ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

3 დეკემბერი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.

დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1992 წელს დააწესა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას საზოგადოებისა და განვითარების ყველა სფეროში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენს ქვეყანაში გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება 2013 წლის დეკემბერში მოხდა, ძალაში კი 2014 წლის მარტში შევიდა.

კონვენცია განმარტავს შეზღუდულ შესაძლებლობას, როგორც დინამიურ ცნებას და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ იმ გარემო ფაქტორებსა და საზოგადოების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულებაზე, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადობრივ ცხოვრებაში პირის თანაბარ მონაწილეობაზე. შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანის და მისი გარემოს ურთიერთქმედების შედეგია და არა მხოლოდ პიროვნების მახასიათებელი.

ამ განმარტებით კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მიდგომის საპირისპიროდ ბიოფსიქოსოციალურ მოდელს გვთავაზობს. შესაბამისად, ბიოფსიქოსოციალური მიდგომის მიხედვით, ფოკუსი ინაცვლებს პიროვნებიდან საზოგადოებაზე და ვსაუბრობთ პირის უფლებების და შესაძლებლობების უგულებელყოფაზე.

ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მოდელი მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროსა და ასპექტს -  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრიდან დაწყებული, მომსახურებების ხელმისაწვდომობითა და საზოგადოების დამოკიდებულებებით დასრულებული. პირის უფლებებსა და შესაძლებლობებზე საუბარი, ადამიანის დანახვა მისი დიაგნოზის მიღმა არის სწორედ წინაპირობა იმისა, რომ ყველამ შეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და დამოუკიდებლობის მიღწევა.  ამიტომაც უმნიშვნელოვანესია როგორც სისტემური ცვლილებები, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.

„ბიოფსიქოსოციალური მოდელი − პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრის, გაზომვისა და პოლიტიკის ფორმირების მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის/ორგანოთა სისტემის, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირს ერთობლიობაში განიხილავს.“ - ვკითხულობთ საქართველოს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.

ბიოფსიქოსოციალური მოდელი არ ახდენს ფიზიკური, სენსორული, ინტელექტუალური და ფსიქიკური დარღვევების  უგულვებელყოფას, რის შესახებ კრიტიკას ხშირად ვაწყდებით ამ მოდელის შესახებ საუბრის დროს. სინამდვილეში ის ადამიანის განვითარებას და ფუნქციონირებას განიხილავს ჰოლისტურ ჭრილში. ის ფოკუსირდება გარემო ფაქტორებზე, რომლებმაც არ უნდა შეზღუდოს ადამიანი ყოველდღიური ფუნქციონირებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად მონაწილეობისგან. შესაბამისად, ბიოფსიქოსოციალური მოდელი მოიცავს ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყოველდღიური საქმიანობისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ფუნქციებს, უნარებს და არსებულ რესურსებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ახსენებს წევრ სახელმწიფოებს, რომ არსებობს რიგი ბარიერები და პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ადამიანის ძირითადი უფლებებით და თავისუფლებით სარგებლობა შეძლონ.

თავის მხრივ ძალიან საინტერესო ჩანაწერი არსებობს საქართველოს კონსტიტუციაშიც, კერძოდ, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო განსაკუთრებულ პირობებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. ეს ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დიდ ძალას აძლევს და შესაძლებელია იმ არაერთი გამოწვევის საპასუხოდ იქნეს გამოყენებული, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები აწყდებიან.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სტატუსის განსაზღვრის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირებას.

ამ დროის განმავლობაში მუშაობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეფასებებიდან გამოიკვეთა როგორც  სისტემური, ასევე დამოკიდებულებითი ბარიერები.

გამოწვევები იწყება არსებული სამედიცინო მოდელის მიხედვით სტატუსის მინიჭების პროცესშივე. დღევანდელი სისტემა ვერ ხედავს  ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიღმა და ეყრდნობა მხოლოდ დიაგნოზებს - შეფასებისას არ ხდება იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს  სამედიცინო დიაგნოზი ბავშვის/ზრდასრული პირის ფუნქციონირებასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არ ხდება ბავშვის/პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებაზე დაფუძნებულ მიდგომას. ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით სტატუსის განსაზღვრის სისტემის დანერგვის პროცესში კი სწორედ ინდივიდუალურ მიდგომასა და საჭიროებებზე ვსაუბრობთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად აწყდებიან სირთულეებს სხვადასხვა რესურსის არარსებობის გამო. რესურსების არარსებობა გულისხმობს:  საჭირო სარეაბილიტაციო მომსახურებების ნაკლებობას ან საერთოდ არ არსებობას, არაადაპტირებულ მომსახურებებს, სამედიცინო მომსახურების მიღების სირთულეებს - დაწესებულებაში არსებულ ბარიერებს და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის პრობლემას, დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემას, დამხმარე სპეციალისტების ნაკლებობას, უნივერსალური დიზაინის არ არსებობას ქვეყანაში და ა.შ.

აუცილებლად გასათვალისწინებელია განათლებისა და დასაქმების საკითხები, ოჯახების ინფორმირებულობა, გაძლიერება და ხელშეწყობა, როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და  მათი ოჯახებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებისთვის.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სამწუხაროდ, ხშირად მიუწვდომელია: ტრანსპორტი, ქუჩები, სავარჯიშო თუ სათამაშო მოედნები, კვების ობიექტები, სხვადასხვა დაწესებულები, გასართობი ობიექტები, კინო, თეატრი, კლუბი და ა.შ., რომლებიც არაა ადაპტირებული და მორგებული საზოგადოების თითოეულ წევრზე. როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ როლსა და რეალურ მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია ამ ყველაფრის უგულებელყოფა.

ბიოფსიქოსოციალური მოდელი გულისხმობს, რომ თითოეული პირი, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა, არის საზოგადოების ღირსეული და ღირებული წევრი.  სახელმწიფოს კი აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დისკრიმინაციის ყველა ფორმის გარეშე ხელი შეუწყოს ყველა ადამიანის ინკლუზიას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს, როდესაც მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, აუცილებელია ამ დღის აღნიშვნა რეალურ ქმედებებსა და ნაბიჯებში გადაიზარდოს და განხორციელდეს ცვლილებები მთელი საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს და იმედოვნებს რომ სახელმწიფო ზემოხსენებულ გამოწვევებზე საპასუხო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობით. ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს მხარდაჭერა გაუწიოს როგორც თემის წევრებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს ამ უმნიშვნლეოვანეს პროცესში.