1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წლიდან აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 809 781 ხანდაზმული (60+) მოქალაქეა, რომელთაგან პენსიის მიმღებია 783 705 ათასი, ხოლო პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 958 317 ათას შეადგენს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყნის დაბერებაზე და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებაზე. ამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევების თანახმად 2030 წლისთვის 60 წლის და ზევით მოსახლეობის რაოდენობა 45 %-მდე გაიზრდება.
საქართველოსთვის, როგორც სხვა ბევრი ქვეყნისთვის, გამოწვევას წარმოადგენს ხანდაზმულთა ღირსეული და ჯანსაღი დაბერების პროცესი და მათი უფლებების დაცვა, რაც კიდევ უფრო პრობლემური და მწვავე გახდა COVID-19 პანდემიის პირობებში. გარდა იმისა, რომ პანდემიას პირდაპირი გავლენა აქვს მათ ჯანმრთელობაზე, ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს 60 წლის და ზემოთ მოსახლეობის სიღარიბეზე, დისკრიმინაციაზე და იზოლაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა ოჯახში ძალადობა, უგულვებელყოფა, დისკრიმინაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს ხანდაზმულთა (60+) უფლებების დაცვას და საჭირო სერვისების მიწოდებას.
2017 წელს შემუშავებული „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომელიც ეყრდნობა მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმას დაბერების შესახებ, დღემდე არაა სრულყოფილად შესრულებული და საჭიროებს განახლებას.
საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიშის -„ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ მიხედვით ქვეყანაში არსებული გამოწვევები მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე და არა ინდივიდუალურზე. რომელთა შორის აქტუალურია საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის და ეროვნული სამოქმედო გეგმის არ არსებობა, ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა და მათ შორის ოჯახში ძალადობა, რომლის შესახებაც არ წარმოებს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. ამ ყოველივეს თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, საცხოვრებელი პირობების და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმიუწვდომლობა, ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.
დღეისათვის, საქართველოში ფუნქციონირებს ხანდაზმულთათვის მხოლოდ ორი რეზიდენტული დაწესებულება, თბილისსა და ქუთაისში, სადაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრუნვა. ამასთან, ქვეყანის მასშტაბით ფუნქციონირებს 15 სათემო ორგანიზაცია, რომელიც მომსახურებას უწევს მხოლოდ ხანდაზმულ პირებს. თუმცა, კვლევებიც მიუთითებენ მომსახურებების სიმწირის პრობლემაზე. გარდა სათემო ორგანიზაციებისა, საქართველოს 5 დიდ ქალაქში ხორციელდება შინმოვლის სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, 2021 წლიდან ქალაქ დმანისსა და გორში დაიწყო შინმოვლის მომსახურების პილოტი, რომელსაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ორგანიზაცია „თანხმობა“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოპერაციული უწყების დაფინანსებით, რომელსაც ხელმძღვანელობს Hilfswerk International.
სოციალური მუშაკის როლი ხანდაზმულთა საკითხებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია, ზემოთ განხილული საკითხებიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგანან ხანდაზმულები. ამასთან სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი მომსახურებები, ვერ ხდება ძალადობის შემთხვევების ეფექტურ მონიტორინგი, ასევე მნიშვნელოვანია გააქტიურდეს 60+ პირების აქტიური დაბერების მიმართულებით ზრუნვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, სოციალური მუშაკის როლის გაზრდა მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ღირსეული და ჯანსაღი დაბერების პროცესში, მათი უფლებების დაცვის პროცესში მხარდაჭერის, ხანდაზმულთა გაძლიერების თუ უფლებების ადვოკატობის მიმართულებით. აქაც სოციალური მუშაკის როლის სწორად დანახვა მნიშვნელოვანია როგორც მომსახურებების მიმწოდებლების, ისე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ.
სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომლის მთავარი თემა 2021 წელს არის „ციფრული თანასწორობა ყველა ასაკისთვის/Digital Equity for All Ages“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხანდაზმულების ჩართვას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.