2002 წელი იყო. სოციალური მუშაობა ჯერ კიდევ გზას იკვლევდა და თავს იმკვიდრებდა ბავშვზე ზრუნვის სისტემაში. მე, ახალბედა სოციალური მუშაკი, ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ. თბილისის, გურამიშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციას თითქმის წელიწადი გადმოყვანილი ჰყავდა შპს „სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ 19 აღსაზრდელი, რომელთაც გარდა საკუთრივ დიაგნოზისა, არასათანადო ზრუნვის შედეგად განვითარებული ჰქონდათ კახექსია, ნაწოლები (ძვლამდე დასული იარებით) და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
მაშინ არაფერი ვიცოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, მათ საჭიროებებზე, ასევე, მათთან მუშაობის სპეციფიკაზე. ამ კატეგორიის ბავშვებს იშვიათად თუ შეხვდებოდით თბილისის ქუჩებში, აღარაფერს ვამბობ საბჭოურ სისტემაში აღზრდილ თაობაზე, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ჯანმრთელობის დაცვის საბჭოთა სისტემა ყველაზე გამართული და წარმატებული იყო, შესაბამისად, გვეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იბადებოდნენ დარღვევების მქონე ბავშვები.
2001 წელს, ფონდის ,,პირველი ნაბიჯი საქართველო“ ორგანიზებით, თბილისის სოციალურ მუშაკთა ჯგუფი პირველად იმყოფებოდა შპს ,,კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატში“, სადაც საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებაში. აქ მიღებული შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, სრულიად ,,შიშველი ხელებით“ დავიწყეთ კლინიკაში მყოფი 19 შშმ ბავშვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე მუშაობა.
მგონია - რომ არა ჩვენი პროგრამა და ის ექვსი სოციალური მუშაკი, რთული წარმოსადგენია, რა იქნებოდა ამ ბავშვების სამომავლო პერსპექტივა სენაკის რეზიდენტულ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ. ერთ-ერთი მხარდამჭერი რგოლი სოციალური მუშაკებისთვის ამ პროცესში იყო ბრიტანული ორგანიზაცია ,,ევრიჩაილდი“ (იმ ეტაპზე -,,ევროპის ბავშვთა ნდობა“), რომელიც ყველა ეტაპზე, ტექნიკურ დახმარებას გვიწევდა.
ასე დავიწყე მუშაობა ნიკას შემთხვევაზე, რომელიც იმ ეტაპზე, უკვე 7 წლის იყო. იგი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ბავშვთა ცერებრული დამბლა), ოჯახმა 8 თვის ასაკიდან მიაბარა სახელმწიფო ზრუნვას - ჩვილ ბავშვთა სახლს, საიდანაც, ასაკის შესაბამისად, გადაყვანილ იქნა შპს „სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატში“.
ბავშვის პირველადი დიაგნოზის გათვალისწინებითა და ინსტიტუციურ გარემოში ცხოვრების შედეგად, ნიკას განვითარება უტოლდებოდა 2-3 წლის ბავშვის ასაკს. იგი ვერ მეტყველებდა, გამოთქვამდა ცალკეულ ბგერებს, ვერ ამყარებდა თვალით კომუნიკაციას, ჯდომისას უჭირდა სხეულის დაფიქსირება, ნაკლებად ავლენდა ადამიანებისადმი კომუნიკაციის სურვილს, არ ჰქონდა ელემენტარული ყოფითი უნარ-ჩვევები, თუმცა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ნაკლებად აღენიშნებოდა სტერეოტიპული ქცევა.
ვინაიდან, ყველა ეს ბავშვი დაბადებიდანვე ან ადრეული ასაკიდან მიბარებული იყო სახელმწიფო ზრუნვას (მშობლებმა საკუთარი ნებით უარი განაცხადეს შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობაზე), ჩვენი ძირითადი ფოკუსი იყო მათთვის მინდობით აღმზრდელი ოჯახების პოვნა და, სამომავლოდ, მინდობით აღზრდაში გადაყვანა.
