5 დეკემბერს მსოფლიოში, გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დღე შესაძლებლობას აძლევს მოხალისეებს აღნიშნონ თავიანთი ძალისხმევა, გააზიარონ თავიანთი ღირებულებები და ხელი შეუწყონ მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას თემში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.
ყოველწლიურად ათასობით მოხალისე მსოფლიოს გარშემო ცდილობს ხელი შეუწყოს მშვიდობასა და განვითარებას სხვადასხვა სფეროში.
მოხალისეობა ეს არის უანგარო, ნებაყოფლობითი საქმიანობა საზოგადოების საკეთილდღეოდ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცვლილებების პროცესში. მოხალისეობის კულტურა ზოგიერთ საზოგადოებაში უკვე ტრადიციულ, დამკვიდრებულ პრაქტიკად ითვლება, ზოგიერთ საზოგადოებაში კი ნელა იკიდებს ფეხს.
2021 წლის მოხალისეთა საერთაშორისო დღის თემაა „გახდი მოხალისე ახლა ჩვენი საერთო მომავლისთის“ და მიზნად ისახავს ხალხის შთაგონებას, რათა ჩაერთონ საზოგადოებისთვის და პლანეტისთვის სასარგებლო საქმიანობაში.
კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულნი მოხალისეობრივ საქმიანობაში, რაც განპირობებულია არასათანადო ინფორმირებით, მოხალისეობის ტრადიციის ნაკლებობით, სოციალური პრობლემებით და შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობით.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო რეგულირებას და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც წახალისებული იქნება მოხალისეობრივი საქმიანობა!