ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი - მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, სახელმწიფოს, მსოფლიოს ბავშვთა უფლებები, მათი დაცვის აუცილებლობა და ბავშვთა დაცვასთან ასოცირებული საკითხების შესახებ, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხაზს უსვამს ყველა ბავშვის უფლებას იცხოვროს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.
მსოფლიოს მასშტაბით, 1 ივნისი სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ბავშვს უწევს ურთულეს პირობებში ცხოვრება. განსაკუთრებით უკრაინის ომის პირობებში, სადაც უამრავმა ბავშვმა თავის თავზე გამოსცადა და ნახა ომის საშინელი შედეგები და დღესაც უწევთ ამ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. ამასთან, საომარ მოქმედებებს ასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრი მათგანი დაშავდა, დაობლდა, იძულებულები გახდნენ თვეების განმავლობაში, თავის გადასარჩენად ყოფილიყვნენ მიწისქვეშა თავშესაფრებში ან დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები საქართველოშიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელთა შორის უმთავრესია ბავშვთა სიღარიბე, რომელიც ყოველ წლიურად სულ უფრო იზრდება. 2023 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“ ნათქვამია, რომ:
• ფინანსური პრობლემების გამო ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას 16-დან სულ მცირე სამი საჭიროებით
• სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 % არ დადის საბავშვო ბაღში
• 6-დან 17 წლამდე ბავშვების 2%-მდე განათლების სისტემის მიღმაა დარჩენილი
• ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ საგანმანათლებლო მასალებზე
• საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლავ გამოწვევაა კვებით უზრუნველყოფა
• ბავშვების 12% ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას
• გამოწვევად რჩება აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება.
თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანაში არსებობს დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა უფლებების დაცვას და ორიენტირებულია მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. 2019 წელს საქართველომ შეიმუშავა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ეფუძნება „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ასევე, აღსანიშნავია სოციალური მუშაკების უდიდესი როლი ბავშვთა დაცვის სფეროში ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტის სახით აქტიურად მუშაობს სახელმწიფოსთან ერთად, რათა განვითარდეს და გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის სისტემა ქვეყანაში და დაიხვეწოს რეაგირების მექანიზმები. ბავშვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი მომსახურებების შექმნა, პროგრამების განვითარება და ხელმისაწვდომობა, სოციალური მუშაკებისა და ბავშვთან მომუშავე სხვა პროფესიონალების გაძლიერება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და კადრების სათანადო ოდენობის უზრუნველყოფა.
ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმები გამყარებული იყოს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების ცვლილებით. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და უსაფრთხოება მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში. შესაბამისად, სამომავლოდ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ჩართულობით გეგმავს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა დაცვის სფეროში სოციალური მუშაკის როლის შესახებ. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებებსა და სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვს უსურვებს კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახს, ძლიერ და მხარდამჭერ პროფესიონალებს!