ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სივრცე, რომელიც სტერეოტიპებმა წაგვართვეს


თამარ საუთიევა
სოციალური მუშაობის მაგისტრი


   ხშირად ვფიქრობ ქალთა მდგომარეობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე, წახალისებულ ძალადობაზე და, ზოგჯერ, უსუსურობის განცდა მიპყრობს.
   ზოგჯერ ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვხარშავ, უფრო ხშირად კი, ხმამაღლა ვსაუბრობ, ვმსჯელობ ადამიანებთან, ვკამათობ, ვბრაზდები, თან ვცდილობ   კონსტრუქციული ვიყო... უფრო სწორად, ვცდილობდი...
ცოტა ხნის წინ მეგობარმა გაიხსენა, როგორ იეჭვეს მის რეგიონში ქალზე, რომ ქმარს ღალატობდა, ქმარმა ამ ნიადაგზე მოკლა და თითქოს ყველამ გაუგო, რადგან არგუმენტები იყო „მყარი“ - „თუ უღალატა, აბა რას იზამდა?!“, „შეურაცხყოფა ვერ აიტანა“. ესეც არ იკმარეს,  გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია, აღმოჩნდა, რომ „დამნაშავეც“ არ იყო, მერე ალბათ იყო დუმილი, ან არც იყო, არ ვიცი... სადმე შორს გაქცევა მომინდა, თან ძალიან შემრცხვა... 

      ბოლო დროს ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა გავუზიარე   შეცბუნებულმა,  „როცა ქალი ქმარს ღალატობს...“ - მიპასუხა, წინადადება არ დავასრულებინე, ვერც   სიმშვიდე შევინარჩუნე და ყველაფერი ვუთხარი, რაც ვიგრძენი, რასაც ვფიქრობდი.
     საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის ხედვა სწორედ ესაა - დამნაშავე ქალია,  ძალადობა ახსნადი   და მისაღებიც კია - „აბა, გიჟი ხომ არ არის, ისე ეცემა“, „ღირსია“, „ქალები სულ გავიდნენ თავს,   საკუთარი ადგილი აღარ იციან“ -  ყველას ხომ გვსმენია მსგავსი ფრაზები და, ნებსით თუ უნებლიედ,   ვლექავთ სადღაც ტვინში...
   მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, 3 ქალიდან 1 ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის პრობლემა   მწვავედ დგას  საქართველოშიც (7 ქალიდან 1-ია ძალადობის მსხვერპლი); პრობლემის აქტუალობას   ბოლო წლებში მოკლული ქალების რაოდენობაც  ცხადყოფს და ჩვენც შევეჩვიეთ - შევეჩვიეთ   დაგვიანებულ რეაგირებას,  „ოჯახის საქმეში“ ჩაურევლობას, პრევენციული მექანიზმების   არარსებობას, „მიზეზების“ ძებნას... მეტიც, ჩვენ მსხვერპლის გაკიცხვასაც კი შევეჩვიეთ: „რატომ არ   წამოვიდა, თუ ვინმე ძალადობდა?“, „რატომ შეურიგდა?“, „ხმა რატომ არ ამოიღო?“, „პოლიციას რატომ არ მიმართავს?“ და რა მოთვლის კიდევ რამდენი „რატომა“ არის.
     ზოგჯერ ჩვენ, პროფესიონალებიც, ვექცევით ამა თუ იმ სტერეოტიპის ზეგავლენის ქვეშ და ვერ ვუგებთ ბენეფიციარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი თითქოს ბოლომდე გამოვიყენეთ, თითქოს ყველაფერი გავაკეთეთ მომსახურების მომხმარებლის გასაძლიერებლად, მისი დამოუკიდებლად  ფუნქციონირების ხელშესაწყობად - ის კი მაინც უბრუნდება მოძალადე ქმარს.
    ვფიქრობ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სუპერვიზია, კოლეგებთან საუბარი, არაგანსჯითი დამოკიდებულების მნიშვნელობის გააზრება და, რაღაც დროს, ტაიმ-აუტის აღებაც კი, რათა დავფიქრდეთ, რომ მსხვერპლის ამგვარი საქციელი მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: ემოციური მიჯაჭვულობა, ფინანსური მდგომარეობა, დამოუკიდებლობის ან შურისძიების შიში და ა.შ. ასეთ დროს სტერეოტიპებისგან პროფესიონალის გათავისუფლება აუცილებელია, რადგან სოციალური მუშაკი თავისი არსით მხარდამჭერია, არის ის, ვინც არ განიკითხავს,  ვინც ცდილობს გაუგოს და დაანახვოს შესაძლებლობები. არჩევანის გაკეთება კი ყოველთვის ბენეფიციარის პრეროგატივაა და, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მსხვერპლის მიერ გაკეთებული გაცნობიერებული არჩევანი, ჩვენ ის უნდა მივიღოთ კრიტიკის გარეშე.
   არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა რთულია, ვაღიარებ, რომ ზოგჯერ მეც მიჭირს, მაგრამ ძალას ისევ ქალები მმატებენ, ქალები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, იბრძვიან საკუთარი ხმისთვის, იბრძვიან  თანასწორობისთვის - თავისუფალი ქალები.  ასეთი ქალები  ყველგან გვხვდებიან: პრაქტიკაში, სამეზობლოში, სახლში, ქუჩაში... მე სწორედ  ასეთმა ქალმა გამზარდა - დედაჩემმა, რომელსაც არ შეუძლია უსამართლობასთან შერიგება და იბრძვის ყოველდღე. ხან იმარჯვებს, ხან მარცხდება, მაგრამ იბრძვის და ეს  ბრძოლა მეც მასწავლა, ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ქალების მხარდაჭერადაც, ვინც ხმას არ/ვერ იღებს.
    მე მჯერა, რომ დედაჩემისნაირი ქალები ცვლიან რეალობას და რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც არაა ძალადობის ადგილი!