პოტენციურ მინდობით აღმზრდელებად უპირატესად განვიხილავდით კლინიკაში ამ 19 ბავშვისთვის აყვანილ მომვლელებს, რომლებმაც ჩვენი კონსულტაციების შემდეგ გამოთქვეს სურვილი, გამხდარიყვნენ მინდობით აღმზრდელები. მათ გაიარეს მინდობით აღმზრდელთა გადამზადების საბაზისო კურსი, რომელიც მოიცავდა ბავშვის უფლებათა კონვენციის, საკანონმდებლო რეგულაციების, მინდობით აღზრდის, როგორც ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურების, მინდობით აღმზრდელის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას, რაც გაჯერებული იყო თავად მომვლელთა მიერ საქმიანობის პროცესში დაგროვილი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით.
სწორედ, ამ სატრენინგო კურსის ერთ-ერთ დღეს, ჩვენთვის მოულოდნელად, ოფისში მობრძანდა ქალბატონი, რომელსაც გაგებული ჰქონდა აღნიშნული პროცესის დაწყების შესახებ და სურვილი ჰქონდა გამხდარიყო მინდობით აღმზრდელი. მის სურვილსა და მაღალ მოტივაციას ამყარებდა ის გარემოება, რომ მას ჰყავდა უფროსი შვილი, რომელსაც აღენიშნებოდა განვითარების დარღვევები, რომლის გამოჯანმრთელებისთვისაც ოჯახმა დიდი ძალისხმევა გაიღო, თუმცა ამაოდ - ბავშვი გარდაიცვალა. ქალბატონს სურდა მისი შვილისთვის გაუცემელი ზრუნვა და ამაგი გაეღო მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის.
დადგა ის დღე, როდესაც ზემოაღნიშნულ ქალბატონს მეუღლესთან ერთად კლინიკაში უნდა მოენახულებინათ ბავშვები. ნიკა კლინიკის მესამე სართულის ბოლო ოთახში იყო. მოვინახულეთ სხვა ოთახებში მყოფი ბავშვები და ბოლოს შევედით ნიკას ოთახში. სოციალური მუშაობის პროფესიონალები პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს გვასწავლიდნენ, რომ სოციალური მუშაკი უნდა ავლენდეს ემპათიას კლიენტის მიმართ, რომლის პროცესშიც უნდა მართოს საკუთარი ემოციები. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველა ეს მითითება და პროფესიული უნარი უკანა პლანზე იწევს, ვინაიდან ცარიელი ემოციით აღიქვამ მიმდინარე სიტუაციას. როდესაც ცოლ-ქმარი შევიდა ნიკას ოთახში, ნიკა კუთხეში იჯდა (ქოთანზე), გვერდებზე სკამები ჰქონდა მიდგმული, რათა არ დავარდნილიყო. ბუნებრივია, ბავშვს არანაირი მოლოდინი არ ჰქონია, ამიტომ რაც მოხდა, ყველასთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც კი მან ქალბატონი დაინახა, სახე გაუნათდა, ხელები გამოუწოდა და დედა დაუძახა. ყველა იქ მყოფი ჯერ გაირინდა (გვეგონა მოგვესმა), თუმცა მან მეორეჯერ დაუძახა ქალბატონს. შეუძლებელია გადმოვცე ის ემოციები, რომელიც მაშინ დაგვეუფლა კლინიკის პერსონალს, მეუღლეებს, მე.
თავისთავად, სწორედ ეს წყვილი გახდა ნიკას მინდობით აღმზრდელი ოჯახი. ბავშვის ოჯახურ და მზრუნველ გარემოში გადაყვანით საოცარი და დაუჯერებელი დინამიკით წარიმართა ბავშვის შემდგომი განვითარება. ეტაპობრივად მან დაიწყო ჯერ ცალკეული სიტყვების, ხოლო რამდენიმე თვეში 2-3 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა. გაუქრა სტერეოტიპული ქცევები, დაამყარა თვალით კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ხოლო შემდეგ ახლობელ ადამიანებთან. ბრიტანული ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ვიზიტებს ახორციელებდა ოკუპაციური თერაპევტი, რომლის მუშაობის შედეგადაც ბავშვმა დაიწყო საკვების დამოუკიდებლად მიღება, უზურგო ხის სკამზე დაჯდომა. ჩვენი მიმართვით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ნიკას გადასცა ახალი დამხმარე საშუალება - მექანიკური ეტლი. ჩვენს მიერ მოძიებული რესურსით, ბავშვმა დაიწყო სიარული სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც გადიოდა ფიზიკურ რეაბილიტაციას, თუმცა მიუხედავად თერაპიისა, ნიკას აღენიშნებოდა სპასტიკის მომატება, რის გამოც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. არცერთ ეტაპზე, ექიმებს არ მოუციათ იმის იმედი, რომ ბავშვი დაიწყებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას. სარეაბილიტაციო კურსები, ისევე, როგორც ოპერაცია, საჭირო იყო არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის და ფეხებზე არსებული დაჭიმულობის მოხსნისთვის.
ორ წელიწადში, მინდობით აღმზრდელისა და ჩვენი მუშაობის შედეგად, ნიკა ჩაერთო ქ. თბილისის №10 საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასში, სადაც დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა ლექსებისა და არითმეტიკის შესწავლას, თუმცა მეტი წარმატებები ჰქონდა ლექსების დასწავლის მიმართულებით. რაც შეეხება ციფრებს, მიუხედავად იმისა, რომ მინდობით აღმზრდელი ცდილობდა ალტერნატიული მეთოდებითაც 10-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლების სწავლებას, გართულდა მოცემული ამოცანის მიღწევა. თუმცა ნიკასთვის მთავარი იყო საგანმანათლებლო გარემოსა და თემში ინტეგრირების პროცესი.
ჩვენი მხრივ, ასევე, დავიწყეთ ნიკას ბიოლოგიური ოჯახის მოძიება. შეფასების შედეგად დავადგინეთ, რომ დედ-მამა დაშორებული იყო ერთმანეთს. მათ უკვე დამოუკიდებელი ოჯახები ჰყავდათ. დედამ არ ისურვა ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება, არც შემდგომში მასზე მზრუნველობის გაგრძელება. რაც შეეხება მამის ოჯახს, გურჯაანის სოციალური მუშაკებთან თანამშრომლობით, მოხდა ოჯახის მოძიება და შეფასება. საგულისხმოა, რომ არც ერთმა მხარემ არ იცოდა მიტოვების შემდეგ სად და რა ვითარებაში გააგრძელა ცხოვრება მათმა შვილმა. ერთობლივი და ხანგრძლივი მუშაობით, ადგილზე - გურჯაანის სოციალური მუშაკების, ხოლო თბილისში - ჩვენი, შესაძლებელი გახდა ნიკას რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში, სადაც დღესაც აგრძელებს ცხოვრებას.
ბევრი ასეთი სასწაული შეიძლება მოხდეს თითოეული ბავშვის ცხოვრებაში, მთავრია, საჭირო დროსა და ვითარებაში მის გვერდით აღმოჩნდეს პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც სწორად შეაფასებენ საჭიროებებს და სწორად დაგეგმავენ მისი დახმარების გზებს, რითაც სრულიად შეცვლიან ადამიანის მომავალს. ასეთ პროფესონალად მიმაჩნია სოციალური მუშაკი, რომელიც ძლიერი მოტივაციით, კარგი ცოდნითა და აუცილებელი უნარებით აღჭურვილი, ნებისმიერი შემთხვევაში, ხედავს ადამიანს (ბავშვი, მოზარდი, შშმ პირი, ხანდაზმული და სხვა) თავისი შესაძლებლობებითა და განვითარების პერსპექტივებით, ხოლო შემდეგ - საჭიროებებით.
და ბოლოს, სოციალური მუშაკი პროფესიონალიზმის ხარისხს იმაღლებს არა რაოდენობრივი მაჩვენებლით (დასაქმების წლებისა და შემთხვევათა რაოდენობით), არამედ რთულ და დილემურ შემთხვევებთან მუშაობის გამოცდილებით.
გისურვებთ დიდ წარმატებას ყველა ახალბედა და გამოცდილ სოციალურ მუშაკს. გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენი სახით უგზავნის სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანს სასწაულს.