ჰეპატიტი, თუმცა არ მიუმართავთ მკურნალობისთვის. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მთავარი ბერკეტს ვირუსთან ბრძოლაში წარმოადგენს საზოგადოების პასუხისმგებლიანობის გაზრდა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და აქტიურობა პაციენტის მკურნალობაში ჩართვის მიზნით.
სოციალური მუშაკის როლი ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევები და გამორიცხოს ყველა შესაძლო საფრთხე, რაც ბენეფიციარის კეთილდღეობისა და გამოჯანმრთელების საკითხს უშლის ხელს. უპირველეს ყოვლისა, სოციალური მუშაკის მხრიდან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა, რადგან დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტი საჭიროებს რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას და დახმარებას, პიროვნული ძალებისა და არსებული რესურსების იდენტიფიცირებას, რაც საბოლოოდ იქნება ქმედითი ნაბიჯები დაავადების დასამარცხებლად. ამიტომაც, განსაკუთრებით აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მუშაკების არსებობა ამ მხარდასაჭერის აღმოსაჩენად.
სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან დაავადების პრევენციის მიზნით კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას. ასევე, მნიშვნელოვანია დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება.